ოთახის მცენარეები ბევრს უყვარს, თუმცა მათი მოვლა არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად სჭირდება ადგილის, განათების, ტემპერატურის, სასუქის და ა.შ. შერჩევა. ერთმა, ვითომდა უწყინარმა, თუმცა იმ კონკრეტული მცენარისთვის არასწორმა ქცევამ, შეიძლება ჩვენი ნაფერები ყვავილი გაახმოს. სწორედ ამიტომ ფლორისტ ირინა ღარიბაშვილს მივმართეთ, რომელმაც ზედმიწევნით დეტალურად განიხილა მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ასპექტები და საინტერესო რჩევებიც მოგვცა.
- ოთახის მცენარეების ზრდისა და განვითარებისათვის ხუთი აუცილებელი პირობაა: სინათლე, ჰაერი, სინოტივე, სითბო და კვება. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ქოთნის შერჩევასაც.
სინათლე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ოთახის მცენარეების ზრდისათვის. მცენარეებში სწორედ მზის სხივების ზემოქმედებით მიმდინარეობს ფოტოსინთეზი, რის შედეგადაც ხდება ნებისმიერი მცენარეული ორგანიზმის ზრდა და განვითარება. ცალმხრივი განათების პირობებში აუცილებელია ქოთნის პერიოდულად შეტრიალება, რათა მასში მოთავსებული მცენარე ასიმეტრიულად არ გაიზარდოს, თუმცა ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, ორქიდეებს, ფუქსიას, შუმბერგერას არ უყვართ შეტრიალება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყვავილობის პერიოდი აქვთ, ამ დროს სცვივათ ფოთლები და კოკრები. ასევეა ჰოია - 7 წელი მქონდა ისე, რომ არ უყვავილია, ვიდრე ერთ კონკრეტულ ადგილას არ მივუჩინე “ბინა”.
ზოგადად, ოთახის მცენარეები იყოფა სინათლის მოყვარულ (მაგალითად, აფელანდრა, პელარგონიუმი, კაქტუსები, ბელოპერონე, ბრომელიები და ა.შ.) ჩრდილის ამტან (კორდილინა, შეფლერა, სურო და ა.შ.) და ჩრდილის მოყვარულ (გვიმრა, გუზმანია და ა.შ.) მცენარეებად. სინათლის უკმარისობისას ფოთლები იღებენ ღია მწვანე შეფერილობას, ყლორტები გრძელდება, ყვავილს კვირტები სცვივა, აღნიშნული ნიშნების შემჩნევისას მცენარეები უნდა გადავდგათ მათთვის შესაფერ ადგილას.
ტემპერატურა
...ისევე, როგორც სინათლე, ტემპერატურაც დიდ როლს თამაშობს მცენარეთა ცხოვრებაში, ის გავლენას ახდენს მცენარის ზრდის ინტენსივობასა და ყვავილობის ვადებზე. ოთახის მცენარეები იყოფა სითბოს მოყვარულ, ზომიერად სითბოს მოყვარულ და სიცივეგამძლე მცენარეებად. სითბოს მოყვარული მცენარეების სამშობლოს წარმოადგენს ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეები, ამიტომ ისინი ამჯობინებენ 18-22 გრადუს ტემპერატურაზე ყოფნას მთელი წლის განმავლობაში. ზომიერად სითბოს მოყვარული მცენარეები კარგად იზრდებიან 14-18 გრადუს ტემპერატურაზე, მათი მოთავსება შეიძლება ჩრილოეთისა და დასავლეთის ფანჯარაზე. სიცივეგამძლე მცენარეებისთვის კი მისაღები ტემპერატურა 12-14 გრადუსია. ზოგადად, ახალგაზრდა მცენარეები უფრო მეტად საჭიროებენ ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, ვიდრე მოზრდილი ეგზემპლარები. ამასთან, ისინი ცუდად იტანენ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, რაც აისახება ზრდის ტემპზე, ასევე უქვეითდებათ იმუნიტეტი დაავადებებისადმი. ამიტომ იმ ოთახში, სადაც იმყოფებიან ახალგაზრდა მცენარეები, რეკომენდებულია, შევინარჩუნოთ ტემპერატურის მუდმივი დონე. სიცივისამტანი მცენარეები ზამთარში განსაკუთრებით ცუდად იტანენ ტემპერატურის მატებას, ამიტომ ისინი გათბობისგან შორს უნდა მოვათავსოთ.
ჰაერი
...მცენარეთა ნორმალური ზრდისთვის აუცილებელია სუნთქვის პროცესების სწორად წარმართვა, ამიტომ ოთახს რეგულარულად სჭირდება განიავება, გაზაფხულზე და ზაფხულში სასურველია მათი აივანზე ან ვერანდაზე გატანა, თუმცა უნდა დავიცვათ ორპირი ქარისგან და მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან. ტროპიკული მცენარეებისთვის აუცილებელია ჰაერის მაღალი ტენიანობა, ამისთვის ძალიან კარგია თუ მცენარეს ფოთლებზე, ყლორტებზე რეგულარულად შევასხურებთ ოთახის ტემპერატურის წყალს. ეს პროცედურა სჭირდებათ ორქიდეებს, ბრომელიეს, აგლაონემას და ა.შ. გარდა წყლის შესხურებისა, შეგვიძლია, ქოთნის გვერდზე დავდგათ წყლით სავსე ჭურჭელი. ასევე, მუდმივი ტენის შესანარჩუნებლად, ქოთანი უნდა მოვათავსოთ კენჭებიან ლანგარზე, რომელშიც მუდმივად იქნება წყალი ისე, რომ კენჭები არ დაიფაროს.
მორწყვა
...არასწორი მორწყვა მცენარეების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზია. ზედმეტმა წყალმა მცენარე შეიძლება, დაალპოს, ნაკლებმა – კი გაახმოს. ბოლქვიანი და ხორციანი ღეროების მქონე მცენარეებს, (მაგალითად, სემპოლიას) უმჯობესია, წყალი მივაწოდოთ ქვემოდან, ქოთნის სადგამიდან. 20 წუთში მცენარე იმდენ წყალს შეიწოვს, რამდენიც საჭიროა, დანარჩენი კი უნდა გადავღვაროთ. მოსარწყავად სასურველია რბილი ან ნადგამი წყლის გამოყენება, წყლის სიხისტის შემცირება შეიძლება მასში საჭმელი სოდის (2 გრამი 1 ლ წყალზე) ან ნაცრის (3 გრამი 1 ლ წყალზე) დამატებით. არ შეიძლება მცენარეების მორწყვა ცივი, ონკანის წყლით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფესვთა გადაცივება და ზრდის დარღვევა. სასურველია, მოსარწყავი წყლის ტემპერატურა იყოს 18 გრადუსი, ხოლო ტროპიკული მცენარეებისთვის - 22-24 გრადუსი.
უმჯობესია, მცენარეები მორწყათ დილით, რადგან საღამოს იძინებენ და წყალი აფხიზლებთ. ზაფხულში, ზრდა-განვითარებისა და ყვავილობის პერიოდში, მცენარეებს მიწა უნდა ჰქონდეთ ნესტიანი და არა სველი, მიწის გამოშრობით ზრდა და ყვავილობა ფერხდება. მორწყვებს შორის რეკომენდებულია ნიადაგის გაფხვიერება იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ფესვთა სისტემებთან ჰაერის მიწოდება. ზაფხულის შვებულების დროს, ჩვენი მცენარეები უწყლოდ რომ არ დარჩნენ, გთავაზობთ შემდეგ მეთოდს: დადგით წყლიანი ქილა ყვავილის ქოთანზე მაღლა. აიღეთ კაპრონის ძაფი, მისი ერთი ბოლო მოათავსეთ წყლიან ქილაში, მეორე კი ჩაფალით, ქოთანში. თუ ამ მეთოდს გამოიყენებთ, თქვენი მცენარე შეგიძლიათ მთელი თვე დატოვოთ მარტო, მას წყალი არ მოაკლდება. ერთი წყლიანი ქილა შესაძლოა, რამდენიმე მცენარეს გამოადგეს. ამ მეთოდით მცენარეს ნელ-ნელა მიეწოდება წყალი, არც ზედმეტი მოუვა და არც დააკლდება, საჭირო რაოდენობით მოხდება მისი მორწყვა.
კვება
...ოთახის მცენარეებს აუცილებლად სჭირდებათ დამატებითი კვება, რადგან დროთა განმავლობაში ნიადაგი იფიტება. მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტის შესავსებად რეკომენდებულია რეგულარული დამატებითი კვება, ამისათვის გამოიყენება მინერალურ-ორგანული ან კომპლექსური სასუქები. სასუქის შეტანა უნდა მოხდეს აქტიური ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღის ინტერვალით. გადარგვიდან ერთი თვის განმავლობში სასუქის შეტანა არაა სასურველი. თქვენი მცენარეებისთვის გირჩევთ სასარგებლო კოქტეილს, რომლის მომზადება ძალიან მარტივია, მცენარეები კი ამით ბევრ საჭირო ნივთიერებას მიიღებენ: ხახვის ქერქების კოქტეილი აჯანსაღებს ოთახის მცენარეებს. ერთი მუჭა ხახვის ქერქი მოვათავსოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ 1,5 ლ ადუღებული წყალი, ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, გავაჩეროთ 3-4 საათი თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გადავწუროთ, გაგრილებული ნაყენით კი მოვრწყათ მცენარეები. ეს ნაყენი შეიძლება შევასხუროთ ფოთლებსაც. ამ კოქტეილით ორ თვეში ერთხელ შეგვიძლია გავანებივროთ მცენარეები, ოღონდ ყველა ჯერზე ნაყენი ახლად უნდა დამზადდეს.
ასევე შემიძლია გირჩიოთ ძალიან კარგი დამატებითი საკვები ბალბებისთვის: 2-3 წვეთი იოდი ჩავასხათ 1 ლ წყალში და მოვრწყათ ბალბები ისე, რომ ყვავილის ფესვს არ მოხვდეს წყალი. უმჯობესია, დავასხათ ქოთნის კიდეებზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ნაზავი მხოლოდ ბალბებისთვისაა სასარგებლო.
მცენარეების საკვები ალოესგან: ერთი ცალი ალოეს ფოთოლი გაწურეთ, გააზავეთ ცოტა წყალში და მორწყეთ მცენარეები. ეს განსაკუთრებით უხდება მათ, რომლებსაც უჭირთ გაზრდა. ალოე ასევე დადებითად მოქმედებს ფოთლების დაფესვიანების დროს. იმ წყალში, სადაც ხდება დაფესვიანება, უნდა ჩავაწვეთოთ 2-3 წვეთი ალოე, რაც ხელს უწყობს პროცესების დაჩქარებას. ოღონდ ალოე აუცილებლად უნდა იყოს სამკურნალო და მინიმუმ 3 წლის, ახალგაზრდა ალოეთი ვერ მიიღებთ.
შემოგთავაზებთ კიდევ ერთ სასარგებლო ნაყენს: 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი გავხსნათ 1 ლ წყალში და პერიოდულად მოვასხათ ჩვენს მცენარეებს. ეს გამოდგება როგორც სასუქად, ასევე კარგია ყველანაირი დაავადებისთვის, შეიცავს ბევრ მიკრო და მაკრო ელემენტს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირი სასუქის მიცემა უნდა მოხდეს მაშინ, როცა მცენარე მორწყულია.
გამრავლება
...მცენარეთა გამრავლება შეიძლება ორი გზით - ვეგეტაციით და ფესვით. ფესვით გამრავლებისას შესაძლებელია ერთდროულად მრავალი ახალგაზრდა ეგზემპლარის მიღება, თუმცა მათ გაზრდასა და ყვავილობას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ ფესვით გამრავლების ხერხი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ახალგაზრდა მცენარეების მიღება სხვა გზით შეუძლებელია. გამრავლების ვეგეტატიური ხერხი უფრო მარტივია, ამ შემთხვევაში დასარგავ მასალად გამოიყენება დედა მცენარის სხვადასხვა ნაწილი, ფოთლის და ღეროს კალმები, საჰაერო გადანაწვენი, ფესვურის ნაჭრები და ა.შ. მცენარეების გამრავლებისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული-ზაფხული, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება, წლის ნებისმიერ დროს გავამრავლოთ. ზოგადად, ყვავილების გადარგვა უმჯობესია მოხდეს გაზაფხულზე, თუმცა სახლის მცენარეები წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გადაირგას, მით უმეტეს, თუ სახლში გათბობა გვაქვს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
ჰიგიენა
...მცენარეთა გაზრდისას მნიშვნელოვანია ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება, რაც აუცილებელია დაავადებების თავიდან ასაცილებლად. მცენარეებს ძალიან მოსწონთ შხაპის მიღება, ოღონდ წყალი უნდა იყოს თბილი. იმისათვის, რომ შხაპის მიღების დროს ქოთნიდან მიწა არ გამოირეცხოს, წინასწარ უნდა დავფაროთ გაუმტარი მასალით და ვეცადოთ, წყალი ყვავილებს არ მოხვდეს. გარდა ამისა, ხშირად უნდა გავუწმინდოთ მცენარეებს ფოთლები რბილი ნაჭრით, დროულად უნდა მოვაცილოთ დამჭკნარი ყლორტები და ყვავილები. ასევე აუცილებელია ქოთნებისა და სადგამების სისუფთავის დაცვა, ისინი წელიწადში რამდენჯერმე უნდა გაირეცხოს წყლითა და საპნით.
ზოგიერთ მცენარეს ზედმეტად ინდივიდუალური მოვლა უნდა. ამჯერად განვიხილოთ ანთურიუმი, რომელიც ტროპიკული მცენარეა, მაგრამ ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ანთურიუმი თავის სამშობლოში ცხოვრობს ხეებზე, ეს ფაქტი ქოთანში გამოზრდისას უნდა გავითვალისწინოთ და მსუბუქი, ნოყიერი ნიადაგი უნდა შევურჩიოთ, კარგი იქნება თუ წყალგამტარობისთვის ქვიშას ან დაფხვნილ აგურს შევურევთ, ასევე მოუხდება 1/3 ტორფი და წიწვოვანი ხეების ქერქის ნაჭრები. ანთურიუმს მჟავე ნიადაგი სჭირდება, ნაფოტები კი ნიადაგის მჟავიანობას ამაღლებს. ამ მცენარეს მთელი წლის განმავლობაში სინათლე სჭირდება, ზაფხულში კი უნდა დავიცვათ მზის პირდაპირი სხივებისა და ორპირი ქარისგან. ის საჭიროებს ჰაერის მაღალ ტენიანობას, რისთვისაც რეგულარულად უნდა დაინამოს, მისი მიწა მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე რომ ანთურიუმი მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს, მას ყველა სეზონზე ერთნაირი პირობები სჭირდება.
ციცი ომანიძე
კიდევ ბევრი საინტერესო სტატია იხილეთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის, მე-5 ნომერში, რომელიც ჯერ კიდევ იყიდება.