მაკა ზამბახიძის სახლი ტყის პირას - „ვამჯობინე, ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა“

მომღერალი მაკა ზამბახიძე ოჯახთან ერთად წყნეთში, პატარა და მყუდრო სახლში ცხოვრობს. ტყის პირას აშენებული სახლი მაკამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება. ამბობს, რომ ქალაქის ხმაურს, დამღლელ რიტმს მოწყვეტილი, ციყვების და ტოროლების გარემოცვაში, ულამაზეს სახლში თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.

- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. ხშირად
ამოდის დედაჩემი და დიდ დროს ატარებს ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მამაჩემი იშვიათად გვსტუმრობს. მუშაობს და თბილისში ურჩევნია ყოფნა, მხოლოდ დასვენების დღეებში გვეწვევა ხოლმე.



- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ადგილი, სადაც დღეს ცხოვრობთ?

- უპირატესობა მივანიჭე გამწვანებას, ბუნებას, ჰაერს. ფაქტობრივად, ჩემი სახლი დგას ტყეში, რომელიც შემოფარგლულია ნაძვებით. ძალიან მსიამოვნებს გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ხშირი სტუმრები არიან ციყვები, დილით ტოროლას ხმა მაღვიძებს. გარდაუვალია ისე ჩაიაროს ზამთარმა, რომ არ მოთოვოს. გვყავს არაჩვეულებრივი მეზობლები, თუმცა ზამთარში ისინი თბილისში არიან. ზაფხულში ამოდიან და ყველა ერთად გამოვეფინებით ხოლმე გარეთ.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?



- კომფორტული და მყუდრო სახლი დიდი ფუფუნებაა სულიერი სიმშვიდისთვის. გააჩნია, ვისთვის რა არის კომფორტი. მაგალითად, ჩემთვის კომფორტია ის, როგორც დღეს ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მისი სულიერი სიმშვიდისთვის აუცილებელი კრიტერიუმია კომფორტული და მასზე, მის ინტერესებზე მორგებული სახლი. ეს ჩემთვის ასოცირდება ბედნიერებასთან და სიმშვიდესთან. როდესაც დაღლილი, ენერგიაგამოცლილი მიდიხარ სახლში, იქ უნდა დაგხვდეს გარემო, სადაც დაისვენებ და განიტვირთები, დაივიწყებ ყოფით პრობლემებს.

იურმალაში რომ გავიმარჯვეთ და გარკვეული თანხა გადმოგვცეს, რა თქმა უნდა, ეს თანხა გავიყავით და მთლიანად დავახარჯე სახლის რემონტს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია კომფორტული და ლამაზი გარემო. კომფორტის შესაქმნელად სულაც არ არის აუცილებელი დიდი თანხის დახარჯვა, მცირე თანხითაც შეიძლება სასურველი ინტერიერის შექმნა.

- რაც შეეხება მშენებლობას და სარემონტო სამუშაოებს, ამ ყველაფერმა თქვენს ხელში გაიარა?



- რა თქმა უნდა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ნამდვილად არ იყო მარტივი და ხანმოკლე გზა. მოგეხსენებათ, საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური საკითხია ხელოსნებთან მუშაობა და მეც არაერთხელ მიგრძნია იმედგაცრუება. მშენებლობა-რემონტის საკითხი დროში ძალიან გაიწელა, მაგრამ სანამ იმას არ მივაღწიე, რაც მინდოდა, არ გავჩერდი. წვრილმანი დეტალებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული, ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე. მასალების შესაძენად მაღაზიებშიც თავად დავდიოდი. ძალიან დამეხმარა ინტერნეტსაშუალებები, ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებდი. ვათვალიერებდი ინტერიერის ფოტოებს, ვეცნობოდი სტატიებს და ა.შ. ასე ნელ-ნელა გავაკეთე ის, რასაც ხედავთ. მიყვარს თბილი და პასტელური ფერები, უპირატესობას ვანიჭებ კლასიკურ სტილს, ხეს. სხვათა შორის, ჩემს სახლში ყურადღებას იქცევს ხის ძელებისგან გაკეთებული ჭერი. ვთვლი, რომ ეს დეტალი ორიგინალურობას მატებს სახლს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მზე, სითბო, სინათლე. თუ სახლში მზის სხივები არ შემოდის, ის სახლი მძიმე აურის მატარებლად მიმაჩნია. ჩამობნელებული სახლი ღამეც მეყოფა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და წინ კიდევ საინტერესო გეგმები მაქვს. ახლო მომავალში ვგეგმავ ეზოს გამწვანებას. ამ ზაფხულს რამდენიმე ჯიშის ვარდი ჩავრგეთ. მინდა, რომ ბევრი ლამაზი ვარდი იყოს ჩემს ეზოში. ჩემს მეუღლეს კარგად გამოსდის მიწასთან ურთიერთობა. ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს.



ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ინტერიერში არ მაქვს განთავსებული მუსიკალური ინსტრუმენტები. ველოდები ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება და თან მომეწონება. ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ გიტარა.

- ძალიან ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, მაგრამ ვერსად შევნიშნე...

- არასოდეს ვკიდებ ჯილდოს კედელზე. საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას მაქვს განთავსებული. რატომღაც არ მიყვარს ჩემი ჯილდოების თვალსაჩინო ადგილას გამოფენა.

- თქვენს მეგობრებს ალბათ ძალიან სიამოვნებთ ასეთ გარემოში დროის გატარება. ხშირად გსტუმრობენ?



- რა თქმა უნდა, გვიყვარს ერთად შეკრება. დღის განმავლობაში ყველას თავისი სამსახური აქვს, ამიტომ, როცა ყველას ერთად გვცალია, აუცილებლად ვიკრიბებით. როცა კარგი ამინდია, ეზოში ვწვავთ მწვადებს, ზაფხულის სეზონზე რუჯს ვიღებთ. საკმაოდ კარგად ვერთობით ზაფხულში. როცა თოვს, ჩემი მეგობრები შვილებით ამოდიან და არის ერთი მხიარულება.

- თქვენი მეუღლე თუ ერკვევა ინტერიერის საკითხებში და რამდენად ემთხვევა თქვენი გემოვნება ერთმანეთს?

- ჩვენი შეხედულებები და გემოვნება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. უკვე აღვნიშნე, რომ გარკვეული გეგმები გვაქვს ამ სახლთან დაკავშირებით, ყველაფერი დავგეგმეთ ურთიერთშეთანხმებით. ძალიან კარგი გემოვნება აქვს და მომწონს მისი ხედვა. სახლისთვის ყველა დეტალს ერთად ვარჩევთ.


მაკა ზამბახიძის სახლი წყნეთში - VIDEO

- ბოლო პერიოდში აქტუალურია სტუდიოს ტიპის ბინები. თქვენ განცალკევებით გაქვთ სამზარეულო. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

- სამზარეულო არის დიასახლისის სამყარო. ზოგადად ვთვლი, რომ სამზარეულო უნდა იყოს იზოლირებულად და დიასახლისმა იფუსფუსოს მარტომ. სულაც არ არის აუცილებელი, ვიღაც გხედავდეს, როგორ ამზადებ კერძებს. სწორედ ამიტომ ვარჩიე, სამზარეულო ცალკე ყოფილიყო. პატარა სამზარეულო მაქვს, ეს ჩემი სამყაროა და იქ ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ თავს.



- როგორი კულინარი ხართ?

- ძალიან კარგი ხელი მაქვს, რასაც ვამზადებ, ყველაფერი გემრიელი გამომდის. ჩემი გამომცხვარი შუ ძალიან ცნობილი გახდა. ისეთი დიდი მოთხოვნა იყო, ბოლოს უარი ვთქვი - აღარ გამოვაცხობ-მეთქი. ცოტაც და შეკვეთებს ავიღებდი (იღიმის). დღეს ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად არ ვარ სახლში და ვერ ვახერხებ კერძების მომზადებას, დიასახლისობას, ამიტომ ეს ფუნქცია დედაჩემმა შეითავსა.

- საცხოვრებლის შეცვლაზე თუ გიფიქრიათ?

- რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ჩემს ძველ უბანში, სადაც მე გავიზარდე, ვიყიდეთ სახლი. ერთი სული მაქვს, ის სახლიც ჩემს გემოზე მოვაწყო. ამით ვცდილობ, ჩემი ბავშვობის მოგონებები, ძველი მეზობლები, მეგობრები დავიბრუნო.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლუარა 2022-11-30 15:55
ძალიან მომწონს, კარგია,როგორი საყვარელი და ლამაზია თვითონ, სახლიც ისეთი საყვარელი და ლამაზი აქვს.
ტოტო 2022-11-25 10:48
ძალიან კარგია,ლამაზია,მყუდროა,გემოვნებით არის გაკეთებული.მოკლედ როგორც გემოვნებით მღერის ასევე გემოვნებით ცხოვრობს.მიბაძეთ.
budu 2019-04-07 14:24
qalaqidan moshorebit torem axla shenc tushetshi gadaxvedi sacxovreblad ;))))) kalakia cynetic
nia 2019-04-04 14:44
საძინებელში სარკე არ შეიზლება გაორება იცის!!!!!!!!!!!!!! ფენშუის თანახმად!!!! დანარჩენი მეც ძალიან მომეწონააააააააააა!!!! და კიდე, ეს თმების შეჭრა რა მოდაშია ვერ გავიგე, გრძელი თმები უფრო გიხდება მაკა!!!!!!
ციცო 2019-04-04 12:58
როგორიც თვითონ არის გემოვნებიანი ისეთივე ცხოვრებაც მოიწყო, კარგი გოგოა გაიხაროსსსსსსსსსს მომწონსსსსსსსსსსსსსს უბრალოააააააააააააა ძალიანნნნნნნნნნნნნ და კმაყოფილია იმით რაც აქვსსსსსსსსსსსს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები