რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად რემონტის დროს და რა რჩევებს უზიარებენ ერთმანეთს რემონტის ჯგუფში

სალომე თხელიას ინტერნეტსივრცეში ბევრი იცნობს - ის ერთ-ერთი დიდი და აქტიური ჯგუფის "რემონტის" შემქმნელი და მმართველია და წლებია, ერთ სივრცეში აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც რემონტს აკეთებენ, აპირებენ, ასევე ხელოსნებს და დიზაინერებს. სალომეს დაგროვილ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და აქტუალური ჯგუფის შემქმნელი ხართ. იქნებ ცოტა ვრცლად გვიამბოთ, როდის და როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა და როგორ მოხვედით დღემდე? 
- მიხარია, როცა ჯგუფს „აქტუალური“-ს სახელით მოიხსენიებენ. ეს იყო და არის ჯგუფის მიზანიც, რომ იყოს ცოცხალი და გვეხმარებოდეს მერემონტეებს ვიპოვოთ პროფესიონალი
ხელოსნები, კომპანიები, კეთილსინდისიერი ადამიანები, ხარისხი და გარანტია.
ჯგუფი შეიქმნა 2013 წელს, 18 აპრილს თუ სწორად მახსოვს. საკუთარ ბინაში დაწყებული მქონდა რემონტი, და რადგან სახსრები არ იძლეოდა საშუალებას, საქმის მწარმოებელი, ე.წ. „პრარაბი“ დაგვექირავებინა და მშვიდად დავლოდებოდით შედეგს, ვეძებდი რჩევებს რუსულ და ინგლისურენოვან ფორუმებზე, მაგრამ ქართული გამოცდილება მაინც გჭირდება ადამიანს, ეკითხები ახლობლებს, მეგობრებს. თითქოს ყველაფრის ჯგუფია ფეისბუქზე, მაგრამ მაშინ ვერ ვიპოვე შესაბამისი საზოგადოება, ჯგუფი, რომელშიც რჩევებს ვიკითხავდი რემონტის თემაზე. უბრალოდ დავაჭირე ჯგუფის შექმნის ღილაკს, რომელშიც გაერთიანდნენ ჩემი მეგობრები, ვინც რემონტს აკეთებდა, მერე შემოუერთდნენ მათი მეგობრები, რომლებიც ასევე რემონტს აკეთებდნენ. ვუზუარებდით ერთმანეთს დიდ თუ პატარა გამოცდილებას, და რაც მთავარია გამოცდილი ხელოსნებისა და კომპანიების საკონტაქტო ინფორმაციას.

- რამდენად ითვალისწინებთ თავად ჯგუფის წევრების ამა თუ იმ რჩევას?
- ყოველთვის. ნებისმიერ პოსტზე დაიდება ერთი კომენტარი მაინც, რომელიც შენთვის მისაღებია და რომელსაც გაითვალისწინებ. გათბობის ქვაბი შუაღამისას რომ გამეთიშა, ონლაინ „შევაკეთეთ“ მე და ჯგუფის წევრებმა და მცოდნე ხელოსნებმა, სურათებისა და ვიდეოების დახმარებით. და ეს ერთჯერადი შემთხვევა არაა კონკრეტულად ჩემი გამოცდილებიდან.

- თქვენს შემთხევაში როგორ ჩაიარა რემონტის პროცესმა, აიცილეთ თავიდან პატარ-პატარა იმედგაცრუებები? 
- პირველი ბინის რემონტმა გემრიელად ჩაიარა, დიდი გამოცდილება მომცა და ძირითადად გაგვიმართლა ხელოსნებში, რადგან ასე, რეკომენდაციით შევარჩიეთ. იმედგაცრუებები იყო, რა თქმა უნდა, ძირითადად დიზაინთან დაკავშირებით, როდესაც საკუთარი გემოვნებითა და „ჭკუით“ ალაგებ, და არ იყენებ გამოცდილი დიზაინერის და დამპროექტებლის მომსახურებას. იქნება ეს ფერების შეხამება, თუ "შტეფსელების" რაოდენობა ოთახში.

- ამ ხნის განმავლობაში უკვე ჩამოგიყალიბდებოდათ გარკვეული აზრი სხვადასხვა საკითხზე. მაგალითად, რა ტიპის ბინებია დღეს ყველაზე პიპულარული და უფრო ხშირად რომელ სტილში აკეთებენ ბინებს?
- ჩემი დაკვირვებით, მერემონტეები ძირითადად ვირჩევთ ნეიტრალურ ფერებს, რომლებიც ყველაფერს შეეხამება. „რემონტს კიდევ როდის მოვაბამ თავს“ - პრინციპით და დეკორის უფრო მარტივად შეცვლის თვალსაზრისით. მაგალითად, კრემისფერ-ყავისფერი ტონალობები. ძალიან მომწონს თამამი გადაწყვეტილებები, მშურს მათი, ვინც ბედავს და იყენებს მკვეთრ ფერებს: მუქი ფირუზისფერი კედლები, ბეტონის თითქოს დაუმუშავებელი ვიზუალის ჭერი, ვიტრაჟები.

-  რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად რემონტის დროს?
- ხშირად მერემონტე არ უხსნის ხელოსანს ნათლად და გასაგებად საკუთარ სურვილს. დახატეთ, მოიძიეთ სურათები, გადმოეცით მაქსიმალურად, დარწმუნდით, რომ ხელოსანმა გაიგო როგორ გსურთ გააკეთოთ მაგალითად კაფელის დეკორი.
წინასწარ ყველა დეტალის, დეკორის, ავეჯის, ელექტრო, წყალ და გაზგაყვანილობის და წვრილმანის გათვლა და ფურცელზე გადატანა საგრძნობლად გააადვილებს რემონტის პროცესს. მაგალითად, უცებ არ აღმოაჩენთ, რომ შიდა კარების მონტაჟისას დენის ჩამრთველი კარების სახელურის მხრიდან და მის სიმაღლეზე კი არა, არამედ საპირისპირო, ანჯამების მხარეს დაგიმონტაჟებიათ. ჩვენ თავიდანვე დავგეგმეთ მეგობრის ბინაში თითოეული სანათი, დეკორის ნაწილიც კი, რამაც შედეგად მოგვცა მინიმალური აცდენა ჩანაფიქრიდან და მინიმალური იმედგაცრუება. რა თქმა უნდა, მთლიანი სურათის წინასწარ დაგეგმვა დანახვაში დიზაინერი დაგვეხმარა.
არ დაზოგოთ ხარისხიან მასალაზე - ეს არ გულისხმობს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის შპალერს, არამედ ხარისხიან წებოს, ცემენტს, სანტექნიკას.
ხშირად შეცდომად თვლიან მუქ/შავ იატაკს, რადგან უფრო ემჩნევა მტვერი და წვრილმანი ჭუჭყი.


- შეგიძლიათ ყველაზე გამორჩეული პოსტები გაიხსენოთ, უჩვეულო ან სახალისო...
- გამორჩეულია პოსტები, რომლებშიც მერემონტეები გვიზიარებენ გამოცდილებას თუ როგორ შეიძლება შეღავათიანად გააკეთო რემონტი, სად შეიძლება დაზოგო თანხები.
სახალისო პოსტები არ გვაკლია, განსაკუთრებით როცა საკითხი გემოვნებას ეხება ამასწინათ ინტერნეტში გავრცელებული იყო სტატია, როცა მეზობელმა მეზობელს შეცდომით რემონტი გაუკეთა. პირველი შემთხვევა არაა, ახალაშენებულ სახლში ჩვენს ერთ-ერთ მერემონტეს ზედა სართულის ბინის პატრონის მიერ დაქირავებულმა მუშებმა შიდა ტიხრები დაულაგეს (ზედა სართულის ბინის პატრონის დიზაინით). სართული შეეშალათ.

- თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად ხშირია ხელოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებები, არაპროფესიონალიზმი... და რას ურჩევთ ხოლმე ამ დროს?
- რემონტის ჯგუფის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, უფრო ხშირად, ვიდრე იშვიათად. ვიტყოდი, რომ პროფესიონალური მომსახურების თუ კეთილსინდისიერ ხელოსნებს სანთლით ვეძებთ, და როცა ვპოულობთ, არ ვიშურებთ რეკომენდაციებს.

- ხელოსნების სია გაქვთ შედგენილი. როგორ და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ამ სიაში ხელოსნები?
- რეკომენდაციებით. ეს სია შეიქმნა მაშინ, როცა ჯგუფში ყველა ყველას იცნობდა ასე თუ ისე, და ენდობოდა მეგობრის მეგობრის რეკომენდაციას. გულწრფელად ვაზიარებდით გამოცდილი და კეთილსინდისიერი ხელოსნების საკონტაქტოებს, რადგან რთული იყო და არის ხარისხიანი მომსახურების პოვნა. დღესაც რეკომენდაციებით ვამატებთ სიას ადამიანებსა თუ კომპანიებს, თუმცა მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ.

- ჩვენს მკითხველს მიეცით რამდენიმე რჩევა, რა უნდა იცოდნენ, სანამ რემონტს წამოიწყებენ და რა არ უნდა გამოეპაროთ მხედველობიდან?
- როგორც უკვე აღვნიშნე: წინასწარ ყველა დეტალის განსაზღვრა ძალიან რეკომენდებულია.
თუ საქმეთა სანდო მწარმოებელს არ აბარებთ პროექტს და თავად ცდილობთ გააკეთოთ რემონტი, გადახედეთ ფორუმებს, სტატიებს მასალებზე, მეთოდებზე, დღევანდელ ტრენდებზე. გაერკვიეთ საკითხში, რომ არ მოგატყუონ. გაიკითხეთ, დასვით შეკითხვები, არ მოგერიდოთ გადამოწმება. ჩემი აზრით, ფუნქციონალური და კომფორტული ინტერიერის შესაქმნელად დღეს უნდა გავითვალისწინოთ თბილი იატაკი, "შტეფსელების" დიდი რაოდენობა და სათავსოები.
თუ არის საშუალება, ნამდვილად ღირს დრო და ინვესტიცია ჩადოთ დიზაინერის, არქიტექტორისა და საქმეთა მწარმოებლის მომსახურებაში.
აწარმოეთ რემონტის მსვლელობისას ფოტოგადაღება, გადაიღეთ სად გადის დენის სადენები, გათბობის მილები და ა.შ. მომავალში თავს დაიზღვევთ გადაკეთებისას ან თუნდაც სურათის ჩამოკიდებისას, შემთხვევით არ გახვრიტოთ რომელიმე სადენი.

- გარდა ამ ჯგუფის კურირებისა, რას საქმიანობთ კიდევ და როგორ ხართ დაკავშირებული რემონტის და დიზაინის საკითხებთან?
- დიზაინთან არ მაქვს შეხება. რემონტთან მაკავშირებს ეს ჯგუფი და ახალი პროექტი, რომელიც ვფიქრობ, წაადგება საქართველოში მცხოვრებ მერემონტეებს, მოიძიონ პროფესიონალი და გამოცდილი ხელოსნები, კომპანიები, საქმის მწარმოებლები. ეს იქნება ერთგვარი კატალოგი, სადაც სანდო და საქმის მცოდნე ადამიანები განათავსებენ თავიანთ პროფილებს.
მერი ბლიაძე

კომენტარები

გიორგი 2018-04-17 13:04
სად ვიპოვო ეს ჯგუფი? დამეხმარეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები