პიტნა ფორთოხლის და შოკოლადის სურნელით და სხვა უჩვეულო მცენარეები ქართველ კოლექციონერთან

ქალბატონი ვიკა თუთისანი უკვე 16 წელია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა განცდები, ემოცია, მონატრება, სიყვარული რაც საქართველოსთან აკავშირებდა ერთი წამითაც არ განელებია. მღერის, ხატავს, წერს ლექსებს, დაინტერესებულია ფლორისტიკით. მისი კოლექცია, რომელიც უკვე 15 წელს ითვლის ძალიან ბევრს ლამაზ და იშვიათ მცენარეს აერთიანებს.

- ვარ მუსიკის მასწავლებელი და ხელოვნებათმცოდნე. მიტაცებს პოეზია (ვწერ კიდეც ხანდახან), ხატვა, მუსიკა, ფლორისტიკა, სამკურნალო მცენარეები, ჰიდროლატები და ეთერზეთები. საქართველოში ვმუშაობდი სახვითი ხელოვნების გალერეაში, უმაღლეს სასწავლებლებში, ლიცეუმში. მოსკოვში რამდენიმე წელი სკოლაში ვიმუშავე, გავხდი მსოფლიო მხატვრული კულტურის (არის ასეთი საგანი სკოლაში) წლის საუკეთესო

მასწავლებელი. რუსეთში 16 წელია ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, საქართველოში რა თქმა უნდა, დავდივარ და ყოველთვის მიმიხარია. ჩემი სამშობლო და უძვირფასესი ადამიანები, ჩემი ინსპირაციის და სასიცოცხლო ძალის წყაროა უდავოდ. ამას ვერაფერი ჩაანაცვლებს.


- ყვავილების სიყვარული საქართველოდან გაგყვათ?
- ყვავილები სულ მიყვარდა, საკუთარი თავი არ მახსოვს მათ გარეშე, დედაჩემი სულ რაღაცას რგავს და ზრდის დღემდე. ბავშვობაში მონსტერა გვყავდა - ნახევარი ოთახი ეჭირა, ძალიან მინდა გავიხსენო ბებოს იასამანი. ჩემი მისდამი სიყვარული თითქმის ისეთივე ენითაუწერელია, როგორც ბებოსადმი. ბავშვობას მილამაზებდა იებით, ყოჩივარდებით და ფურისულებით მოჩითული და ა.შ..
მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვცდილობთ არ გამოვტოვოთ ვაშლის ბაღების ყვავილობა კოლომენსკოეში, აქვე მეზობლად თავგადაკლული ყვავიან და მსხმოიარობენ ალუბლებიც, მიყვარს აქაური იასამნის ბაღები, სადაც უამრავი ჯიში ხარობს, მათ შორის ცნობილი სელექციონერის კოლესნიკოვის მიერ გამოყვანილი ულამაზესი ჯიშები. ხშირად ვსტუმრობთ როზარიუმებს, წიწვოვნების და როდოდენდრონების კუთხეებს, სუკულენტების, კაქტუსების და ეპიფიტების უმდიდრეს კოლექციებს ბოტანიკური ბაღის სხვადსხვა განყოფილებაში.


- რამდენი წლის შრომის შედეგია თქვენი კოლექცია?
- კოლექცია ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, ადგილი არ მაქვს, სურვილისამებრ რომ გავამდიდრო ჩემი ბაღნარი, თუმცა მაინც ვაპირებ რამდენიმე მიმართულების განვითარებას. ასე რომ, დამწყები კოლექციონერი მქვია ალბათ.15 წლის წინ სამსახურიდან მოვიტანე სხვადასხვა მცენარის რამდენიმე ფოთოლი. ერთი მათგანი, ვარდისფერი ვალესკა, ახლაც ჩვენთან ცხოვრობს და გამორჩეულად გვიყვარს.
ყოველთვის მაინტერესებს ჩემი მცენარეების სახელი, გვარი, ისტორია, თავისებურებები და გულდასმით ვსწავლობ მათი მოვლის მეთოდებს. ამ სიყვარულმა "ყვავილნარში" მიმიყვანა და ძვირფასი მეგობრებიც შემძინა, უღრმესი მადლობა ჯგუფის დამფუძნებელს ქალბატონ ირინა ღარიბაშვილს.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი მყავს ია. განსაკუთრებით მიყვარს რეტრო ჯიშები და ტრეილერები. ოცდაათამდე დიდ-პატარა მყავს, ბარტყების ჩათვლით. შემდეგ მოდიან ეპიფიტები (შლუმბერგერები, რიფსალიდოფსები და ორქიდეები), შემდეგ - სუკულენტები და კაქტუსები, რამდენიმე სახეობის პელარგონია, ტრადესკანცია, ოქსალისი, ჰიბისკუსი, ბალზამინი, ფუქსია, კალა, ქრიზანთემა, პიტნები, ბაზილიკი და ერთი მოწყენილი მანდარინი.
ვაპირებ მკაფიო მიმართულება მივცე ჩემს კოლექციას, რადგან პრიორიტეტები უკვე გამოიკვეთა. მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის, უნდა გქონდეს შენი ბინადრებისთვის შესაფერისი პირობები. ასე რომ, მომიწევს აქცენტების გადანაწილება.


განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნია სურნელოვანი მცენარეების მიმართ, რომლებიც იის სახლში გამოფენაზე შევიძინე პირველად. ესენია ვარდისა და ლიმნის სურნელიანი პელარგონიები და გრეიპფრუტის, ფორთოხლის და შოკოლადის სურნელიანი პიტნები. შემდეგ რამდენიმე ეგზემპლარი ტიმირიაზევის აკადემიის სანერგედან მივამატე. მათ სურნელის მაცოცხლებელი ძალის შესახებ დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ვეცდები ყველა ნაირსახეობა შევაგროვო, ეს საკითხი ძალიან მაღელვებს და ამასთანავე სიამოვნებას მგვრის. საგაზაფხულოდ შეკვეთილი მაქვს უკვე ანანასის, მარწყვის და ვაშლის სურნელიანი პიტნა, აგრეთვე მოუთმენლად ველი სურნელოვან პელარგონიებს Aტომიც შნოწფლაკე, გერლენის სუნამოს მსგავსი სურნელით, Deenwood Lavender Lad ლავანდის არომატით და Poquito ნაძვის არომატით.
დანარჩენებს ზოგს მოუწევს გაშვილება, მაგრამ დედობილებს გულდასმით შევარჩევ.
ჩემი ბაღნარის გამდიდრებაში წვლილის შეტანისთვის მადლობას ვუძღვნი ქმარ-შვილს, ნაცნობ-მეგობრებს და მეზობელს: მანანა ბრეგაძეს, ნინო ნეფარიძეს, მაია მაისურაძეს, სოფი ნადარეიშვილს და ქ-ნ სვეტლანას.


- ალბათ ძალიან სასიამოვნოა, როცა ოჯახის წევრები გვერდში გიდგანან, გეხმარებიან ამ არაჩვეულებრივ საქმეში.
- მეხმარება კი არა, ჩემს მეუღლეს ვერაფრით შევედრები. ისაა ჩემი ექსპერტი, მთავარი მებაღე და მემატიანე.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები