გამარტივებული ხაჭოს პასკა - გამომცხვარ პასკაზე გემრიელია

ხაჭოს პასკა რატომღაც ნაკლებად პოპულარულია საქართველოში, თუმცა ქრისტიანულ სამყაროში ის ისეთივე განუყოფელი ნაწილია სააღდგომო სუფრისა, როგორც გამომცხვარი პასკა. როგორც ამბობენ, სინამდვილეში პასკა სწორედ ხაჭოს დესერტს ჰქვია, ის მაღალი ნამცხვარი კი, რომელსაც ჩვენს ვაცხობთ, სააღდგომო კულიჩიაო. ასეა თუ ისე, ხაჭოს პასკა ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ ადგილს სააღდგომო სუფრაზე.
მის მოსამსადებლად ბევრი კულინარი გვირჩევს, რომ ჯერ კარგად უნდა გავხეხოთ და გავწუროთ ხაჭო და მხოლოდ შემდეგ შევუდგეთ პასკის მზადებას. თუმცა არაერთმა დიასახლისმა უკვე გამოსცადა, რომ წინასწარი გაწურვის გარეშეც მშვენიერი პასკა გამოდის. ჩვენი რეცეპტიც ზედმეტი

წვალების გარეშეა.
დაგჭირდებათ:
3 კვერცხის გული
300 გრამი შაქარი
200 გრამი კარაქი
1 კგ ხაჭო
200 გრამი რაჟანი
ლიმონის და ფორთოხლის ცედრა
200 გრამი ქიშმიში
ვანილი
300 გრამი წვრილად დამტვრეული მოხალული ნიგოზი, თხილი ან ნუში
მარლა

მომზადება:
ათქვიფეთ გოგლიმოგლი. შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი და თანდათან შეურიეთ ხაჭო. ნელ-ნელა დაამატეთ სხვა ინგრედიენტებიც.
თუ სპეციალური ხაჭოს პასკის ფორმა არ გაქვთ, ნებისმიერი მაღალი ჭურჭელი გამოიყენეთ, რომელსაც ქვემოთ ნახვრეტი ექნება. ბევრი ყვავილის ქოთანსაც იყენებს. მთავარია, მასამ ბოლომდე გაავსოს ჭურჭელი, ან ოდნავ მეტიც იყოს, რადგან გაწურვისას თანდათან დაიკლებს. ჩააფინეთ ჭურჭელში 2-3 პირი მარლა, ჩაასხით ხაჭოს მასა, თავზე მარლის ბოლოები გადააფარეთ, დაადეთ თეფში, რომელიც ზუსტად მოერგება ჭურჭლის რადიუსს და დაადეთ თავზე სიმძიმე. პასკის ჭურჭელი ჯამში ჩადგით და პერიოდულად გადაღვარეთ ხოლმე სითხე, რომელიც ჭურჭლიდან ჯამში ჩაიღვრება.
ჭურჭელში და წურვის რეჟიმში პასკა 2 დღე გააჩერეთ. შემდეგ გამოიღეთ ჭურჭლიდან, მოხსენით დოლბანდი და ლანგარზე მოათავსეთ. ზემოდან შეგიძლიათ ცუკატებით, თხილით ან კაკაოს ფხვნილით გააფორმოთ. თუ გასინჯული არ გაქვთ, გვენდეთ - ყველაზე გემრიელ "სიროკსაც" ჯობია. თან ჯანსაღი და ნატურალურია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები