ულამაზესი წალკოტი თბილისურ ვერანდაზე და ყვავილების მოვლის განსაკუთრებული წესები

ულამაზესი წალკოტი, რომელსაც "შინ"-ის საშუალებით დაათვალიერებთ, არც რომელიმე აგარაკზე და არც კერძო სახლის ეზოში არ არის გაშენებული. ეს ბაღნარი ქალბატონმა ნანა წაქაძემ ლისი ვერანდაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოაწყო. სახლში შესვლამდე, ჯერ კიდევ სადარბაზოში იგრძნობა, რომ იქ ნამდვილი მეყვავილე ცხოვრობს. ვერანდაზე აღმოჩენილს კი ყველაფერი გაგაოცებთ - თვალწარმტაცი ხედები, ულამაზესი ყვავილები, დეკორაციები. 


- 2014 წლის ივნისში გადმოვედი ამ სახლში, ერთი წლის მერე დავიწყე გამწვანება. რასაც ჩემს ტერასაზე ხედავთ, ერთ წელში გავაკეთე. შარშან მაისში აქ მხოლოდ ბეტონი იყო. თავიდან არ ვიცოდი, როგორ უბერავდა ქარი. ახლა

სადაც დარგული მაქვს ტუიები, იმ ადგილას თავიდან ჩარგული მქონდა არყის ხეები, უფრო გამჭვირვალე და ლამაზი იყო. ივნისში აქ ძლიერი, ცხელი ქარი იცის და ყველა გამიხმა. შემდეგ გავიკითხე და მითხრეს, რომ ტუიები უძლებს ასეთ ქარს, სიცხეს და მეც ჩავამწკრივე ჯარისკაცებივით.

- თქვენ თვითონ უვლით ყველაფერს?
- კი, ყველაფერს მე თვითონ ვუვლი, ხომ ნახეთ, რა დღეში მაქვს ხელები. რომ ვიწყებ ორშაბათს, შემდეგ ორშაბათამდე ვერ ვლევ საქმეს. ძალიან დიდი შრომა უნდა ჩადო, რომ შედეგი მიიღო. სათითაო ქოთანი გამომაქვს, ვუჩიჩქნი ძირებს, ვაცლი ხმელ ფოთოლს და ყვავილს, ვრწყავ, ვწამლავ. მე თვითონ გავაკეთე თავიდან ბოლომდე - იდეები, დიზაინი, განხორციელება მე მეკუთვნის. 


- მოვლის წესები იცოდით, თუ რაც ეს ტერასა გაამწვანეთ, მას მერე ისწავლეთ?
- ზესტაფონის რაიონში გავიზარდე, სოფელ მეორე სვირში. თავიდანვე მიყვარდა ყვავილები. მიწასთან ურთიერთობა კარგი თერაპიაა. უნივერსიტეტი დავამთავრე, ეკონომისტი ქალი ვარ, მთელი ცხოვრება ბიზნესი მქონდა, ერთი წელია დავანებე თავი საქმიანობას და ამ ტერასის მოვლით და გალამაზებით ვარ დაკავებული. სანამ აქ გადმოვიდოდი, აღმაშენებელზე ვცხოვრობდი, იქიდან წამოვიღე ქოთნის ყვავილები. როგორც კი გაზაფხულდა და დადგა მაისი, დავიწყე ტერასის გამწვანება. ვიყიდე უამრავი მცენარე და ქოთნებში ჩავრგე. მომივიდა იდეა, რომ კედლის წინ ბორდიურები გამეკეთებინა. მცენარეები ისე შევარჩიე, რომ ბორდიურები მათი ფესვებისთვის საკმარისი ყოფილიყო. ჩავრგე ღვიები, ჟასმინი, სხვადასხვა დეკორატიული მცენარე, ბალახი.


- კვებას თუ აძლევთ მცენარეებს?
- კი, რა თქმა უნდა. ვყიდულობ სპეციალურ ხსნარს, ვხსნი 10 ლიტრ წყალში. უკვე ვიცნობ მაღაზიაში გამყიდველ ქალბატონს და გამზადებულ, ზუსტ დოზას მაძლევს, რომ ზედმეტი არ მომივიდეს და არ დავწვა მცენარეები. პატარა მცენარეებს ხელის შესასხურებლით ვრწყავ, დიდი მცენარეებისთვის სპეციალური ბალონი მაქვს და იმით ვრწყავ. ჩვენს ეზოში ჰყავთ მებაღეები და ზოგჯერ ისინი მეხმარებიან, 15 წუთში წამლავენ მთელი ვერანდის მცენარეებს.

დასავლეთ საქართველოში ბევრგან განადგურდა ბზა, ტკიპა გაუჩნდა და გაახმო მცენარეები. მეზობლის ბზასაც გაუჩნდა დაავადება, მე ალბათ გულმა მიგრძნო და მოშორებულ ადგილას გადავიტანე ჩემი ბზა, ამიტომ გადარჩა, თორემ შესაძლოა ქარს გამოჰყვეს მავნებლები და სხვა მცენარეებსაც გადასდოს დაავადება. უკვე ოთხჯერ შევწამლეთ.

მასწავლეს, რომ სპილენძის ნარევით უნდა ვუმკურნალო. ერთმა ძირმა ჰორტენზიამ ცოტა იავადმყოფა. ჰორტენზიას უყვარს მჟავე ნიადაგი. ქობულეთში ხომ არ წავიდოდი მიწის ჩამოსატანად და ვიკითხე, იქნებ რაიმე საშუალება ყოფილიყო, რომ ყვავილი გადამერჩინა. მეყვავილეთა ჯგუფ ”ყვავილნარში” მასწავლეს, რომ დაჟანგებული ლურსმანი ჩამერჭო ძირებთან. მართლაც ჩავარჭე გარშემო ჟანგიანი ლურსმნები, რომლებიც აქვე ახლოს მშენებლობის შემდეგ დარჩენოდათ. წარმოიდგინეთ, მართლაც გამოცოცხლდა ყვავილი და ფერიც მიეცა.

 

- თვეში რამდენჯერ სჭირდება შეწამვლა?
- თუ 10 დღეში ერთხელ შეწამლავ, ძალიან კარგი იქნება. მაისში, ივნისში და ივლისში შედარებით ადვილად ვრცელდება სხვადასხვა დაავადება, ამიტომ ამ პერიოდში ხშირად სჭირდებათ შეწამვლა.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები