ალბათ, ყველას გიოცნებიათ საკუთარ სახლზე, ლამაზი ტერასითა და ზამთრის ბაღით, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეგეძლებათ დატკბეთ მშვენიერი მცენარეებითა და ხედებით. თუმცა საკუთარი სახლი ყველას არ აქვს. აბა, როგორ შეიძლება ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევა?
თუ თქვენს საცხოვრებელ ბინას აქვს აივანი ან ლოჯია, გარკვეული დანახარჯების გათვალისწინებით, თავისუფლად შეგიძლიათ აქციოთ ის ულამაზეს ორანჟერეად. თქვენს აივანზე მოწყობილი მინიატიურული ჯუნგლები თვალსაც გაახარებს, ჰაერსაც გაწმენდს და დაატენიანებს.
ორანჟერეის მოსაწყობად პირველ რიგში, აივნის შემინვა დაგჭირდებათ. უმჯობესი იქნება, თუ აივანს გარეთა მხრიდან ორმაგ მინებს დაუმონტაჟებთ, ოთახიდან აივანზე გასასვლელად
ზამთარში აივანი უნდა გავათბოთ. საამისოდ საუკეთესო საშუალება იატაკქვეშა გათბობაა. ის სითბოს თანაბრად ანაწილებს, თუმცა, ისეთი გამათბობლის დამონტაჟებაც შეიძლება, რომლის მეშვეობითაც ტემპერატურის გაკონტროლებას და დარეგულირებას შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ აივანზე ელექტროჩამრთველის დაყენებაც, რომელიც გამათბობლის ან ჰაერის დამატენიანებლის ჩასართველად დაგჭირდებათ. ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, თქვენს ლამაზ ბაღში კომფორტულად მოკალათდეთ სავარძელში, ჩართოთ კომპიუტერი და მშვიდად იმუშაოთ. გასათვალისწინებელია განათების საკითხიც. გირჩევთ დღის განათების დაყენებას. თუ გამოიყენებთ სპეციალურ განათებას მცენარეებისთვის, გაითვალისწინეთ, რომ ის ადამიანის თვალისთვის არც ისე სასიამოვნოა. ამიტომ, მის პარალელურად ჩვეულებრივი განათების დამონტაჟებასაც გირჩევთ.
ზაფხულის მცხუნვარე მზემ თქვენს მცენარეებს დისკომფორტი რომ არ შეუქმნას, ფანჯრებზე ჟალუზები დააყენეთ, ეს თქვენს ყვავილებს მზის მწველი სხივებისგან დაიცავს.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი, კარგად მოიფიქრეთ, რომელ მცენარეს გაახარებთ თქვენს ლამაზ ბაღში. მოგეხსენებათ, ყველა მცენარეს გარკვეული კლიმატი და პირობები სჭირდება, ასე რომ, სანამ რომელიმე მცენარის გახარებას გადაწყვეტთ, განსაზღვრეთ, თქვენს ბინაში შექმნილი პირობები რამდენად სრულყოფილად დააკმაყოფილებს ამა თუ იმ ყვავილის მოთხოვნას. სითბოს მოყვარული მცენარეების მოშენებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოთ. აი, ბეგონია კი საკმაოდ კარგად იგრძნობს თავს გრილსა და ტენიან ატმოსფეროში.
თუ ორანჟერეის მოწყობა საკმაოდ შრომატევად და დამღლელ საქმიანობად გეჩვენებათ, შეგიძლიათ აივანზე სეზონური ბაღი მოაწყოთ, რისთვისაც მხოლოდ რამდენიმე ქოთნის ყვავილი დაგჭირდებათ. ზოგს ჩამოკიდებთ, ზოგს ძირს დადგამთ, თუმცა კლიმატური პირობების გათვალისწინება ყვავილებისთვის აქაც აუცილებელია.