"ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარია..." - სტუმრად ბაღაშვილებთან

სახლი, რომელშიც გია ბაღაშვილი მეუღლე თამუნა ტაბატაძესთან და ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობს, საქორწინო საჩუქარია, თუმცა ხელოვანთა ოჯახი საცხოვრებლად აქ მეოთხე ქალიშვილის შეძენის შემდეგ გადმოვიდა. ალბათ სულაც არაა გასაკვირი, რომ ინტერიერის მოწყობისას 4 შვილის მშობლებმა უპირველესად ბავშვების კომფორტის საკითხი გაითვალისწინეს და ბინაც ისე მოაწყვეს, რომ პატარებს სათამაშოდ დიდი სივრცე და თავისუფლება ჰქონოდათ. ნახატებით გადმოცემული საოცნებო ოთახი შვილებს რეალობად უქციეს და მხოლოდ საბოლოო სახის მიცემის შემდეგ აჩვენეს.

გია: - ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარი გახლავთ, ჩვენი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებთ. მე და თამუნა 2009
წელს დავქორწინდით. იქიდან მოყოლებული ჯერ სახლის დამთავრებას ველოდებოდით, შემდეგ სარემონტო სამუშაოებით ვიყავით დაკავებული. მალე ერთი წელი გახდება, რაც გადმოვედით.



ბინა ჩემს მშობლიურ უბანში, ვაკეშია, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე. ვაკეში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ცხადია, აქაურობა განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი მშობლებიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ. პატარებს განსაკუთრებით უხარიათ ბებია-ბაბუასთან სტუმრობა. გარდა ამისა, სკოლაც და ბაღიც ახლოს არის სახლთან და ძირითადად ფეხით დაგვყავს ხოლმე.

ჩვენთვის დიდი სიხარული იყო ამ ბინაში გადმოსვლა. მით უფრო, რომ ეს პროცესი ჩვენი მეოთხე გოგონას, ანასტასიას დაბადებას დაემთხვა. სიმართლე გითხრათ, აქ ყველაფერი მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ბინა მთლიანად ჩვენი გემოვნებით არის გაკეთებული.

თამუნა: - ერთადერთი დეტალი, რის შეცვლასაც სამომავლოდ ვგეგმავთ, არის ვერანდის მოწყობა.



- რემონტი თქვენ თვითონ გააკეთეთ თუ დიზაინერი გყავდათ?

გია: - რემონტის პროცესში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული.

თამუნა: - ჩვენთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა ინტერიერის მოწყობა, რაშიც გიას დედა და და დაგვეხმარნენ. ასევე ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მეგობრის, ცნობილი დიზაინერის, ნიკა სებისკვერაძის რჩევები.

გია: - ყველა დეტალზე გადაწყვეტილებას საბოლოოდ მე და თამუნა ერთად ვიღებდით. თამუნას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორსულობის მეცხრე თვეშიც კი აქტიურად იყო ჩართული ავეჯის შერჩევისა და ბინის მოწყობის საკითხში. მთელი თბილისის მაღაზიები რამდენჯერმე ერთად შემოვიარეთ. ფერები, დიზაინი და ავეჯი ერთობლივად შევარჩიეთ. როგორც წესი, სრული ერთსულოვნება გვქონდა გადაწყვეტილების მიღებისას.



თამუნა: - ერთნაირი ხედვა გვქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ბინა. ორივეს გვიყვარს ღია, ნათელი ფერები, ამდენად, იოლად შევთანხმდით კედლების ფერსა და ფაქტურაზე. რაც შეეხება ავეჯს, მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ფაქტორი: ფუნქციონალურობა, კომფორტულობა და ესთეტიკური მხარე. გვინდოდა, რაც შეიძლება დიდი სივრცე დაგვეტოვებინა, რათა ბავშვებს თავისუფლად შეძლებოდათ თამაში. ავეჯიც და საოჯახო ნივთებიც, პირველ რიგში, ამ ნიშნით განვათავსეთ.

რაც შეეხება მათი ოთახის მოწყობას, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ პატარების სურვილები. ვთხოვეთ, დაეხატათ, როგორი წარმოედგინათ იგი. ისინიც დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ ამ საქმეში. დახატეს უამრავი ნახატი, სადაც ერთი კომპონენტი მუდმივად მეორდებოდა - ორსართულიანი ვარდისფერი საწოლი, სადაც ადგილები თავიდანვე განაწილებული ჰქონდათ. ბევრი ძებნის შემდეგ შევარჩიეთ ასეთი ავეჯი. ოთახი კი, მხოლოდ საბოლოო სახის მიცემის შემდეგ ვაჩვენეთ პატარებს. მათ აღტაცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

გიას და თამუნას, მათთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ნივთის ისტორიის გაზიარებაც ვთხოვეთ.



გია: - ღვთისმშობლის ხატი ჩვენი საოჯახო რელიკვიაა. იგი მე და თამუნას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ილია მეორემ გვაჩუქა. როცა დავქორწინდით, უწმინდესმა დაგვლოცა.

ეს მუსიკალური ჭიქა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში შეიძინა მამაჩემმა ჩემს დაბადებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მთელი ჩემი ბავშვობა ჩემს სადღეგრძელოს ყოველთვის ამ ჭიქით სვამდნენ მამაჩემი და მისი მეგობრები. სხვათა შორის, ჩემი დაბადება მამაჩემმა ძალიან საინტრესოდ აღნიშნა ანსამბლ “ივერიასთან” ერთად. იმ წელს ქალაქ დრეზდენში იმართებოდა საერთაშორისო მუსიკალური “შლაგერ ფესტივალი”, რომლის გამარჯვებულიც სწორედ “ივერია” გახდა. ახალი დამთავრებული იყო გალა-კონცერტი, როდესაც მამაჩემს სცენაზე მიუტანეს დეპეშა - ჩემს დაბადებას ამცნობდნენ. ფესტივალის ორგანიზატორებს ყველა მონაწილისთვის თითო ბოთლი შამპანური ჰქონდათ საჩუქრად გადაცემული. როცა “ივერიელებმა” ჩემი დაბადების შესახებ გაიგეს, სცენაზე გახსნეს შამპანურები და ჩემი სადღეგრძელო დალიეს. მათ უცხოელი კოლეგებიც შეუერთდნენ და თავიანთი შამპანურებიც გახსნეს. ასე რომ, პირველად ჩემი სადღეგრძელო 50-ზე მეტმა ევროპელმა მუსიკოსმა დრეზდენის საკონცერტო სცენაზე ერთად წარმოთქვა. მაშინ აღუნიშნავს ჩემს მომავალ ნათლიას, ალექსანდრე ბასილაიას: ამისთანა დალოცვის შემდეგ უთუოდ მუსიკოსი გაიზრდებაო.



თამუნა: - 2018 წლის 11 აპრილს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში უდიდესი წარმატებით ჩატარდა გიას საჯარო ლექცია თემაზე “საქართველო - ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი”. ლექციის დამთავრების შემდეგ გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა მილი კრეიგტონმა წიგნთან ერთად ეს ჭიქაც აჩუქა გიას.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა სუვენირების, სურათებისა და დიპლომების კუთხე.

გია: - განსაკუთრებით მიყვარს თამუნას ფოტოების კოლაჟი რომში გადაღებული ფოტოსესიიდან, რომელიც ფილმის, “რომაული არდადეგების” თემაზე შეიქმნა. სასიამოვნოდ მახსენდება მზადებისა და გადაღების პერიოდი. მოგეხსენებათ, იტალიელები რამდენად კომუნიკაბელური ხალხია და ღიად გამოხატავენ ემოციებს. ორჯერ მოგვიწია გადაღების შეწყვეტამ; ერთხელ პიაცა ნავონაზე, სადაც გამვლელებს ეგონათ, რომ ახალ ფილმს იღებდნენ ოდრი ჰეპბერნის თემაზე და ავტოგრაფის ასაღებად და ფოტოების გადასაღებად უშველებელი რიგი დადგა. ხოლო მეორედ, როდესაც “ვესპას” სკუტერზე მჯდომი, ოდრის ტანსაცმელში გამოწყობილი თამუნას დანახვაზე, მოძრაობა გაჩერდა და მძღოლებმა ტელეფონებით დაიწყეს გადაღება.

- როიალი - განსაკუთრებული დეტალი ხელოვანების ოჯახში. ეს რელიკვიაა, თუ თქვენი შენაძენია?



- ეს როიალი ჩვენი შენაძენია. გვინდოდა, ახალ სახლში ახალი როიალი გვქონოდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ შევჩერდი “იამაჰას” აკუსტიკურ როიალზე, რომელიც კომპაქტურიც არის და ჟღერადობაც არაჩვეულებრივი აქვს. ინსტრუმენტის თანხლებით ხშირად ვმღერით მთელი ოჯახი. სექტემბრიდან როიალის დატვირთვა ერთი-ორად გაიზრდება, ვინაიდან წელს, ჩვენმა უფროსმა გოგონებმა, ნინიმ და ლიზამ მუსიკალურ გიმნაზიაში ჩააბარეს ფორტეპიანოს განხრით.

- სამზარეულო, უპირველეს ყოვლისა, დიასახლისმა უნდა “მოირგოს”, თამუნა, რა არის მნიშვნელოვანი სამზარეულოში თქვენთვის?

თამუნა: - პირველ რიგში, მინდოდა, რომ ახალ ბინაში სამზარეულოს სასადილო ოთახის ფუნქციაც ჰქონოდა. მით უფრო, რომ ოჯახში ერთად სადილობისა და ვახშმობის ტრადიცია გვაქვს. საბედნიეროდ, სამზარეულოსთვის განკუთვნილმა სივრცემ ამის შესაძლებლობა მოგვცა. პატარებს ძალიან უყვართ სამზარეულოში ყოფნა, როდესაც საუზმეს ვამზადებ. ცდილობენ, მომეხმარონ კიდეც. ჩემთვის, როგორც დიასახლისისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ განლაგება პრაქტიკული და მოსახერხებელი ყოფილიყო, რაც, ჩემდა სასიხარულოდ, გამოგვივიდა.



- დასასრულ, გვითხარით, რა დატვირთვა აქვს თქვენთვის სახლს?

თამუნა: - სახლი არის ადგილი, სადაც ყველაზე ფასეული რამ გეგულება - შენი ოჯახი.

გია: - საითაც მუდმივად მიგიჩქარია და სადაც ამქვეყნად ყველაზე უკეთ გრძნობ თავს. ინგლისელებს შესანიშნავი გამონათქვამი აქვთ სახლთან დაკავშირებით, რომელსაც სრულად ვეთანხმები: “ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა”.

ციცი ომანიძე

კომენტარები

ნათია 2022-02-08 19:10
რამდენი ტყუილია თავმოყრილი ერთად, არადა ეს ოჯახი თურმე დიდი ხანია დაიშალა...
ეკა 2021-11-01 09:02
გულს მიხარებს თქვენი სიკარგე,სილამაზე.გაიხარეთ!!!
თამარი 2019-04-14 22:06
რა სასიამოვნო და სასიხარულოა ახეთი ოჯახის ხილვა. გაიხარეთ! გაიხარეთ! გაიხარეთ!
ლელო 2019-03-23 14:03
არ გოცნობთ მაგრამ მიყვარხართ და ახლობლად გთვლით მიხარია რომ გიყურებთ და ვტკბები. იხარეთ, იბედნიერეთ და გაგვახარეთ. იყოლიეთ კიდევ შვილები
მერილინ 2019-03-13 00:31
უზომოდ,უსაზღროდ მიყვარხართ.ულამაზესი,უსაყვარლესი ოჯახი-გამრავლდით,გაიხარეთ.იმსახურებთ.მილიონი გული თქვენ ყველას ჯემალპაპიანად)))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები