ოთახის მცენარეები, რომელთა მოვლა გამოცდილ ფლორისტებსაც კი უჭირთ

ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ოთახის ისეთ მცენარეებზე, რომელთა მოვლა რთული ნამდვილად არ არის, ისინი განსაკუთრებულ პირობებს და ყურადღებას არ საჭიროებენ, თუმცა არის ისეთი მცენარეებიც, რომელთა პატრონობა გამოცდილ მებაღეებსაც კი უჭირთ. მოდით გავეცნოთ მათ, სანამ შემთხვევით აღმოჩნდებიან ჩვენს ხელში.

კტენანტა

ძალიან ელეგანტური მცენარეა, რომელიც საოცრად გამოიყურება ინტერიერში, თუმცა ეს სილამაზე და ელეგანტურობა მის პატრონს ძვირად უჯდება. კტენანტა საკმაოდ მომთხოვნი მცენარეა. მას ძალიან უყვარს სითბო, ოღონდ ზომიერი და ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი არ გირჩევთ მის აივანზე გატანას. ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა მისთვის 21-25 გრადუსია. მისი ფოთლებისთვის
ხარისხის და იერსახის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ნოტიო მიკროკლიმატის შექმნა. ფოთლები რეგულარულ დანამვას საჭიროებს.

ფილოდენდრონი "ვარდისფერი პრინცესა"

ეს ფილოდენდრონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჯიშია, რომელიც ცნობილია თავისი ვარდისფერი ფოთლებით. ეგზემპლარი არასტანდარტულია, ინტერიერში კი საუცხოოდ გამოიყურება. ეს სახეობა ძალიან ადვილად ემორჩილება ფესვთა ლპობის პროცესს, არადა, უყვარს უხვი წყალი და ნოტიო ნიადაგი. ბალანსის პოვნა კი მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. მისი ულამაზესი ფოთლებისთვის კი მზის პირდაპირი სხივები შესაძლოა დამღუპველიც კი აღმოჩნდეს.

აგლაონემა

ეს მცენარე ძალიან მომთხოვნი და მკაცრია. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ მისი ვიზუალი, უნდა უზრუნველყოთ ხანგრძლივი დღის სინათლით და გაფანტული განათებით. საყურადღებოა მისი მორწყვის პროცესიც, საჭიროებს რეგულარულ მორწყვას, თუმცა არა უხვად.

მონსტერა

ეს არის დიდი ზომის მცენარე, რომელიც ყურადღების მიღმა ვერასდროს დარჩება. დიდი ზომის ლამაზი ფოთლები ამ მცენარის მთავარი კოზირია. მისი მთავარი მოთხოვნა განათებაა. მზის ნაკლებობის შემთხვევაში ფოთლები ხიბლს კარგავს, აქტიური სხივები კი წვავს. გარდა ამისა, მის ფოთლები რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს ნამიანი ტილოთი.

კორდილინა

კიდევ ერთი ულამაზესი ოთახის მცენარე. მისთვისაც მთავარია განათება - უნდა იყოს კაშკაშა, თუმცა გაფანტული.
წყალს საჭიროებს ზომიერად, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში. ხშირად ცვივა ქვედა ფოთლები, რაც მისთვის ბუნებრივია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები