მცენარეები, რომლებიც სახლს ეკოლოგიურად აჯანსაღებენ

რა ზომებს უნდა მივმართოთ, თუ რემონტი უკვე გავაკეთეთ, მაგრამ სპეციალისტები რჩევები არ გაგვითვალისწინებია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საშენ მასალებთან დაკავშირებით? ამ შემთხვევაში ჩვენს დასახმარებლად ოთახის მცენარეები მოდიან. ისინი დაიწყებენ ბრძოლას ტოქსიკურ ნივთიერებებთან. ამ თემაზე ეკოლოგი ინგა ბაშიროვი გვესაუბრება:

 

- შენობაში ჰაერის ტოქსინებით დაბინძურების ძირითადი მიზეზი გახლავთ თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები. ქოთნის ყვავილების უმრავლესობა მოქმედებს, როგორც ერთგვარი ბუნებრივი ფილტრი, ისინი ეწევიან ჩვენთვის მავნე ნივთიერებების გადამუშავებას და ხელს უწყობენ სახლებში სუფთა ჰაერის შენარჩუნებას. მცენარეებს სპეციფიური ბიოლოგიური თვისებები აქვთ. ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ელემენტები ეფინებიან

მცენარეების ფოთლებსა და საჰაერო ფესვებზე, ვინაიდან მცენარეებისთვის ეს ელემენტები მათი საარსებო წყაროა. მცენარეების ფესვებში ბინადრობენ სიმბიონტი-ბაქტერიები, რომლებიც ისრუტავენ ფოთლებზე დაფენილ მავნე ელემენტების ნარჩენებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ოთახის მცენარეები ესთეტიკურ დატვირთვასთან ერთად ასრულებენ ბიოლოგიური ბარიერების ფუნქციას.
მავნე მინარევებისგან ჰაერის გამწმენდი საუკეთესო ოთახის მცენარე ქლოროფიტუმია. ეს მცენარე თითქოს სპეციალურად შექმნილია დაბინძურებული გარემოსთვის, სადაც გადასარევად გრძნობს თავს. ასევე მშვენივრად ატენიანებს ჰაერს და დევნის სახლიდან ბუზებს. გარდა ამისა, ეს ლამაზი მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს და მოვლას. ასევე სასარგებლო აბსორბენტის თვისებები აქვს ალოეს და სუროს. ტოქსინებს გადასარევად შეებრძოლება ულამაზესი მცენარე დიფენბახი. თუ თქვენი ბინის ან ოფისის ფანჯარა გზის სავალ ნაწილზე გადის, ან სულაც ინდუსტრიული ხედი გაქვთ, დადგით ფანჯარაზე ერთი-ორი ჭრელი დიფენბახი.
ტოლუოლს და ქსილონს კარგად იწოვენ ქლოროფიტუმი, ატურიუმი, ნეფროლეპისი, ფიკუსი; ამიაკს ანეიტრალებს: მარანთა; ბენზოლს ერევიან: დრაცენა, სურო, აზალია; ნახშირბადის ოქსიდს ანეიტრალებს: ეპიპრენუმი.


ასე რომ, მცენარეები გარემოსაც გაგილამაზებენ და თქვენს ჯანმრთელობაზეც იზრუნებენ.
სალომე გორგოშიძე

კომენტარები

ტატა 2016-09-05 21:20
დიფენბახია და სურო სასიკვდილოდ საშის მცენარეებად არის ცნობილი და თქვენ გვირჩევთ მათ სახლში განთავსებას?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები