„ვერც ერთი კლიენტი მებუხრის შეცდომას წინასწარ ვერ მიხვდება, სანამ ცეცხლს არ დაანთებს... კვამლი რომ ოთახში გამოვა, ის ბუხარი აღარ არის“ - რჩევები გამოცდილი მებუხრისგან

საქართველოში ბუხრის მსურველების რიცხვმა ძალიან მოიმატა და მებუხრეებსაც კარგი დრო დაუდგათ საკუთარი ხელობისა და მოგიზგიზე ბუხრების წარმოჩენისთვის. მებუხრის პროფესიაც პრესტიჟული ხდება. იმავდროულად, "ჭირი მოგჭამათ" ძველი ბუხრების ნგრევის ეპოქამაც.

მცხეთაში თითქმის 4 ათასწლეულის წინანდელი თიხის კერიებია აღმოჩენილი, სადაც კიდეც თბებოდნენ და კერძებსაც ამზადებდნენ. შემდეგ შუაცეცხლი ბუხრად გადაკეთდა, რომელიც უფრო კომფორტულიც იყო და კვამლითაც ნაკლებად შემაწუხებელი. დღეს ბუხარი კომფორტულობის სიმბოლოა, მით უფრო, რომ აშენება საკმაოდ ძვირია, 2-დან 50 ათას აშშ დოლარამდე ჯდება. შემკვეთს გააჩნია. თუმცა, როგორსაც უნდა ვიშენებდეთ, ყველა ბუხარს სჭირდება შეშა,
რაც ასევე მეტად დაფასდა დღეს.

ახალგაზრდა მებუხრეები სანთლით ეძებენ ხანდაზმულ ოსტატებს, რათა მათგან ეს პროფესია უკეთესად შეისწავლონ. ასაკოვანი და გამოცდილი ოსტატები ბუხრის პროპორციებს თვალის შევლებითაც ადგენენ იმგვარად, რომ ბუხრიდან კვამლი არ გამოდიოდეს და არავის აწუხებდეს, ახალგაზრდებს კი ამისთვის ნახაზები სჭირდებათ, რაზეც მოხუცი მებუხრეები, ცოტა არ იყოს, ულვაშში იღიმიან. ასე ისწავლა საჩხერის სოფელ შალაურში მებუხრეობა რევაზ ბუსხრიკიძემაც. დღეს მას უამრავი ბუხრის შეკვეთა აქვს, მათ შორის თანასოფლელებისგან, რომლებმაც ოდესღაც ბუხრები დაანგრიეს და ახლა ძალიანაც ნანობენ. რევაზის "ხელში ჩაგდება" არც ისე ადვილია - საქართველოში ახალ მშენებლობებზე ყოველი მეოთხე ოჯახი ბუხარს იშენებს.


- როდესაც ხალხი ბუხრებს ანგრევდა, ასეთი ახსნა ჰქონდათ: ბუხარი ჭუჭყიანი და ზედმეტიც არის, ან სად უნდა ვიშოვოთ ამდენი შეშა, გარდა ამისა, ადგილს იკავებსო. ახლა ბუხრის ხელახლა აშენებაზე რას ამბობენ?

- არა მგონია, ბევრი ფიქრი იხარჯებოდეს იმის გაცნობიერებაზე, რატომ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა ბუხრის აშენება. მთავარია, მსურველს ფული ჰქონდეს, თორემ ბევრი მოფიქრებისთანავე მზად არის მიზიდოს აგური და ცემენტი და რამდენიმე დღე ბუხრის შენებისას მტვერში გაატაროს. დღეს კორპუსებშიც ბევრი აშენებს ბუხრებს, ზოგი რემონტის დაზიანებასაც არ ერიდება. რა თქმა უნდა, ჯობს ბუხარი სახლის აშენების პარალელურად გამართო, მაგრამ თუ ასე ვერ გაკეთდა, არც ბუხრის შემდეგ აშენებაა პრობლემა. ბუხრის გამართვას მხოლოდ 4-5 დღე სჭირდება.

- ბუხრებს ქალაქებში უფრო აშენებენ, ვიდრე სოფლებში?

- ერთნაირად. თუმცა საბოლოოდ დასრულებული ბუხრის ნახვა და ცეცხლის დანთების "ტესტი" ქალაქელ ბავშვებს უფრო ახარებთ. როდესაც კორპუსის სასტუმრო ოთახში ცეცხლი აგიზგიზდება, პატარებს ისეთი გაოცებული და გახარებული სახე აქვთ, ალბათ, იმიტომ, რომ ზოგიერთს აგუზგუზებული ცეცხლი მანამდე არ უნახავს.

- თუმცა ბავშვებს ბუხრის კვამლი არ უყვართ.

- ბუხრიდან რომ კვამლი გამოვა, ის ბუხარი აღარ არის. ჩემს პროფესიაში თუ გინდა საქმის შენარჩუნება, შენს აშენებულ ბუხარში კვამლი არ უნდა გამოდიოდეს. კვამლი ბუხრის ყელში უნდა ადიოდეს და იქიდან ზეცაში მიფრინავდეს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები