თამარ გვერდწითელი წლებია, რუსეთში ცხოვრობს. 2000 წელს შეიძინა ბინა მოსკოვის ცენტრში, სადაც ძირითად დროს დედასთან ერთად ატარებს, მისი ვაჟი კი, სანდრო კახაბრიშვილი, ჯერ ამერიკაში იყო წასული სასწავლებლად, ამჟამად კი ინგლისში სწავლობს.
მესამე მეუღლეს ჯერ კიდევ 2005 წელს გაშორდა და მას მერე ოფიციალურად აღარ დაქორწინებულა. ასე რომ, სახლში ძირითადად ის და დედა არიან, ინა კოფმანი, რუსული ენის მასწავლებელი, რომელიც წლების წინ თბილისის მაშინდელ პიონერთა სასახლეში მუშაობდა, თუმცა მას მერე, რაც თამრიკოს კარიერა საზღვარგარეთ გაგრძელდა, შვილს გაჰყვა და მის გვერდით იდგა სულ.
თამრიკოს ასევე
როგორც მომღერალი ამბობს, ყველაზე საყვარელი ადგილი სახლში როიალია, საყვარელი ნივთი – ესპანური კარადა, რომელშიც უამრავი ქაღალდი ეტევა და არაფერი იკარგება.
"ჩემი სახლი ჩემი საყვარელი ნივთებით არის სავსე, რომელთაგან ბევრი ნივთი თბილისიდან მაქვს წამოღებული".
ბინაზე არ უმუშავია პროფესიონალ დიზაინერს. "ინტერიერის შექმნა, რომელიც ნამდვილად ჰარმონიული იქნება, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც კარგად იცნობს ამ სახლის მცხოვრებლებს, - ამბობს თამრიკო, - ეს ბინა ჩვენით მოვაწყვეთ და ის უფრო ჩვენი თბილისური ბინის "გაგრძელებაა".
თბილისიდან წაღებულ ნივთებს შორის არის სერგო ფარაჯანოვის ნაჩუქარი საშანდლეები, პატარა მაგიდები, კომოდები - რომლებიც სიძველითა და სითბოთი ავსებს მომღერალს, ოჯახურ ფოტოებთან ერთად. "მზიურიდან" მოყოლებული მისი შტამბეჭდავი კარიერის ამსახველი და ასევე ოჯახური ფოტოები ამშვენებს სწორედ სახლის კედლებსაც და მის როიალს თუ სხვა ავეჯს.
თამრიკოს ბინა ქართული, რუსული და ფრანგული ელემენტების ნაზავია. "ფრანგულია ალბათ სპარსული ხალიჩა თეთრ როიალთან შეთანხმებით. ეს ხელით ნაქსოვი ხალიჩაა – აზერბაიჯანელმა მეგობრებმა მაჩუქეს. 1930-იან წლებშია გაკეთებული და რაც ჩემს სახლშია, ბევრ დადებით ენერგიას მჩუქნის. როიალი კი წლების წინ დაბადების დღეზე მაჩუქეს, ძალიან ძვირფასი საჩუქარია. მანამდე შავ ინსტრუმენტებზე ვუკრავდი, ახლა კი ამ როიალმა დაიკავა მთავარი ადგილი "მუსიკალურ" ოთახში".
"ავეჯი ოდესასა და მოსკოვშია შეძენილი. იტალიური და კლასიკური ავეჯი მიყვარს და სწორედ ასეთი შევიძინე. ანტიკვარიატი არ მაინტერესებს, ჩემთვის მაინც პირადად ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნივთებს და მოგონებებს აქვთ ფასი, ვიდრე სხვა ადამიანების ძვირფას ნივთებს. მაგალითად, მაქვს გულსაბნევი, რომელიც ექვს თაობას გადაეცემოდა, დედის ხაზით. ასევე უძველესი ქართული სამაჯური. ისინი დადებითი ენერგიით მავსებენ".
"მე მაინც მგონია, რომ როდესაც ბინის ინტერიერს აკეთებ, ძირითადად შენი გულის ძახილს უნდა მოუსმინო და ნაკლებად იმას, რა არის მოდური ან რა მოსწონთ სხვებს. სახლში პირველ რიგში თავად უნდა იგრძნო თავი მყუდროდ და შინაურად. სახლს რომ სულ კარგი ენერგეტიკა ჰქონდეს, მხოლოდ კარგი სტუმრები უნდა მიიღო და კიდევ, არ უნდა გადაყარო ძველი, ბებიების და პაპების ნივთები. მათში ოჯახის ისტორია და სული ინახება".
კომენტარები