როგორ გამოიყურება პამელა ანდერსონის 25 წლით მიტოვებული სახლი, სადაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა


პამელა ანდერსონმა ჰოლივუდის ბრწყინვალება და გლამური "უსაფრთხო თავშესაფარში" გაცვალა - ის ბებიის ძველ სახლში კანადის სოფელში გადასახლდა, სადაც ცხოვრების საუკეთესო ეტაპს ატარებს. თუმცა, პირველ რიგში, მასშტაბური რესტავრაციის პროექტი უნდა ჩაეტარებინა.

ვარსკვლავი პამელა ანდერსონი 1990-იან წლებში შოუბიზნესის  ცნობილი ქერა ქალი იყო, სანამ მისი ყოფილი ქმრის, ტომი ლის მიერ გადაღებული სკანდალური ვიდეო მათი თანხმობის გარეშე არ მოიპარეს და არ გაყიდეს. ამის შემდეგ ანდერსონის კარიერა და პირადი ცხოვრება დაინგრა, მაგრამ ახლა ის დაბრუნდა, დღევანდელი პამელა ნაკლებად სკანდალური და უფრო კეთილგონიერია, მისი სტილი და ცხოვრებისეული შეხედულებებიც შეიცვალა.

ჰოლივუდის გლამური და ბრწყინვალება მას
აღარ იზიდავს. ანდერსონმა გაყიდა თავისი ქონება ლოს-ანჯელესა და მალიბუში და თავი დააღწია ვანკუვერის კუნძულზე მდებარე დიდი ქალაქის აურზაურს - გადაბარგდა ბავშვობის სახლში, რომელიც ოდესღაც მის ბებია-ბაბუას ეკუთვნოდა, მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ მიტოვებული იყო.

მსახიობმა მამულის რემონტი რეალითი შოუდ აქცია, რომელიც ტელევიზიით გადიოდა სახელწოდებით "პამელა ანდერსონის ოჯახის სახლის რემონტი". მან შეკრიბა გუნდი, რომელსაც ვანკუვერელი დიზაინერი ფრანჩესკა ალბერტაცი და მაღალკვალიფიციური მშენებლები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის მისი მეოთხე ქმარი დენ ჰეიჰერსტი.


პამელას სურდა შეენარჩუნებინა სახლის ფასადი და თავდაპირველი იერსახე, თუმცა უნდოდა კიდევ უფრო გაელამაზებინა, რათა საათობით ჯდომა, ყავის სმა და მარტოობით ტკბობა შეძლებოდა.

ახალი რემონტისთვის მთავარი სტილი რომანტიკული და ვინტაჟური კოტეჯი იყო. ახალ ინტერიერში წარმოდგენილია მრავალი ნივთი, რომლებსაც ისტორია აქვთ - ანტიკვარული ჩემოდნები, ნახატები, ნაქსოვი კალათები, ძველი ავეჯი და ფირსაკრავიც კი.

სახლის ფასადის ცენტრალური ელემენტი ღია ვერანდაა, სადაც პამელამ თავისი საყვარელი ნაქსოვი ავეჯი ვარდისფერი ყვავილებიანი ბალიშებით გაალამაზა. 

ბუნებასთან სიახლოვე ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მსახიობს აქ დაბრუნება სურდა. ფანჯრებიდან ტყისა და სანაპირო ზოლის წარმოუდგენელი ხედები იშლება. მგზნებარე გარემოს დამცველ პამელას არ სურდა ტერიტორიაზე ხეების მოჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ლანდშაფტის მოწყობის საერთო ხარჯებს გაზრდიდა.

ბუნებასთან ასეთი ერთობის მომენტების შესაქმნელად პამელამ ითხოვა ვარდების ბაღის ცენტრში გარე სასადილო ზონის მოწყობა. ანდერსონს უყვარს ვარდები და ყოველწლიურად ახალ ჯიშებს უმატებს თავის კოლექციას. მსახიობმა ასევე გააშენა დაახლოებით 5000 კვადრატული ფუტის ფართობის ბოსტნეულის ბაღი. მას არ ეშინია ხელების დასვრას და პირადად უძღვება მიწის სამუშაოებს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები