"საშობაო სასწაულიც არის ამ ცომთან მუშაობისას - გამორიცხულია, გემრიელი არ გამოვიდეს..." - დახვეწილი ჯინჯერის სახლები ქართველი დიასახლისისგან

ხათუნა მაღლაკელიძეს რამდენიმე პროფესია აქვს და ბევრი მიმართულებით უმუშავია, სკოლიდან ტელევიზიებამდე და პარლამენტშიც, თუმცა ამ ეტაპზე დიასახლისია, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე წელია, საახალწლოდ გამორჩეულ და დახვეწილ ჯინჯერის სახლებს ამზადებს, რომლებიც ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს და ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო. ხათუნა თავად გვიამბობს თავის საქმიანობაზე.


- პროფესია რამოდენიმე მაქვს და საშუალება რომ მქონდეს, კიდევ ვისწავლიდი, ძალიან მიყვარს სწავლის პროცესი, თუმცა ჩემი გამოცდილებებიდან გამომდინარე, დღეს არ ვმუშაობ, სამწუხაროდ. ჯანჯაფილთან დაკავშირებული ისტორიაც სწავლას უკავშირდება. 1998 წელს ვსწავლობდი სტრასბურგში და ჩაბნელებული თბილისიდან უცებ აღმოვჩნდი საშობაოდ მორთულ ელზასის მიწაზე.
ლექციების შემდეგ ყოველდღე კლებერის მოედანზე მივდიოდი და ვათვალიერებდი დეკორაციებს, საშობაო ბაზრობებს. სწორედ იქ ვნახე პირველად ჯანჯაფილის ორცხობილები, ულამაზესად მოხატული და საოცრად სურნელოვანი, გემოზე აღარფერს ვიტყვი, ყველამ იცის, როგორი გემრიელია. იმ პერიოდში არც მიფიქრია, გამომეცხო და მესინჯა, როგორი გამომივიდოდა, იმ პერიოდში მე და სამზარეულო საერთოდ არ ვმეგობრობდით (იცინის). 2009 წელს დაიბადა ჩემი შვილი და მეორე წელს გვესტუმრა ჩემი შვილის ნათლია, ცნობილი შეფი ნინო ფანჯაკიძე. ჩემთან სახლში გამოაცხო ელენესთვის ჯანჯაფილის სახლი, ერთად ვაწყობდით და არასდროს დამავიწყდება ის მხიარულება და სახლში დატრიალებული საოცარი სურნელი, რომელმაც სტრასბურგი გამახსენა. ნინომ შემომთავაზა,  მესწავლა ამ სახლების გამოცხობა, აწყობა, მორთვა და გამელამაზებინა შობა-ახალი წლის დღეები ადამიანებისთვის.


ძალიან კარგად გვახსოვს მეც და ჩემს მეუღლესაც პირველი სახლის „აშენების“ პროცესი - ავაწყვეთ, გავალამაზეთ და აივანზე გავიტანეთ, რომ კარგად გამშრალიყო. თან აღვნიშნავ იმას, რომ იმ დროს თბილისში არ იყო როიალ აისინგი და ცილით გავაკეთე მასა, რითიც სახლის კედლები მივამაგრე ერთმანეთს. ძალიან ვღელავდი, მინდოდა, რომ სანამ ჩემი შვილი გაიღვიძებდა, სახლი დახვედროდა ნაძვის ხესთან... და ამ დროს, აივანზე გასულს დამხვდა სახლი ჩამონგრეული... ძალიან ვინერვიულე, ხელის ჩაქნევასაც ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მითხრა, კიდევ უნდა სცადო, ისეთი გემრიელია და ლამაზიც გამოგივაო... ხელახლა დავიწყე და მართლაც გამოვიდა! 2011 წლიდან უკვე ტრადიციულად ვიწყებ ნოემბერში სახლების ცხობას და მორთვას. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან ძვირფასია. ვრთავ ხასიათის მიხედვით, ერთნაირი არ არის, არ ჰგავს ერთმანეთს. ცალკე მაქვს ბავშვებისთვის ასაწყობი სახლი და უკვე არის ისეთი საშუალებები ბაზარზე, რომ გამომცხვარი სახლები არ დაინგრეს.
მიხარია, რომ ეს ტრადიცია არის უკვე ჩვენთანაც და ნინოსთან ერთად, საქართველოში მეც ვარ ამ ტრადიციის სათავეებთან.


- როგორია სამუშაო პროცესი, რა პროდუქტებს იყენებთ, რა დროს ანდომებთ? რით არის გამორჩეული სხვებისგან თქვენი ნამუშევრები, გარდა იმისა, რომ მართლაც ძალიან ლამაზი და დახვეწილია?
- მზადდება ცომი, რომელიც მზადდება და 3-4 საათი "ისვენებს" მაცივარში, სანამ გამოვაცხობ. არის ბევრი რეცეპტი უამრავი მომისინჯავს და მინდა გითხრათ, რომ ყველა კარგია. მე ვფიქრობ, რომ საშობაო სასწაულიც არის ამ ცომთან მუშაობისას - გამორიცხულია, გემრიელი არ გამოვიდეს. აი, სცადეთ და დარწმუნდებით.
 ჩემი სახლები, გეთანხმებით, გამორჩეულია და მეც ძალიან მომწონს, მეტიც - ძალიან მიყვარს. მახარებს ისიც, რომ ჩემს სახლებს ცნობენ და უფრო მოტივირებული ვარ, რომ უკეთესი შედეგი მივიღო თუნდაც შემდეგ წელს.
არის კლასიკური ვერსია, რომელშიც მთლიანად სახლი ჯანჯაფილის ცომისგან მზადდება. 2018 წელს პირველად მოვსინჯე შუშებიანი ვარიანტი, ისიც იმიტომ, რომ სადაც "აისინგს" ვყიდულობ, იქ ვიპოვე "იზომალტი". რომ ამიხსნეს, რაც იყო, მაშინვე ვიფიქრე შუშებიან სახლზე - მანამდე პინტერესტზე ვნახე ულამაზესი სახლი, ოღონდ იმის შუშები ჟელატინის ფირფიტების იყო. იზომალტი კი, სამუშაოდ კი რთულია, თუმცა ეფექტი საოცარი აქვს.
პროცესი საკმაოდ სათუთი და რთულია, ამიტომ ვღელავ ხოლმე, როდესაც გაცხელებულ ღუმელში, სადაც დევს ცომი, ამ ცომში ამოჭრილ ფანჯრებში მაქვს ჩაყრილი იზომალტი (რომლისგანაც შუშები კეთდება).  იზომალტი თეთრია და იქვე ვაწვეთებ საკვებ საღებავს, ხის ჯოხით ვურევ და ეს უნდა მოვასწრო სწრაფად, ცომზე რომ არ იმოქმედოს ტემპერატურის ცვლილებამ და ასევე იზომალტზეც... მაგრამ ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის არის ღელვა - სანამ სახლის საბოლოო შედეგს არ დავინახავ, ძალიან ვნერვიულობ. მთლიანად ჩართული ვარ პროცესში და დავაკვირდი, რომ იმ პერიოდში, როდესაც სახლებს ვქმნი, არ ვიცი, რა რიცხვია, რომელი დღეა და გარეთ რა ხდება (იცინის).


- ვინ გეხმარებათ?
- ჩემი მეუღლე მეხმარება, რომ არა ის, მე არაფერი გამომივიდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. პროდუქტები მას მოაქვს და მე ვაკეთებ დანარჩენს. შესაფუთ მასალასაც ის არჩევს. 

- რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დიასახლისები ჯინჯერის სახლების კეთებისას და რას ურჩევდით მათ?
- შეცდომა ყველას მოსდის, მეც მათ შორის. თავში მოვყევი პირველი სახლის დანგრევის ისტორია და ხომ ხვდებით, რატომ მოხდა. არ მქონდა როიალ აისინგი, არ იყო მაშინ საქართველოში და ახლა გვაქვს, ეს შეცდომაც გამოსწორებულია და ძალიან მიხარია. ცილით როდესაც კეთდება აისინგი, მისი ტექსტურა ძალიან განსხვავდება. ამიტომ ერთადერთი შეცდომა, რომელიც ჯინჯერის სახლთან მიმართებაში შეიძლება დაემართოს ვინმეს, სწორი ინგრედიენტები უნდა შეიძინოთ და სანერვიულო გადაიქცევა სიამოვნებად, ოჯახთან ერთად მხიარულებაც გარანტირებული გაქვთ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ხომ არ აპირებთ საკონდიტრო მიმართულებით გაფართოებას?
- ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე. აწარმოო ბიზნესი და არ იფიქრო რისკებზე, წარმოუდგენელია და ახლა რომ დავიწყო, რისკები უფრო მეტია ჩამონათვალში, ვიდრე - რას გავაკეთებ. ქვეყანაში როგორი არამდგრადი ეკონომიკური ვითარებაც არის, ამის გამო ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. ვნახოთ, როგორი ვითარება იქნება ხვალ და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები