როგორ შევინახოთ კარტოფილი

დაგვეთანხმებით ალბათ, რომ საქართველოში ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი ბოსტნეული კარტოფილია. ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი ოჯახი ყიდულობს მას დიდი რადენობით ზამთრისთვის შესანახად, მისი შენახვა კი არც ისე ადვილია. რომ არ გაფუჭდეს და შემდეგ მოსავლამდე პირვანდელი სახე შეინარჩუნოს, მოსახმარებლად ვარგისიანიც რომ იყოს, მას შენახვის სათანადო პირობებიც უნდა შეუქმნათ.  ყველაზე მეტად სწორედ გაზაფხულზე ჩნდება ცუდად შენახული კარტოფილის ხარვეზები.


საკუჭნაო
სტაბილური სიგრილისა და სიბნელის გათვალისწინებით, საკუჭნაო კარტოფილის შესანახად იდეალური ადგილია. აქ მხოლოდ ტემპერატურისა და სინესტის კონტროლი გევალებათ. კარტოფილის შესანახად ოპტიმალურ ტემპერატურად +2-+3 გრადუსი მიიჩნევა. უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან

ვერ აიცილოთ ნაყოფის ლპობის პროცესი. ცოტა უფრო დაბალ ტემპერატურაზე კარტოფილი გემოს შეიცვლის და მოტკბო გახდება, ხოლო თუ ოდნავ მაინც მოიყინება, გაშავდება და საკვებად აბსოლუტურად უვარგისი იქნება.


+4 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში კარტოფილს ეზრდება ყლორტები, რომელიც აუცილებლად დროულად უნდა მოაშოროთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში კარტოფილი დაჭკნება. გარდა ამისა, ეს ყლორტები შეიცავს სიცოცხლისათვის ძალიან მავნე ნივთიერებას, სოლანინს.
სანამ კარტფილს შეინახავთ, კარგად შეამოწმეთ თქვენი საკუჭნაო.  დარწმუნდით, რომ ირგვლივ ყველაფერი კარგად არის გამომშრალი, მოიმარაგეთ ხის ყუთები, რომელთაც ექნება ნაპრალები, რათა ჰაერმა კარგად იმოძრაოს. ეცადეთ ყუთი არ დადგათ პირდაპირ იატაკზე. ასევე ეცადეთ ყუთები ერთმანეთის მოშორებით დადგათ.


სახლის პირობები

ყველას არ აქვს საკუჭნაო და ავტოფარეხი, რათა ბოსტნეული იქ შეინახოს. თუ კარტოფილის შენახვა სახლის პირობებში გიწევთ, მოიძიეთ მასალა, რისგანაც გააკეთებთ სპეციალურ სათავსოს, ყუთს.  უმჯობესია ეს მასალა იყოს ბუნებრივი, ხის ნაჭრები, დაფები, ფანერები. შიგნით ჩაყარეთ ნახერხი, რათა შეძლოთ სითბოს შენარჩუნება.

კარტოფილი არ გაფუჭდება ოთახის ტემპერატურაზე 2-3 კვირის განმავლობაში, თუ მას მოათავსებთ დახურულ ხის ყუთში, პერიოდულად გადახედავთ, გადაარჩევთ, მოაშორებთ შელახულ ნაყოფებს და განათავსებთ ცენტრალური გათბობის სისტემისგან ან სხვა რომელიმე გამათბობლისგან მოშორებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები