ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. ოჯახი 1983 წელს შექმნეს. დაახლოებით 15 წლისაა ის ბინა, სადაც ახლა ცნობილი მხატვრები ქეთი მატაბელი და გია გუგუშვილი ცხოვრობენ. ინტერიერის დიზაინზე ერთად იზრუნეს. კორპუსი ვერეს ხეობას გადაჰყურებს, ბინა ბოლო სართულზეა და საკმაოდ ნათელია. დერეფნიდან სხვადასხვა სივრცეში აღმოჩნდები - მისაღები, სამზარეულო, ოთხი საძინებელი, ორი სველი წერტილი. აქვეა ქალბატონი ქეთის სამუშაო ოთახი, საიდანაც მანსარდაზე ხის კიბით ადიხარ. მანსარდა ქალბატონი ქეთის სათავსოა, სადაც სამუშაო ნივთები, წიგნები და რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი. აქვეა გია ჯაფარიძის ერთ-ერთი სკულპტურა. ცოლ-ქმრის ბინაში, მათი ტილოების გარდა,
ამ ბინაში დიასახლისის სახელოსნოა, ხოლო ბატონ გიას სახელოსნო სხვა ადგილას აქვს, სადაც ძირითადად შაბათ-კვირას მიდის, რადგან დანარჩენ დღეებში სამხატვრო აკადემიის რექტორი ხატვისთვის ვერ იცლის...
შვილები - გიორგი, მარიამი და ლუკა ხელოვანები არიან, გიორგის მეუღლე ინა მარგველაშვილიც ფოტოხელოვანია. ბაბუა ამბობს, რომ მათი პატარა შვილიშვილი ქეთიც ამ სფეროთია დაინტერესებული. მოკლედ, ეს ის გარემოა, სადაც ზღურბლს გადააბიჯებ თუ არა, იგრძნობ, რომ აქ შემოქმედი ადამიანები ცხოვრობენ...
გია:
- სახლი ჩვენი დაპროექტებულია. ოჯახის ყველა წევრს თავისი საძინებელი აქვს. მას შემდეგ, რაც გიორგი დაოჯახდა, ცალკე ცხოვრობს. მთავარი პრინციპი ის იყო, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდათ თავიანთი სივრცე, ანდა სტუმარს თუ მისაღებ ოთახში მიიღებდნენ, ჩვენ თავზე არ წამოვდგომოდით და დერეფნის გავლით სამზარეულოში ან ჩვენს ოთახში შევსულიყავით.
რაც შეეხება ბინის შიდა დიზაინს, რაღაცები ერთად მოვიფიქრეთ, მაგრამ უმთავრესად ბინა ქეთის მოწყობილია. აქ მან შეიქმნა და შეგვიქმნა ჩვენ-ჩვენი სამყარო. ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ ისაა, რომ ბოლო სართულია. ბინა ხის, კოტეჯური ტიპის გადახურვით არის გაფორმებული, ბუხარიც გვაქვს და მწვადებსაც ვწვავთ ხოლმე.
- მისაღებ ოთახში ბუხრის გაკეთება ვისი იდეა იყო?
ქეთი:
- ორივესი. ბუხარი აუცილებლად უნდა გვქონოდა, ძველ ბინაშიც გვქონდა.
გია:
- საქართველოში ბუხარი კარგად მუშაობს (იღიმის). საერთოდ, ამ ბინაში ბევრი დიზაინერული მიგნება ჩემს ერთ-ერთ სტუდენტს, გოგიტას ეკუთვნის. მათ შორის ბუხარიც, რომელიც ნიჩბისის ქვისგან არის გაკეთებული. ჩვენი სახლის ფანჯრებიდან მოჩანს ფერდობი, ბუხრის ფერი და ლანდშაფტი ერთმანეთს კარგად ერწყმის.
- კედლებზე ძირითადად თქვენი - ცოლ-ქმრის ნამუშევრებია გამოფენილი, ხომ?
- დიახ, მისაღებში ჩემი ნამუშევრები სჭარბობს, ხოლო დანარჩენ ოთახებში - ქეთისი. კედლებზე გამოფენილ ნამუშევრებს იშვიათად ვცვლით. თუ გამოფენაა, სურათები მხოლოდ მაშინ "გადის" სახლიდან, თუმცა, ეს იშვიათად ხდება.
სახელოსნოში ორმეტრიანი სურათები მაქვს და ვერც ერთს ვერ ვკიდებ ჩვენს ბინაში. ქეთი იშვიათად აკეთებს დიდ ნამუშევრებს და ამიტომ მათთვის ადგილის პოვნა რთული არ არის. კედლებზე გამოფენილი სურათები ძირითადად სულ ჩვენი კოლექციაა. ასე რომ, მუდმივად სამუზეუმო განწყობა გვაქვს. შეიძლება ითქვას, ჩვენი სახლის ინტერიერი შემოქმედებითი პოზიციის ნაყოფია (იღიმის).
- სახლში ყოფით საკითხებს ვინ აგვარებს? ვთქვათ, ნამუშევრის ჩამოსაკიდებლად ლურსმნის მიჭედებაა საჭირო...
- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ (იცინის)?! თითოეულ ნამუშევარს სჭირდება შესაფერისი ადგილი და განათება, მე ასეთ რაღაცებზე მართალია, დიდხანს არ ვფიქრობ, მაგრამ მაინც ავწონ-დავწონი ხოლმე, მაგრამ აი, ქეთისთვის ეს საერთოდ არ არის პრობლემა - აიღებს ჩაქუჩს, ლურსმანს და სადაც მოუნდება, იქ გახვრეტს კედელს.
ქეთი:
- ამაზე მთელი ამბები გვაქვს, ამიტომ, როცა გია შინ არ არის, მაშინ ჩუმად ვკიდებ ხოლმე კედლებზე ნამუშევრებს (იღიმის).
- როგორც ჩანს, ძველი ნივთები გიყვართ...
- მეც და გიასაც გვიყვარს ასეთი ნივთები. ასევე ჩემს შვილ გიორგისაც, რომელიც მათ წლების განმავლობაში აგროვებს და შეიძლება ითქვას, კოლექციონერია. პროფესიით ტელეკინორეჟისორია და სხვათა შორის, ახლა სერიალ "მზარეულებში" ჯიმას როლს ასრულებს. ცოტა ხნის წინ გიორგიმ სარეკვიზიტო გახსნა და ნივთების ნაწილი იქ ინახება. ზოგი გვქონდა, ზოგიც გვაჩუქეს, ან ვიძენთ. გარდა იმისა, რომ ძველი ნივთები მომწონს, ზოგჯერ ამ ნივთებით კომპოზიციებს ვაკეთებ.
ჩემს ოთახში ორი მუზარადია, გიორგის მოტანილი. ასევე გვაქვს: დოქები, ძველი ზარდახშები და სკივრები. ფანჯრის რაფაზე ძველი უთოების კოლექციაა, სპეციალურ ხის დასადებზე მიწყვია ჰაფეზის ლექსების წიგნი, რომელიც ირანიდან ჩამოვიტანე, აქვეა: თორა, ყურანი და ბიბლია...
ქეთი მატაბელის კაბინეტი სავსეა მისი დასრულებული თუ დაუსრულებელი ნამუშევრებით. მის ფოლიანტებში ერთი შეხედვით სრულიად დაუკავშირებელი და სხვადასხვა ფაქტურის ნივთები ერთადაა თავმოყრილი და სიძველის ელფერი დაჰკრავს. ეს ფოლიანტები თითქმის მთელ მსოფლიოშია გაფანტული. მათი მფლობელები არიან როგორც კერძო კოლექციონერები, ისე ბანკები, გალერეები, მუზეუმები, კლინიკები. მისი ნამუშევრები სხვადასხვა გზით და დროს მოხვდა პრეზიდენტ ბუშის რეზიდენციაში, ვატიკანში რომის პაპთან და მსოფლიო პატრიარქთანაც კი...
ამბობს, რომ ძველი ნივთებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბავშვობაში შინ აღმოაჩინეს საგვარეულო ზარდახშა, სადაც XIX საუკუნის ლოცვანი, ვერცხლისა და მომინანქრებული ნივთები ეწყო.
დიასახლისს ლამაზი გვარი აქვს და ასეთივე ლამაზი სახლი ჰქონდათ კახეთში, რომელსაც მისი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. ქეთი მატაბელის წინაპრები სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ, რელიგიით მისი დაინტერესება მისი ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს...
- განსაკუთრებულად საინტერესოდ ის ნივთები გამოიყურება, რომლებიც ბუხრის მიმდებარედ აწყვია...
- ბუხართანაც ბევრი ძველებური ნივთი აწყვია. მათ შორისაა ლამპა, მაკრატელი, უთოს დასადები, შეშის მცირე ზომის ღუმელი, რომელიც გიორგიმ მოიტანა და ა.შ. მისაღებშივე დგას საკერავი მანქანისფეხიანი მაგიდაც, რომელზეც ხის პატარ-პატარა ნივთები გვიწყვია. ძალიან მიყვარს ლამპარი, რომელიც ჩემმა რძალმა მაჩუქა. ინა ფოტოხელოვანია, ვენაში სწავლობდა. მაშინ ჯერ არ იყო ჩვენი ოჯახის წევრი, არ ვიცნობდი და მისი საჩუქარი ძალიან მომეწონა.
- ალადინის ლამპარს ჰგავს...
- დიახ (იღიმის). ლამპარს თან შემოჰყვა ინას გემოვნება, განწყობა და სიყვარული. მოგვიანებით ამ ნივთმა სხვა დატვირთვაც შეიძინა, ჩვენი ოჯახის რელიკვია გახდა. ახლა შიგნით ანგელოზის ფიგურა ჩავდე. ყოველ ახალ წელს ლამპარში ფურცელზე დაწერილ სურვილებს ვყრით. პატარა სანთელს ვანთებ, ფურცლებს ცეცხლი რომ არ წაეკიდოს, და ჩვენი სურვილები ლამპარში მთელი წელი ინახება. წლის ბოლოს, სანამ ფურცლებს დავწვავ, სურვილებს გადავათვალიერებ ხოლმე და ვინტერესდები, რომელი ასრულდა და რომელი - არა. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის.
ასევე ძალიან მიყვარს ჭურჭელი, ეს სიყვარული ოჯახისგან და დედისგან მომდევს. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი ლამაზ ჭურჭელს, მათზე დატანილ ყვავილებს, ორნამენტებსა და დიზაინს. და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გემოვნების განსავითარებლად. მომწონს როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ჭურჭელი. ყოველ დღესასწაულზე თუ წელიწადის ოთხივე სეზონზე, სუფრას ერთგვარი რიტუალივით სხვადასხვა სერვიზით ვაწყობ. მაგალითად, მაქვს ჭურჭელი, რომლითაც სადღესასწაულო სუფრას ვშლი, გაზაფხულზე კარადიდან სხვა თეფშებს გამოვალაგებ ხოლმე... მიყვარს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სუფრის ლამაზად გაშლას.
- "ბუფეტი" შეიძინეთ თუ რომელიმეს ოჯახური მემკვიდრეობაა?
- ჩვენი ერთ-ერთი პირველი შენაძენი ეს ბუფეტია. ბათუმში ჩვენებს ჯაფარიძის ქუჩაზე სახლი ჰქონდათ, რომელშიც 41 ოთახი იყო. ბაბუა რომ გადაასახლეს, ბინა და ნივთები ჩამოართვეს. რაც გადარჩა, დედაჩემთან ინახება. ამბობდნენ, რომ ბაბუას სახლში ძალიან ლამაზი ბუფეტი ჰქონდა. წლების შემდეგ, ქალბატონთან, რომელიც ამ ნივთს ყიდდა, დედამ მიმიყვანა. დედაჩემს და მეც ისეთი განწყობა და ასოციაცია გვაქვს, თითქოს ეს ის ბაბუას ბუფეტია, სინამდვილეში კი უბრალოდ ძალიან ჰგავს. თითქოს ეს ბუფეტი მთელი სამყაროა, მასში ძირითადად ჭურჭელს ვინახავ, ხოლო მის თავზე - საახალწლო სათამაშოებს. ბავშვობა მახსენდება, მაშინაც ასე ვინახავდით სათამაშოებს. ახლა ჩემი შვილიშვილი უყურებს ამ პროცესს და ალბათ მომავალში ისიც მოგონებების ჯადოსნურ სამყაროში მოექცევა. ასევე მაქვს თოჯინების პატარა კოლექცია. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან "არიან": შრი-ლანკიდან, პალერმოდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან...
- თქვენს ბინაში უამრავი ლამაზი მცენარე ხარობს...
- მე და გიას ძალიან გვიყვარს მცენარეები და ცხოველები. ბავშვები პატარები რომ იყვნენ, მაშინ გვყავდა: ძაღლი (ფოქსტერიერი), თევზები, თუთიყუში... ვფიქრობ, ცუდი არ არის ოჯახში რომელიმეს ყოლა.
...ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. ქეთიმ ხატვა რომ დაიწყო, მაშინვე გადაწყვიტა, მხატვარი გახდებოდა. გიასთან კი ეს განწყობა შედარებით გვიან მოვიდა. მამამისი მხატვარი იყო და მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდა მაშინდელი მხატვრების, 50-იანელების თაობა: ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, კოკი მახარაძე და სხვები. შემდეგ, ისევე როგორც ქართველ მხატვართა დიდი ნაწილის გზა, მისიც ტრადიციულად ასე წარიმართა: პიონერთა სასახლის ხატვის წრე, ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია.
ალბათ ბევრისგან გვსმენია, რომ ერთ ოჯახში ორი შემოქმედი რთულია, ზოგი კი თვლის, რომ ერთი პროფესიის ადამიანები უფრო მეტად უგებენ ერთმანეთს. მასპინძლები მეორე მოსაზრებას ეთანხმებიან. ბატონ გიას მიაჩნია, რომ ძალიან საინტერესოა, როცა მეუღლესთან თავისუფლად შეგიძლია ილაპარაკო შენს შემოქმედებით წუხილზე: "მომიჯნავე პროფესიის ადამიანთან საუბარი მარტივია. შეიძლება შენი მეორე ნახევარი ინტელექტუალი იყოს, ან ინტუიციით გაგიგოს, მაგრამ როდესაც მთლიანად ესმის "ის მელოდია", რომელიც შენია, გაცილებით დიდი სიხარულია... ალბათ, ძალიან ცოტა ოჯახში თუ იქნება ისეთი ჰარმონია, როგორც ჩვენთან".
ასევე ფიქრობს მისი მეუღლეც. ერთხელ, ქეთი მატაბელმა თავისი დაკვირვების შედეგი გამანდო: "მაქვს ხოლმე პერიოდი, როცა, ვთქვათ, მხოლოდ ლურჯ ფერზე ვფიქრობ, მაგრამ ამაში მხოლოდ ხატვა არ იგულისხმება, არამედ ვყიდულობ ამ ფერის ჭიქას, ლარნაკს, ფანქარს, ყვავილებს. მოკლედ, სულ ლურჯ ფერს ვეძებ. ასევე ვიცი სხვა ფერების ამოჩემება და რასაკვირველია, ამის შესახებ არავის ვესაუბრები. თითქოს ამას ყურადღებას არც ვაქცევ, მაგრამ უცებ, მეძახის გია, რომ მივიდე და მისი ნამუშევარი ვნახო. მივდივარ და ვხედავ, რომ ისიც იმავე ფერში ხატავს, რომელზეც იმ პერიოდში მე ვფიქრობ... ეს ორჯერ და სამჯერ რომ მომხდარიყო, შეიძლება ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ასეთი თანხვედრა მრავალჯერ მოხდა და ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთგვარი საიდუმლოა, რომელსაც ახსნა ვერ ვუპოვე"...
სახლისა და უნიკალური ნივთების დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში.
ანა კალანდაძე