როგორ ავამაღლოთ ჭერი ვიზუალურად - პრაქტიკული ხერხები

როგორი წარმოგიდგენიათ იდეალური სახლი, რომელში დაბრუნებაც უნდა გიხაროდეთ? ალბათ უნდა იყოს მყუდრო და კომფორტული, ნათელი და თბილი, მაღალჭერიანი. სამწუხაროდ, დღესდღეობით ახალაშენებული სახლები მაღალი ჭერით ვერ დაიკვეხნიან, ძირითადად ჭერის სიმაღლე 2,50 მ-ს არ აღემატება. თუმცა გულს ნუ გაიტეხთ, გამოსავალი არსებობს და შევეცდებით დახმარება აღმოგიჩინოთ.

არსებობს ხრიკები, რომელთა საშუალებით სივრცის გადიდება და ამაღლება ნამდვილად შესაძლებელია.

პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ დაბალი ჭერი განაჩენი არ არის. პირიქით, მას ძალიან ბევრი უპირატესობა გააჩნია. აი, მაგალითად, მაღალჭერიანი სახლის გათბობა და განათება ადვილი არ არის. ხშირად
ჩნდება პრობლემა ჰაერის ცირკულაციასთან დაკავშირებით. დაბალჭერიანი სახლი ბევრად მყუდრო და თბილია.

1. სარკე სივრცის გასაზრდელად


ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სარკე მხოლოდ გამოსახულებას ირეკლავს, თუმცა რეალურად ამ საგანს ინტერიერის ძალიან ბევრი ნაკლის დაფარვა შეუძლია. მაგალითად, სარკით ძალიან ადვილად არის შესაძლებელი სივრცის ვიზუალურად გაზრდა. საამისოდ საკმარისია ოთახში დაამონტაჟოთ კუპე კარადა სარკიანი კარებით, სარკე უნდა იყოს მთლიანი.

2. ლაკონური განათება
თუ დაბალჭერიან ოთახში გიკიდიათ დიდი ზომის ჭაღი, შეეგუეთ, რომ ჭერი კიდევ უფრო დაბალი გამოჩნდება.

3. ნათელი ჭერი

დაბალჭერიანი სახლისთვის უნივერსალური საშუალება ჭერის თეთრად გადაღებვაა. ცივ ღია ფერებს აქვს თვისება სივრცე ვიზუალურად გაზარდოს. შეგიძლიათ უფრო თამამი იყოთ, წახვიდეთ უფრო შორს და კედლები და ჭერი ერთ ფერში გადაწყვიტოთ. რომელ ვარიანტზეც გინდა შეჩერდეთ, გახსოვდეთ, რომ ჭერი უნდა იყოს კედელზე ღია ფერის, სხვა შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევა რთული იქნება.

4. დაბალი ავეჯი

ყველაზე მარტივი ხრიკი საიმისოდ, რომ ჭერი ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდეს, არის დაბალი ავეჯი, იაპონურ სტილში. შეგიძლიათ მსგავს სტილში მოაწყოთ ყველა ოთახი. დაყარეთ იატაკზე პუფები, დადგით მაგიდის ცენტრში პატარა ჟურნალის მაგიდა, რომელსაც სასადილო მაგიდადაც გამოიყენებთ და მორჩა. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ფანჯრიდან ლამაზი ხედი იშლება, ეს სივრცეს კიდევ უფრო გაადიდებს და გაალამაზებს.

5. ოთახი მასიური ავეჯის გარეშე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბალჭერიანი ოთახი არ იყოს გადატვირთული მასიური ავეჯით, უნდა დაიცვათ ვიზუალური წესრიგი. ინტერიერი უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და ლაკონური. უნდა მიყვეთ მინიმალიზმის პრინციპს.

6. მაღალი კარები

ძალიან დამთრგუნველია ინტერიერი იმ შემთხვევაში, თუ ოთახში დაბალია ჭერი და ასევე დაბალია ოთახშორისი კარი.

7. ვერტიკალური პრინტი

ვერტიკალურ ხაზებს შეუძლია სივრცე ვიზუალურად აამაღლოს. თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა, არ ღირს გადაჭარბება. შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავებიც, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია ფერი იყოს მაქსიმალურად მშვიდი და ზოლები ზომიერი სიგანის.

8. გრძელი ფარდები, იატაკამდე

დამატებითი ვერტიკალი შეიძლება შექმნას არა მარტო ნახატმა კედელზე, არამედ გრძელმა ფარდებმა. ვერტიკალურ ნაკეცებს აქვს უნარი ასწიოს ჭერი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფარდა იატაკს შეეხება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები