როგორ შევარჩიოთ მისაღები ოთახის შპალერი - პრაქტიკული რჩევები

მისაღები ოთახი ნებისმიერი სახლის უმნიშვნელოვანესი ადგილია. აქ იკრიბება საღამოობით ოჯახი, აქ ღებულობენ სტუმრებს, აქ ისვენებენ ოჯახის წევრები, ამიტომ ამ ადგილის მოწყობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მისაღები ოთახი მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. კომფორტის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი შპალერია. როგორ უნდა შევარჩიოთ შპალერი მისაღები ოთახისთვის, რომ ეს ადგილი იყოს ერთდროულად მყუდრო, მოხერხებული, კომფორტული და ძალიან დახვეწილი.

სანამ შპალერის ყიდვას გადაწყვეტთ, ჯერ ჩამოყალიბდით, რა ფერის კედლების დანახვა გესიამოვნებათ. ამასთანავე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ოთახის პარამეტრები და განათება, მისი პლუსები და მინუსები. არც ის ფაქტორი დაივიწყოთ, თუ როგორ
მოქმედებს ესა თუ ის ფერი ადამიანის ფსიქიკაზე.
აი, მაგალითად, ფართო და ნათელ ოთახს ძალიან უხდება ნათელი ფერები, რომელიც მისაღებ ოთახს ენერგიითა და დადებითი მუხტით აავსებს. ასეთი ატმოსფერო ადამიანებს პოზიტიურად განაწყობს. ასეთი ფერებია იისფერი, ღია მწვანე და ნარინჯისფერი. 
მისაღები ოთახის შპალერი აუცილებლად პრაქტიკული უნდა იყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასალა იყოს ეკოლოგიურად სუფთა. ოთახის კედლებმა აუცილებლად უნდა ისუნთქოს, აქ უნდა იგრძნობოდეს ჟანგბადი.



საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შპალერი უნდა იყოს მდგრადი და ჭარბმა მზის სინათლემ ვერ უნდა მოახერხოს მისი გადახუნება.
და ბოლოს, მისაღები ოთახის შპალერი უნდა იყოს ლამაზი, მისი დანახვისას კარგ ხასიათზე უნდა დგებოდეთ.

ფერები
პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ შპალერის ფერის შერჩევისას, არის საკუთარი გემოვნება, მთავარია, რომ ესა თუ ის ფერი აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს თქვენს გემოვნებას.
ჩვენ კი მოგცემთ ძალიან საჭირო რჩევას: გახსოვდეთ, რაც უფრო პატარაა ოთახი და რაც უფრო დაბალია ჭერი, მით ნათელი ფერის უნდა იყოს კედლები და პირიქით, რაც უფრო დიდი და მაღალჭერიანია ოთახი, მით მოკრძალებული უნდა იყოს კედლის ფერი.
ასევე უნდა იცოდეთ ნახატების შესახებ: პატარა ოთახს პატარა ზომის ნახატები ან სულაც გეომეტრიული ფიგურები უხდება, ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია ხოლმე ვერტიკალურზოლებიანი შპალერი. ასეთი შპალერი ოთახს ვიზუალურად აფართოვებს.



როგორ უნდა გამოიყურებოდეს მაღალჭერიანი ოთახის კედლები? აქ ყველაფერი ძალიან მარტივად არის, ჰორიზონტალური აქცენტები ოთახს ბევრად ეფექტურს გახდის.

დიდი გაბარიტების მქონე მისაღების ვიზუალურად დაპატარავება დიდი ზომის ნახატებით არის შესაძლებელი.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, როგორი განათებაა თქვენს მისაღებ ოთახში. თუ ოთახი არც ისე ნათელია, იგი უფრო ფერადი ნახატებით უნდა გადაახალისოთ, ძალიან ნათელ ოთახს კი უფრო მოკრძალებული ტონები უნდა შეურჩიოთ, მაგალითად, ნაცრისფერი, ცისფერი და ა.შ.

ფაქტურა
რაც შეეხება შპალერის ფაქტურას, ამ შემთხვევაშიც საფიქრალი ბევრი გექნებათ, რადგან გაყიდვაში უამრავი ფაქტურის შპალერია. არსებობს როგორც ქაღალდის, ისე ნაჭრის, მინის, თხევადი და კიდევ უამრავი ტიპის შპალერი.
ქაღალდის შპალერი საკმაოდ ფაქიზია, ის აბსოლუტურად სწორ კედლებზე უნდა გაიკრას, წინააღმდეგ შემთხვევაშ მას არ აქვს უნარი დაფაროს კედლების ესა თუ ის ნაკლი.



ძალიან ეფექტურის ვინილის შპალერი, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზად გამოიყურება და ამასთანავე შეიძლება მისი გაწმენდა.
ნაჭრის შპალერი ძალიან დახვეწილად და მონოლითურად გამოიყურება, თუმცა მისი მოვლა არცთუ ადვილია, საქმე ის არის, რომ ამ ტიპის შპალერი ძალიან ადვილად იგროვებს მტვერს, მისი რეცხვა და წმენდა კი რეკომენდირებული არ არის.
ყველაზე გამძლე და ადვილი მოსავლელი კი ე.წ. მინის შპალერია, რომელიც წყალგამძლეც არის და მისი გადაღებვა 20-ჯერ მაინც შეიძლება.

ფოტოშპალერი
ძალიან ლამაზია ფოტოშპალერი, რომელიც ახლა, სხვათა შორის, ტრენდიცაა. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:

მას არ უხდება ძირითადი შპალერის დიდი ორნამენტები თუ ნახატები;
ინტერიერის მკვეთრი დეტალები;
კარგად უნდა შეარჩიოთ ფოტოშპალერი, როგორც ნახატი, ისე ფაქტურა. ბაზარზე უკვე შეგიძლიათ შეარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა, სრულიად უსაფრთხო და ნებისმიერი გამოსახულებისა თუ ზომის მქონე ფოტოშპალერი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები