700 სახეობა და 1000-ზე მეტი ძირი აფრიკული ია ერთ ოთახში - საოცარი კოლექცია და რჩევები იების მოყვარულთათვის

სენპოლიები აფრიკული წარმოშობის მცენარეებია. ისინი 1892 წელს აღმოაჩინა ბარონ ვალტერ ფონ სენ პოლმა აფრიკაში, უზარმაზარი მთების რაიონში. მან მცენარეების როზეტები და თესლები გერმანიაში გააგზავნა მამასთან. მამამ ახალი მცენარე სამეფო ბოტანიკური ბაღების დირექტორს წარუდგინა. მომდევნო წელს 27 სახეობა საერთაშორისო გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი, რამაც სელექციონერების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სენპოლიების მასიური გამრავლება გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ჩნდებოდა ახალი ჰიბრიდები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ზომით, ფოთლის ფორმით, ყვავილობით, ფერით და ა.შ. სენპოლიები საქართველოში აფრიკული იების სახელითაა ცნობილი და დღითიდღე აქტუალური ხდება. ქალბატონი ნინო

შალამბერიძე 5 წლის წინ დაინტერესდა ამ ულამაზესი ყვავილით. ამბობს, რომ ოთახში, სადაც მისი მდიდარი კოლექცია ინახება, ძალიან ცოტა ადამიანს დაუდგამს ფეხი. მან "შინს" ფართოდ გაუღო ოთახის კარები და ჩემს თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა - შვიდასი სახეობა და ათასზე მეტი ძირი ია მიცქერდა თაროებიდან.

- სოხუმიდან ვარ. იქ სახლში მიხაკის სათბური გვქონდა. ჩემი ოჯახის წევრები სათუთად, დიდი სიყვარულით უვლიდნენ ყვავილებს. აქედან დაიწყო ჩემი ყვავილების მიმართ "გიჟური“ სიყვარული. ხუთი წელია იების შეგროვება დავიწყე. ეს საოცარი ყვავილი ყოველთვის მაოცებს თავისი სინაზით, სილამაზით, უხვი ყვავილობით. თითქმის მთელი წელი ყვავის და ძალიან ცოტა ხნით ისვენებს.

- როგორ აგროვებდით იებს და დღეს დღეობით რამდენი სახეობა გაქვთ?
- თავიდან მქონდა რამდენიმე სახეობა. შემდეგ ჩემმა მეუღლემ რუსეთიდან საჩუქრად ჩამომიტანა და ასე გავამრავლე. ახლა ვინც იცის, რომ იებს ვაგროვებ, საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ საჩუქრად ფოთლები, ვაფესვიანებ და ვახარებ. ამ ეტაპზე ჩემს კოლექციას 700 სახეობის ია ამდიდრებს. ვგეგმავ, კიდევ უფრო მეტი სელექციის ია შევმატო ჩემს ყვავილებს, გავამრავლო ბოლო წლებში გამოყვანილი ჯიშები. ძალიან გამიხარდება, თუ იების უახლესი სახეობები საქართველოშიც დაიმკვიდრებენ ღირსეულ ადგილს. როცა იების გამრავლება დავიწყე მათ შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი, ინტერნეტის საშუალებით, გზადაგზა ვიძენდი ცოდნას, გამოცდილებას. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა.


- როგორი პირობები უნდა შევუქმნათ იას, რომ კარგად იყვავილოს?
- იას უყვარს სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზე. თუ იმის საშუალება არ გაქვთ, რომ შეურჩიოთ შესაფერისი ადგილი, უმჯობესია გაუკეთოთ სტელაჟი და გადაიყვანოთ ხელოვნურ განათებაზე. კარგი განათება, ნიადაგი და სწორი მორწყვა არის ოქროს კანონი, რომელიც ხელს უწყობს იის კარგ განვითარებას და უხვად ყვავილობას.


- რამდენი ხანი ყავილობს სენპოლია?
- სენპოლია თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს. შეიძლება პერიოდულად, ორი-სამი თვე შეისვენოს. შესაძლებელია ისე იყვავილოს, არც კი შეისვენოს. ამ დროს ჩვენ ხელოვნურად ვასვენებთ, რათა შემდეგ ისევ გაგვახაროს უხვი ყვავილებით. იას ბევრი წყალი არ უყვარს. ნიადაგი უნდა მოვსინჯოთ თითით. თუ კარგადაა გამომშრალი, ამ შემთხვევაში უნდა მოვრწყათ. იასთან მიმართებაში ზომიერებაა საჭირო.

- იას აქვს ბუსუსებიანი ფოთოლი, რომლის დაზიანება ან დასველება არ შეიძლება, როგორ უნდა გავწმინდოთ და გავასუფთაოთ იგი, რომ არ დავაზიანოთ?
- ია ძირითადად იმტვერება ფანჯრის რაფაზე. შეგიძლიათ იას ფოთლები ჩამობანოთ ნელთბილი წყლით ისე, რომ წყალი შუაგულში არ მოხვდეს, ხოლო დაბანის შედეგ ფოთლები ნაზად უნდა შევამშრალოთ ერთჯერადი ხელსახოცით. სანამ ფოთლები კარგად არ შეშრება, ფანჯრის რაფაზე არ უნდა დადგათ, რათა მის ფოთლებს არ მოხვდეს მზის სხივი და არ აჭრელდეს.


- როგორ ნიადაგში უნდა ჩავრგოთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს?
- ია რაც უფრო პატარა ქოთანშია ჩარგული, მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. რა ზომისაც არის ია დიამეტრით, სამჯერ პატარა ზომის ქოთანში უნდა იყოს ჩარგული. სუბსტრაქტი, ვერმიკულიტი, პერლიტი და ტყის მიწა ცოტა.


- როგორ მრავლედბა სენპოლია?
- გააჩნია რა ჯიშისაა. ქიმერების გარდა ნებისმიერი ია მრავლდება ფოთლით. მხოლოდ ქიმერები მრავლდება გადანაჭერზე ამოყრილი შვილებით და საყვავილე ღეროთი, რომელიც არის ზრდასრული და აქვს ორი პატარა ფოთოლი.


- რა შემთხვევაში უნდა მივაშველოთ იას პრეპარატები?
- პრეპარატები იას უნდა შევაშველოთ, თუ არ მოგვწონს ფოთოლი და ფესვთა სისტემა. წელიწადში ორჯერ მაინც ვუტარებ პროფილაქტიკას. გაზაფხულზე, სანამ დაცხება და შემოდგომაზე, სანამ აცივდება. ეს იებისთვის აუცილებელია, რათა დავიზღვიოთ თავი და ავიცილოთ ათასი დაავადება. პროფილაქტიკის ჩატარება ბევრად იოლია, ვიდრე დაავადებული იის მკურნალობა.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთინო 2020-03-21 08:48
მინდა შევიძინო იები. დამეხმარეთ გთხოვთ?!
ნანა 2018-05-10 16:39
მეც მიყვარს იები,თან ზალიან.თუ შესაძლებელია,რომ ვიყიდო,მომწერეთ.ვცხოვრობ თბილისში.
მანანა 2018-02-05 18:36
როგორ გავიგო სად იყიდება ეგ იები?
ნინო 2018-01-13 14:46
დამირეკე იები მინდა
გულნაზი 2017-06-24 09:43
ქალბატონო ზაირა მომწერეთ თქვენი ტელეფონი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები