"ჩვენი სახლის აშენების იდეა მე მეკუთვნის... ორი სართულია, ასევე საუნა და აუზი... ვერ ვიწუწუნებ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს" - ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე საკუთარ სახლში გვმასპინძლობენ


...ქუჩაზე შეუხვევ თუ არა, თვალში მოგხვდება ღია ფერის სახლი, ფრანგული აივნებით. ალბათ ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებია, თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ბუმია და მათ შორის ე.წ. საკუთარ სახლს რომ ხედავ, თავისთავად იქცევს ყურადღებას. აქ რუსთაველის თეატრის მსახიობები თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი ცხოვრობენ. კიბეზე რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ, კარზე ზარს რომ დარეკავ, აღმოჩნდები სივრცეში, სადაც მუდმივმოქმედი გამოფენა გხვდება.




აქ ყველგან ნახატებია. კედლებზე და არამხოლოდ. მასპინძელი ხატავს. მსახიობის პროფესიის პარალელურად, მის ცხოვრებაში მხატვრობა ყოველთვის იყო.

„ბატონო ჟანრი, სხვა ავტორების ნამუშევრებიცაა, თუ
მხოლოდ თქვენი?“ - ვეკითხები. „რატომ სხვა, რა უნდათ?! სხვების ნამუშევრები მუზეუმშია, ჩემი - სახლში“. „შეიძლება ის ადგილი მაჩვენოთ, სადაც მუშაობთ?“ - ვთხოვ, თუმცა ვფიქრობ, შეიძლება არ დაგვთანხმდეს. არც „კის“ ამბობს და არც „არას“, ბრუნდება, უხმოდ მიგვიძღვის წინ და ხის კიბეს ერთი სართულით ქვევით მივყვებით. ერთი შეხედვით ორსართულიანი სახლია, თუმცა ნახევრად სარდაფისა და სხვენის წყალობით, ოთხს იტყვი. ჟანრი ლოლაშვილის სახელოსნო სახლის ყველაზე ქვედა სივრცეშია განთავსებული. სახატავად დღის შუქი არ სჭირდება. რამდენიმე ნათურა ანათებს იმ ადგილს, სადაც ნამუშევრები იქმნება. „მზა ქაღალდები“ იატაკზე სიმეტრიულად აწყვია, ჩარჩოში ჩასმულები კედელთან - ერთი-მეორეს „მიყუდებიან“.



დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს. ხატავს და თან მუსიკას უსმენს. ერთი კონკრეტული მუსიკალური ჟანრი არ აქვს ამოჩემებული, ხან რას უსმენს და ხან რას, განწყობას გააჩნია. როცა მუშაობს, თუ მეუღლეს ან შვილს თავად არ დაუძახა, ისე მის „სამფლობელოში“ არავინ შედის. „ეს ხომ ინტიმური პროცესია და რა საჭიროაო“, - იძახის.

გამოდის, გაგვიმართლა, მხატვარმა თავის „სახელოსნო-სამზარეულოში მორიგი კერძი-ნახატის მომზადების პროცესს“ რომ დაგვასწრო.

ამასობაში დიასახლისიც გვიერთდება და სახლის მშენებლობის ამბავს გვიყვება.



თათული დოლიძე:

- 30 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ. მისი აშენების იდეა მე მეკუთვნის. აქ ორი ძირითადი სართულია და არის დიდი სხვენი და ქვედა სივრცე, სადაც ჟანრის სახელოსნო და სამუშაო ოთახია; ასევე საუნა და აუზი. სახლის პროექტის ავტორები ძალიან კარგი არქიტექტორები არიან. მისი მშენებლობა დაიწყო ალიკა ჯაფარიძემ, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის ნუგზარ ხვედელიანმა და შოთა ყავლაშვილმა დაასრულეს.

- პატარა, ლამაზი ბაღი გქონიათ, მცენარეებით, ხოლო მთელ სახლში თქვენი მეუღლის ნამუშევრებია...

- საერთოდ, მომწონს გამწვანებული სივრცე. ბაღს მე ვუვლი. თუმცა ჩრდილოეთია, მზე ნაკლებად ხვდება და ცოტა ძნელია მცენარეების გახარება. თან გარშემო სულ მშენებლობებია და თავიდან რა განათებაც იყო, ისიც აღარაა. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. რაც შეეხება ნახატებს, ბევრი მხატვარი მომწონს და გვაქვს კიდეც სხვების ნამუშევრები, უბრალოდ აღარ გვაქვს სივრცე, რომ ცალკე გამოვფინოთ. მათ შორისაა: თემო ჯაფარიძე, თემო გოცაძე, გივი ვაშაკიძე, გივი კასრაძე, შალვა მატუაშვილი...




- მეუღლე გხატავთ ხოლმე? აქვს თქვენი პორტრეტი შექმნილი?

- არა, საერთოდ არ მხატავს. უბრალოდ, ყველა ამა თუ იმ ნამუშევარში ჩემს თავს ამოიკითხავს ხოლმე. თუმცა, რატომღაც ყველა ქალში მე მხედავენ, მაგრამ ნამდვილად არ ვმჯდარვარ, რომ დავეხატე. მხოლოდ ერთხელ სცადა, მაგრამ არ მოეწონა, დახია და გადააგდო. საერთოდ, ჟანრი არ გადის სადმე, რომ პეიზაჟი იქ შექმნას, ან ვინმე დასვას და მისი პორტრეტი დახატოს. თავისი ფანტაზიით ქმნის ყველაფერს.

- ქალბატონო თათული, ეს ის სახლია, როგორიც გსურდათ გქონოდათ?
- ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელე, ამას სხვა საშუალებები სჭირდება, მაგრამ... საერთოდ, რაღაც-რაღაცები ცოტა მბეზრდება ხოლმე, ამიტომ მირჩევნია, ახალ-ახალი ვაკეთო, იდეები სულ მომდის. ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში ვაშენებდით, თითქმის ათი წელი, სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით. ასე ნამდვილად ძალიან ძნელია. თუ საშუალება გაქვს, სჯობს ბოლომდე მიჰყვე, თუმცა ხშირად არ გამოდის. სხვათა შორის, ამ ასაკში აღმოვაჩინე, რომ არქიტექტურა ჩემი დიდი სიყვარულია და მშენებლობა არ მბეზრდება (იღიმის). ბევრს არ უყვარს რემონტისა და მშენებლობის პროცესი, მე პირიქით ვარ - ჩემთვის სახალისო და საინტერესოა და, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ჰობია. არა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, არამედ ბავშვობიდან საშინელი გამოუსწორებელი კერძო მესაკუთრე ვარ. პატარაობიდან ვფიქრობდი და მინდოდა საკუთარი მიწა, საკუთარი სახლი! ჩემს ბავშვობაში ამაზე არავინ ოცნებობდა. როგორც ჩანს, ასეთი დამოკიდებულება მამისგან გამომყვა. მან კარგად იცოდა მიწის ფასი და ხშირად ამბობდა, რომ ეს მთავარი იყო. როგორც ჩანს, ასეთი დამოკიდებულება მისგან გენეტიკურად გადმომეცა. თუმცა მიწა არსად მაქვს, ამ ტერიტორიის გარდა (იღიმის).





- კორონავირუსმა და პანდემიამ არაერთი სფეროს წარმომადგენლების საქმიანობა დროებით შეაჩერა, მათ შორისაა თეატრი. თუ გენატრებათ თეატრის სივრცე და რითი ინაზღაურებთ ამ მონატრებას?
- ის სივრცე ნამდვილად მენატრება, მრავალი წელია თეატრში აქტიური მსახიობი ვარ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ვგიჟდები, ისე მენატრება ის სპექტაკლები, რაც რეპერტუარში გვქონდა და რაშიც ვმონაწილეობ. სიახლე მირჩევნია და ვფიქრობ, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოვცადო. ყოველთვის ვპოულობ საქმეს, რომ სიცარიელე შევავსო. საამისოდ დღეს იმდენი საშუალებაა, წარმოუდგენელია, რამე შენი ინტერესის სფერო არ იპოვო. მთელი მსოფლიო ხელისგულზე გაქვს: რაც გინდა - ნახე, რასაც გინდა - მოუსმინე, დაათვალიერე... დღესდღეობით ყველაფერი ხელმისაწვდომია. თან საშინლად მეოცნებე ვარ (იღიმის). ზარმაცი არ ვარ, ხანდახან წავიზარმაცებ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ შემიძლია მთელი დღე აბსოლუტურად დაუსრულებლად ვიოცნებო, ვაგო კოშკები და ეს სულაც არ მღლის.

- ვიცი, ძალიან გიყვართ სისუფთავე და როცა შინ ყველაფერი წესრიგშია...
- დიახ, მაგრამ მარტო ამ ყველაფერს ვერ მოვერევი, მეხმარება არაჩეულებრივი ქალბატონი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია. თუმცა რამდენი ადამიანიც უნდა გეხმარებოდეს, არის რაღაცები, რაც შენი გასაკეთებელია. შეიძლება ხასიათი მაქვს ასეთი, მაინცდამაინც ცხვირი უნდა ჩავყო და რაღაც ვაკეთო, არ ვიცი.




- მათ შორისაა სამზარეულოც?
- ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვამზადებ. თუ მოვამზადე, კარგად გამომდის, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირი სახლის საქმე დიდად არ მხიბლავს, მირჩევნია ის დრო სხვა რამეს მოვახმარო. თუ უცბად რამის გაკეთება მომინდა, ვთქვათ სადილის, აუცილებლად ერთბაშად 4 თავს ვამზადებ, მაგრამ ასეთი მუზა ძალიან იშვითად მომდის (იღიმის).

- ბატონო ჟანრი, დღეს ოჯახის წევრები ხშირად ვეღარ ვიკრიბებით ერთად სადილზე თუ სავახშმოდ, არადა უწინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა კი მსგავსი ურთიერთობების დეფიციტია. როგორი იყო თქვენი ოჯახური გარემო და თქვენი ბავშვობის სახლი?

ჟანრი ლოლაშვილი:

- ხანში შესული კაცისთვის, საკუთარ თავზე მოგახსენებთ, ეს მტკივნეული რამეა. ხშირად ვამბობ, მე დავიბადე იმ დროს, როცა კარაქს წყლიან ქილაში ინახავდნენ, სახლის კარს არ ვკეტავდით, არა იმიტომ, რომ გასაღები არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ სტუმრისთვის ის სულ ღია იყო. გვეცვა „ფუფაიკა“, ბამბაზიის თბილი პერანგები და ვცხოვრობდით ასე. მოდიოდნენ ჩემი თანატოლები, ოთახს გრძელი ფარდები ჰქონდა, მე და ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 5 წლით უმცროსია, გადავღობავდით, დავხტოდით, დავრბოდით, რაღაცებს ვთამაშობდით და ასე ვმაიმუნობდით. სიმართლე გითხრა, ეს მაიმუნობა ჩამრჩა. ძალიან საინტერესო მაიმუნობაა. საერთოდ, ადამიანი უნდა მაიმუნობდეს და სისულელეებით ცხოვრობდეს. თუ მაინცდამაინც უნდა, დაფიქრებული სახე ჰქონდეს, ეგ მარტო რომ დარჩება, თავს აჩვენოს, ან სარკეში რომ ჩაიხედავს, მაშინ.

მშობლები მენატრება, მაგრამ ვიცი, რომ ვერ ვნახავ. მენატრებიან მეგობრები, რომლებიც ადრე გარდაიცვალნენ, მაგრამ რას იზამ, ვერაფერს ვიზამთ, ჰო?! ეგეთია ცხოვრება, უნდა მივიღოთ მისი წესები. საერთოდ, ცხოვრებას თავისი იმპულსები, შინაგანაწესი და ღირებულებები აქვს. უნდა დავფიქრდეთ, რა არის მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი. უნდა განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სხვების მიმართ, მშობლებთან, მეზობლებთან, ახლობლებთან... იმ დროს სხვა ღირებულებები იყო, რომლებსაც ნელ-ნელა ყავლი გასდის და ადამიანი ცარიელ-ტარიელი რჩება. ამას ხელი შეუწყო დღევანდელმა ყოფამ. არც მანამდე იყო საქმე კარგად, რადგან ადამიანი ფიზიოლოგიურად და სულიერად ისედაც მარტოსულია, მაგრამ როგორც არ უნდა გინდოდეს, გლობალიზაციას ვერ გაექცევი. ეს პროცესი დაჩქარებულია. თან, ტელევიზორმა დააბა შინ ადამიანი დ თუ რამე აინტერესებს, ჩართავს და შეხედავს.

- ტელევიზორის წინ თქვენს სავარძელში რომ ჩაჯდებით ხოლმე, რას უყურებთ?

- როგორც წესი, მხატვრულ ფილმებს არ ვუყურებ. იმიტომ, რომ ჩემთვის ცნობილია სიუჟეტური ქარგები და სამკუთხედები. გარდა ამისა, მხატვრული ფილმების ესთეტიკა აღარ მაინტერესებს.

- ალბათ დოკუმენტალისტიკა უფრო გიზიდავთ...

- ჰო, რასაკვირველია, დოკუმენტური ფილმები ნამდვილად მაინტერესებს. ასევე ახალი საინტერესო ამბების სამყარო, გადაცემები ფილოსოფიაზე და ა.შ. იმიტომ, რომ ეს მოაქვს დროს და ვითარებას. ჩემთვის ინტერესის სფეროები დამოკლდნენ. დროსთან ერთად, ინტერესების გადარჩევა ხდება. ჰოდა, ასეთი ვარ ამჟამად!



- სახლი ის გარემოა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ?

- რასაკვირველია, აბა, რა არის?! ინგლისელებს აქვთ გამოთქმა, „ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა“. ასეა.

- ბევრ მსახიობს უთქვამს, თეატრი ჩემი მეორე სახლიაო, იტყოდით იმავეს?

- ზოგისთვის მართლა სახლი და ბინაა თეატრი, ჩემთვის ასე არ არის. თეატრში ხშირად არ უნდა წახვიდე, არა, რადგან რომ მივალ, ჩემს იქ ყოფნას ფასი უნდა დაედოს. მენატრება ადამიანები, ურთიერთობები, ჩემი ოსტატობები, კი, ბატონო, მაგრამ თუ დღე და ღამე იქ გდიხარ, რა უბედურებაა?! თეატრში შენი ყოველი მისვლა დღესასწაული უნდა იყოს, სულ სხვა განცდა უნდა ხდებოდეს შენს სულში, გონებაში, ფსიქიკაში. თუ ყველაფერს შეეჩვიე, არ ვარგა, რა!

- არ გიყვართ ხოლმე ამაზე ლაპარაკი, სცენაზე განუხორციელებელ როლებზე სინანული, თქმა „ახლა ამა და ამ როლს სიამოვნებით შევასრულებდი“ და ა.შ. თუმცა, ამ მხრივ თუ გწყდებათ რამეზე გული?

- არ მიყვარს, ჰო, ცხოვრებაში არ მომიხდენია მსგავსი დიფერენცირება. „როგორ, მე თეატრში ვიყო და ჰამლეტი თენგიზმა ითამაშოს?!“ - არა, ეს სისულელეა. ვისაც უნდა, იმან ითამაშოს. როლზე უარი ხშირად მითქვამს, რადგან ჩემი გათახსირებული ტვინით გადარჩევა ხდება, რა მეკადრება და რა არა, ანუ რა ვითამაშო და რა არა. ამაოების შეგრძნება გვაქვს მოხუცებულობაში ადამიანებს. განვლილი პერიოდი, რასაკვირველია პატივსაცემია, მაგრამ არ ვგიჟდები (იღიმის).

- გარდა იმისა, რომ ხატავთ, არ გიცდიათ რამე ავტობიოგრაფიული დაგეწერათ, მგონი კარგად გამოგივიდოდათ...

- იცით, რა არის?! ჩემზე იმდენი სიუჟეტია გაკეთებული და გადაღებული, აზრი არ აქვს ჩემს გრაფომანობას. საერთოდ, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუ რამეს ვიტყვი - გაცხადებულად!.. ასე!..

ანა კალანდაძე

კომენტარები

ლევანი 2023-03-20 00:21
გვაკლია სცენაზეც და ეკრანზეც
Idki 2023-03-19 10:37
❤️❤️❤️❤️❤️❤️
ლადო 2023-03-18 12:23
ძალიან დიდი ხართ ბატონო ჟანრი და მიხარია რომ თქვენს ეპოქაში ვიცხოვრობ♥️ დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ თქვენს ულამაზეს მეუღლესთან ერთად♥️♥️
გოჩა 2023-03-17 22:54
დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც კი გაგიკეთებიათ კინოსა და თეატრისთვის.მადლობთ!
გოორგი 2021-09-28 21:34
უაღრესად დიდი მსახიობი და რაც მთავარია შინაგანი ბუნებით მდიდარი ბატონი ჟანრი, ქართველ ქალბატონ მსახიობთა შორის ულამაზესი ქალბატონი თათული.ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მათ,ავტორს მადლობა კარგი ინტერვიუსთვის

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები