რა უნდა იცოდეთ გასაჭიმ ჭერზე - რით ჯობს სხვებს და როგორ უნდა მოუაროთ

გასაჭიმი და შეკიდული ჭერის მსგავსი კონსტრუქციები დიდი ხანია გამოიყენება და განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ თქვენ ახლახან გადაწყვიტეთ ჭერის შეცვლა, ახალი ჭერის დამონტაჟება და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რომელი სახეობის ჭერს შეარჩევთ, ან მეტი გინდათ გაიგოთ მის მოვლასა და ვიზუალურ ეფექტებზე, ეს სტატია თქვენთვისაა. გამოცდილ ხელოსანს ზურაბ გაბუნიას მივმართეთ კომპეტენტური რჩევებისთვის.

- დღესდღეობით საქართველოში ძირითადად ამონტაჟებენ შეკიდულ და გასაჭიმ ჭერს. ნაკლებად იყენებენ პლასტიკატს, ე.წ. ბიაზს.

- თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება და იაფი
ჯდება?

- შედარებით იაფი ჯდება პლასტიკატი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხარისხი ძალიან დაბალია. რომ დავაჯგუფოთ სამი კომპონენტი: დრო, ფასი, ხარისხი და ამის მიხედვით შევარჩიოთ, საუკეთესო ვარიანტი გასაჭიმი ჭერია.

- რა უპირატესობა და რა უარყოფითი მხარე გააჩნია გასაჭიმ ჭერს?
- მის მთავარ უპირატესობად უსწორმასწორო ზედაპირის იდეალურ სისწორემდე მიყვანა მიიჩნევა. გასაჭიმი ჭერი მარტივად მონტაჟდება. ერთი ოთახის ჭერის გაკეთებას საშუალოდ ორი საათი სჭირდება. მაქსიმალურად სუფთად კეთდება და მონტაჟის დროს ოთახში არ გამოიყოფა დიდი რაოდენობით მტვერი. მაგალითად, თაბაშირ-მუყაოს ჭერის მონტაჟის დროს გაცილებით მეტი მტვერი დგება ოთახში, ვიდრე გასაჭიმი ჭერის მონტაჟის დროს.
გასაჭიმ ჭერს არ სჭირდება შეღებვა. ფერების მხრივაც დიდი არჩევანია. დამონტაჟებული ჭერი საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს ფერს და არ ხუნდება მარტივად. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გასაჭიმი ჭერი ოთახს იცავს წყლისგან. მაგალითად, თუ მეზობელმა ჩამოუშვა წყალი, ეს წყალი დაგროვდება ჭერში და ერთი წვეთიც არ დაეცემა ძირს. ამ დროს ჭერი ერთ კვადრატულ მეტრზე უძლებს დაახლოებით 100 ლიტრ წყალს. ადამიანი დაინახავს, რომ ჭერი ჩამოიბერა და მოახდენს რეაგირებას. პირველ რიგში მეზობელი უნდა გააფრთხილოთ, რომ რაღაც პრობლემა არსებობს და გადაკეტოს წყალი, ან შესაბამისი ზომა მიიღოს. შემდეგ ამ ჭერიდან ვხსნით ჭაღს, განათებას და ვღვრით წყალს. როცა დაიცლება, ჭერი ისევ გაიჭიმება და ძველ ფორმას დაუბრუნდება. ამით ის არც ფერს შეიცვლის და არც ფორმას.
რაც შეეხება გასაჭიმი ჭერის უარყოფით მხარეს, მას სჭირდება სათუთი მოპყრობა. არ უნდა მოხვდეს ბასრი და წვეტიანი საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭერი გაიჭრება და საჭირო გახდება მისი აღდგენა. რა თქმა უნდა, აღდგენა შესაძლებელია, თუმცა პირვანდელ სახეს ვერ დავუბრუნებთ, ამიტომ ეს დეფექტი შესამჩნევი იქნება. ზოგიერთს ჰგონია, რომ გაჭრის შემთხვევაში ჭერი ბურთივით სკდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაიჭრება, მაგრამ მხოლოდ იმ მონაკვეთში, სადაც საგანი მოხვდა.

- რაც შეეხება შეკიდულ ჭერს, მას რა უპირატესობა გააჩნია?
- შეკიდული ჭერის შემთხვევაში ფიგურები და ფორმები შედარებით მარტივად გამოდის. ორდონიანი, სამდონიანი ჭერი შესაძლებელია გაკეთდეს როგორც შეკიდული, ისე გასაჭიმი ჭერისგან, მაგრამ შეკიდული ჭერი შედარებით იაფი ჯდება.

- როგორ უნდა მოვუაროთ გასაჭიმ ჭერს, რომ დიდხანს გაძლოს და სასურველი ელფერი შეინარჩუნოს?
- განსაკუთრებული და განსხვავებული მოვლა არ სჭირდება, იწმინდება ნებისმიერი ხსნარით, შესაძლებელია, აცეტონით და სხვა გამხსნელი ხსნარითაც გაიწმინდოს. წმენდის შედეგად არ ეკარგება ფერი. როცა გასაჭიმ ჭერს ვამონტაჟებთ, დიასახლისს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ შუშის საწმენდი ხსნარით გაწმინდოს. სამზარეულოში უფრო ხშირად სჭირდება გაწმენდა, ვიდრე მისაღებ ან საძინებელ ოთახში. ცხიმი შეგვიძლია მოვაცილოთ ნებისმიერი ხსნარით, ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და შემდეგ გავწმინდოთ კარგად გაწურული ტილოთი.
ერთი პერიოდი წამოვიდა ტალღა - შეკიდული ჭერის შემთხვევაში აყენებდნენ ე.წ. ჯიბეებს, რომლებსაც მიუღწეველი ადგილები აქვს, მტვერი გროვდება და ძნელი გასასუფთავებელია. მოკლედ, მტვრის ბუდეა. დღეს ჯიბეებს ძალიან იშვიათად აყენებენ. შიდა განათებები და მსგავსი ინოვაციები გასაჭიმი ჭერის შემთხვევაშიც შეიძლება გაკეთდეს.

- ჭერის შერჩევის დროს რა კრიტერიუმებია აუცილებლად გასათვალისწინებელი?
- საჭიროა, კონსულტაცია გაიარონ პროფესიონალთან. მე ყველას ვთავაზობ გასაჭიმ ჭერს, ვინაიდან, როგორც გითხარით, არ იკრავს მტვერს და არ არის რთული მოსავლელი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი ჩამორეცხვა ან სველი ტილოთი გაწმენდა. ყველა არ აკეთებს მასშტაბურ რემონტს, ზოგჯერ კოსმეტიკური რემონტია საჭირო. მაგალითად, არ ვცვლით იატაკს, არ ვლესავთ კედლებს და გვინდა მხოლოდ შპალერის გაკვრა და ჭერის შეღებვა. ამ დროს თაბაშირ-მუყაო რომ გავაკრათ, დასჭირდება დიდი დრო, დაისვრება იატაკი და იქნება მტვერი. თუ თაბაშირ-მუყაოს ჭერის მონტაჟს სჭირდება 3-4 დღე, გასაჭიმი ჭერის მონტაჟისთვის ორი საათია საჭირო. როცა ადამიანს დასაბუთებულად უხსნი, აკეთებს შედარებას და ირჩევს გასაჭიმ ჭერს.

- თქვენ, როგორც პროფესიონალს, გასაჭიმი ჭერი გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი ფანტაზია განახორციელოთ და შექმნათ განსხვავებული ინტერიერი?
- როცა ადამიანს აქვს საკუთარი ხედვა და კრეატიული აზროვნება, გასაჭიმი ჭერი თავისუფლად მაძლევს საშუალებას, განვახორციელო მისი ფანტაზია, დაკვეთა. გასაჭიმ ჭერზე კეთდება ფოტობეჭდვებიც. ამ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი გამოსახულება, ნახატი, რაც სახლის მეპატრონეს მოსწონს. მყავდა დამკვეთი, რომელიც იყო "ჩელსის" ფანი. დამიკვეთა ჭერი, სადაც გამოსახული უნდა ყოფილიყო "ჩელსის" ლოგო. უმოკლეს დროში უპრობლემოდ გავუკეთეთ ჭერი, საყვარელი გუნდის ლოგოს გამოსახულებით. ბევრს მოსწონს ფოტობეჭდვა, თუმცა ამ შემთხვევაში ფასი იზრდება და ყველას არ აქვს საშუალება, რომ მსგავსი ჭერი გააკეთოს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ნანა 2018-10-18 14:53
შეკიდულ წერს უფრო არ შეეტყობა ჩამოსული წყალი, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, ბიაზი მაქვს გაჭიმული და წყალი ლაქას ტოვებს...
BAGRATI JIADZE 2018-09-12 00:05
GARET AR CHIMASVT?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები