"მეუღლე დამცინოდა, მომღერალი მეგონე და მიჩურინი ყოფილხარო"

"სასიამოვნო და თანაც განსხვავებულ თემაზე გვიწევს საუბარი. რა ჯობია, როცა "მზიურითა" და ჩემი ბავშვობით არ ვიწყებთ დიალოგს. ყველა ინტერვიუში ერთსა და იმავეს ვყვები და ამიტომ ინტერვიუებიც ერთმანეთს ემსგავსება. ახლა მცენარეებზე უნდა ვილაპარაკოთ და ძალიან მიხარია", - გვითხრა მომღერალმა მაია ჯაბუამ. მას მცენარეების მოვლა დიდი ხანია იტაცებს და ცდილობს, ქალაქის ცენტრში, მრავალსართულიანი კორპუსის მაღალ სართულზე ლამაზი გარემო შექმნას.

- ბოლო ხანს ჩვენში მცენარეების მოვლა-მოშენების სურვილი ბევრს გაუჩნდა.
- ბევრი მისდევს მებაღეობა-მეყვავილეობას, მაგრამ ვისურვებდი, მეტნი იყვნენ, რადგანაც მცენარეების მოვლით ადამიანი თვითონაც კარგად

იგრძნობს თავს, ოჯახის წევრებიც და მათი სტუმარიც.­ ყოველი გამწვანებული აივანი გარემოს ალამაზებს, ქალაქის სახეა, აჩვენებს, როგორი და რა კულტურის მქონე ხალხი ცხოვრობს. ბევრი ოჯახი ამრავლებს და უვლის შინ მცენარეებს, მაგრამ თუ ეზოების, სადარბაზოების გამწვანებაზეც გადავალთ, უკეთესი ქალაქი და გარემო გვექნება.


- უპირველესად ჩვენ მივიღებთ სიამოვნებას...
- რა თქმა უნდა. თბილისში რამდენიმე აივანი მაქვს ამორჩეული. ერთგან ნუშის ხე ხარობს, გაზაფხულზე განსაცვიფრებლად ლამაზია, აქვე, ჩვენს პარალელურ ქუჩაზეც არის პატარა აივანი, ნამდვილი ბაღნარია, პატრონს არ ვიცნობ, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ. საერთოდ, მიყვარს ქალაქში სიარული, ძველი სადარბაზოების კარების თვალიერება, ყვავილებიან აივნებსაც ვეძებ.

- თქვენს აივანზე რას გვეტყვით?
- არაჩვეულებრივი ხედი გვქონდა, მთელი ქალაქი ჩანდა, მაგრამ წინ კორპუსი ჩადგეს და... რომ არ მენერვიულა, ჩემმა მეუღლემ კონსტრუქცია შეუკვეთა, რომელიც აივნის მოაჯირს მოვარგეთ, მასზე ხვიარა ვარდები და სურო ავუშვით. თუ ქალაქის ლამაზ ხედს ვერა, ჩემს ლამაზ ყვავილებს მაინც შევხედავ, თან, აივანსაც აცოცხლებს. მცენარეები ყოველთვის მიყვარდა, სულ მქონდა, თუმცა ადრე ხმებოდნენ. ახლა სულ თავს დავტრიალებ და არაჩვეულებრივად ხარობენ. მომაკვდავი მცენარეც გადამირჩენია და მომიბრუნებია, თან ისე, რომ მერე აყვავებულა. ეს დიდი სიამოვნებაა, პატარა გამარჯვებაც - სიცოცხლე სიკვდილისგან იხსენი და მანაც სილამაზით გიპასუხა.
საგურამოში სახლს ვაშენებთ, მაგრამ ეზოს მოწყობა უკვე დავიწყე - რაღაცები დავრგე. შარშან კვიპაროსები და ცაცხვები ჩავრგეთ, რამდენიმე დღის წინ სურო და ულამაზესი კლიმატისი. აპრილში ვარდებს გავაშენებ. ბევრ კარგ რამეს ვგეგმავ.

- ზოგი ხელს აიქნევს, - სად მაქვს მაგის დრო და ნერვებიო...
- ერთხელ სინჯონ, რთულად გასაზრდელი და მოსავლელი მცენარით ნუ დაიწყებენ. როგორ დავიჯერო, რომ ერთი ყვავილი მაინც არ მოსწონებიათ და მისი შეძენის სურვილი არ გასჩენიათ? შეიძინონ, დაიწყონ და მიხვდებიან, რა სიამოვნებაა. თან ამ საქმეს არც ისე დიდი დრო მიაქვს. ყოველდღიურად რამდენიმე წუთი, როგორც სახლს უნდა ხელის შევლება, ასევე ყვავილებს - მორწყვა, ზოგჯერ გასხვლა და სხვა.
როცა თბილისიდან მივდივარ და შინ შვილები რჩებიან, ვთხოვ, ყვავილებს მიხედონ. უვლიან კიდეც და ასე გამოხატავენ ჩემ მიმართ პატივისცემას.

- თვითონ არ უყვართ მცენარეები?
- არ გიჟდებიან, მაგრამ თუ შემთხვევით რომელიმე ყვავილი რაღაც მიზეზით გაფუჭდა, გული ყველას გვწყდება. ისე, მცენარეები უფრო უმცროს ბიჭს, ნიკოლოზს უყვარს. ერთხელ კონცერტის დროს, საგრიმი­ოროში, პატარა ქოთანში ჩარგული გამ­ხმარ-გაყვითლებული მცენარე ვიპოვე, მიწაც კი გამომშრალი ჰქონდა. წამოვიღე­ შინ, კარგად მოვუარე და ნელ-ნელა მოსულიერდა, ულამაზესი წითელი ყვავილი გამოიტანა. სხვათა შორის, ბებიაჩემს ჰქონდა ასეთი ხელი, მასთან ყველა მცენარე მშვენივრად ხარობდა. სულ ვამბობდით, ბებომ ფანქარი რომ ჩაარჭოს მიწაში, აყვავდებაო. განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, გულით უვლიდა და მცენარეც ხარობდა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები