"20 წელზე მეტი დაკეტილი იყო სახლი... ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა..." - მიხეილ თუმანიშვილის აგარაკი, რომელიც მისმა შვილიშვილმა გააცოცხლა და გააახლა

ნინა მენთეშაშვილი პროფესიით მარკეტერია, ასევე არის ერთ-ერთი ქართული კომპანიის თანადამფუძნებელი და ფიტნეს მწვრთნელი. თუმცა სულ ახლახან რემონტის სფეროში და ინტერიერის დიზაინშიც მოსინჯა ძალები, რაც საკმაოდ კარგად გამოუვიდა. სახლი, რომელიც ნინამ მოაწყო და გაარემონტა, თბილისთან ახლოს, თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს და ის ნინას ბაბუას, ცნობილ ქართველ რეჟისორს, მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნოდა. სახლი 20 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, თუმცა ნინამ მას ახალი სული შთაბერა და იქაურობა ნამდვილ წალკოტად აქცია.


- ეს სააგარაკო მიწა 40 წლის წინ ბაბუაჩემს, მიშა თუმანიშვილს, კომუნისტებმა გადასცეს. რამდენიმე წელიწადში აშენდა
სახლიც და ზაფხულობით ოჯახი დავდიოდით დასასვენებლად, თუმცა იმის გამო, რომ წყალი არ გვქონდა, ცუდი მისასვლელი გზა და არცთუ სახარბიელო საცხოვრებელი პირობები იყო, შევწყვიტეთ იქ სიარული და 20 წელზე მეტი დაკეტილი იყო ჩვენი სახლი. შარშან ზაფხულს ჩემს მეუღლესთან ერთად ჩავედი სახლის მოსანახულებლად. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა, ჩამტვრეული მინებით, ჭიაშეჭმული იატაკით და ეზოში მუხლამდე ბალახით, თუმცა მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ძველი აგარაკისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა და მალევე შევუდექით რემონტს.

- მანამდე ინტერიერის დიზაინში გქონდათ გამოცდილება თუ სიახლე იყო ეს თქვენთვის?
- ინტერიერის დიზაინში ერთადერთი გამოცდილება რაც მანამდე მქონდა, ჩემი კომპანიის მცირე სტენდების და პატარა მაღაზიის დიზაინის შექმნა იყო, სხვა არაფერი. შეიძლება ითქვას, ეს სახლი ჩემთვის პირველი, შედარებით დიდი სამშენებლო პროექტია.

- სარემონტო მასალებს თავად არჩევდით? რას სითვალისწინებდით ამ დროს და როგორი ტიპის მასალებს მიანიჭეთ უპირატესობა?
- სარემონტო მასალებს ჩვენს მშენებელთან ერთად ვარჩევდით, მაქსიმალურად ვცდილობდი ხარისხის, ვიზუალის და ფასის მხრივ ოპტიმალური მასალები შემერჩია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატურალურ ხის მასალას, რომელიც ისე გამოვიყენეთ მშენებლობისას, რომ ინტერიერში ლამაზად გამოჩენილიყო, მაგალითად, ყველა სართულის ჭერზე ჩანს ხის ძელები და ვფიქრობ, ეს ძალიან უხდება სააგარაკო სახლს. თითქმის ყველა კარი, ასევე კიბის საფეხურები, ავეჯის დიდი ნაწილი, პატარა აივნის და ტერასის იატაკიც სხვადადხვა ხის მასალისაა, რაც ძალიან ალამაზებს, ბუნებრივ და მყუდრო გარემოს სძენს სახლს.

- რთული და დამღლელი იყო ეს პროცესი თქვენთვის? რა გაძლევდათ სტიმულს და ძალას ამ დროს?
- ზუსტად ერთი წელი ვაშენეთ და ვარემონტეთ ეს სახლი. ვფიქრობ, რემონტი ყოველთვის ყველასათვის შრომატევადი პროცესია, თუმცა როდესაც თბილისის გარეთ ხდება ეს ყველაფერი, თანაც ზამთრის თვეებში და რთულ საგზაო პირობებში, ეს კიდევ უფრო დამღლელს და გამოწვევებით სავსეს ხდის საქმეს. ძალიან ბევრი რესურსი და ენერგია ჩავდეთ ამ პროექტში, მთელი წელი ყველანაირი ამინდის, გარემო პირობების და დაბრკოლებების მიუხედავად არ გავჩერებულვართ იმ იმედით, რომ მოვიდოდა ზაფხული, დამთავრდებოდა რემონტი და ამდენი წლის შემდეგ ისევ შევძლებდით ჩვენს განახლებულ აგარაკზე დასვენებას. სწორედ ეს მიზანი გვაძლევდა ძალასა და სტიმულს, რომ არ გავჩერებულიყავით და ეს საქმე ბოლომდე მიგვეყვანა.

- ცხადია, ძალიან კარგი შედეგი მიიღეთ, თქვენმა სახლმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელშიც. როგორ შეახამეთ ფერები, ავეჯი და ტექნიკა რის მიხედვით შეარჩიეთ?
- სახლის ინტერიერი საკმაოდ სადა და მინიმალისტურია. კედლები ძირითადად თეთრი ფერისაა, მთელ სახლში სულ სამი კედელია ლურჯი, დანარჩენი თეთრია. მე მიყვარს სადა, მსუბუქი ინტერიერი, აქა-იქ საინტერესო დეტალებით და ფერებით. ასევე აქცენტი გავაკეთე გარე ავეჯზე, აივნებსა და ეზოში კომფორტულ სივრცეებზე, რადგან აქ მთავარი ბუნებასთან სიახლოვე და ლამაზი ხედებია, რომელიც სახლს გარს აკრავს. სახლის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, რომელსაც ბიბლიოთეკა დავარქვი, არის მყუდრო წასაკითხი კუთხე წიგნის თაორებით, მოსასვენებელი დივნით და მთის ლამაზი ხედით.

- ინტერიერის დაგეგმვის დროს, რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული, უპირატესობა ფუნქციონალურ მხარეს მიანიჭეთ, თუ უფრო ესთეტიკურს, ვიზუალურს?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერის როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციონალური მხარე, თუმცა იყო რამდენიმე გადაწყვეტილება, როდესაც მაინც ესთეტიკურისკენ უფრო გადავიხარე; მაგალითად - თეთრი კედლები და შავი ფერის ონკანები სამზარეულოსა და სააბაზანოებში, რომელიც საკმაოდ არაპრაქტიკულია მოსავლელად, მაგრამ ვიზუალურად ძალიან მომწონს. ასევეა დიდი აივანი, რომელიც არ გადავხურე, მისი მოვლა და გამოყენება სულ ამინდზეა დამოკიდებული, თუმცა სამაგიეროდ კარგ ამინდში ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებ იქიდან და ეს არ დავთმე.


- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ინტერიერის შექმნისას რა შემთხვევაში შეიძლება დაზოგოს ადამიანმა თანხა და გააკეთოს ეკონომია?
- მე პირადად ეკონომიის მიზნით, თითქმის ყველა ტიპის გარე ავეჯი, წინა ზაფხულს შევიძინე, რადგან სეზონის მიწურული იყო და ყველა მაღაზიაში ფასდაკლებები იყო სეზონურ ავეჯზე. მართალია აქ ჯერ რემონტი მქონდა და მთელი წელი მომიწია ამ ავეჯის შენახვა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ამით საკმაოდ დიდი თანხა დაიზოგა. ასევე, რამდენიმე ნივთი გამოვიწერე, რადგან ადგილზე შეძენაზე უფრო იაფიც დამიჯდა და აქ ვერც ვნახე ზუსტად ის, რასაც ვეძებდი. მაგალითად, რამდენიმე ჭაღი, ბრები, პატარა მაგიდა, ეზოს განათება და სხვა აქსესუარები სხვადასხვა საიტიდან მაქვს გამოწერილი.

- დღევანდელი გადმოსახედიდან, გხვდებათ შეცდომები, რომელიც რემონტის დროს დაუშვით? შეცლიდით რამეს?
- არის მცირე დეტალები, რომელიც თავიდან ვერ გავთვალე და ახლა რომ ვაკეთებდე რემონტს სხვანაირად დავგეგმავდი, თუმცა ისეთი სერიოზული არაფერია, ძირითადად რამდენიმე შტეფსელის, განათების და გათბობის რადიატორის განლაგებას შევცვლიდი და კიდევ ალბათ რამდენიმე ელემენტს ინტერიერის დიზაინში.

- როგორც ვიცი ბოსტანიც გაქვთ.
- გაზაფხულზე რემონტს დაემატა ჩვენი ბოსტანი, ყვავილები, მიწის მოსწორება, ეზოს სამუშაოები. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ეს სრულიად ახალი გამოცდილება იყო. ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს როგორც ბოსტნის და ბაღის მოვლის პროცესი, ასევე შედეგიც - ჩვენი ხელით მოყვანილი ბიო-პროდუქტები, ბოსტნეული, მწვანილი, საზამთრო. ეზოში გამოვყოფდი კიდევ ორ სივრცეს, ერთი არის ჩვენი სავარჯიშო მოედანი, რომელსაც ჰაერზე სავარჯიშოდ ვიყენებთ და მეორე, ეს არის წრიული მოედანი, ნათურებით გარშემორტყმული შუაცეცხლით და სავარძლებით, სადაც ხშირად მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებთ საღამოებს ღია ცის ქვეშ.

- ბაბუას როგორ გაიხსენებდით? როგორ ატარებდით აქ ერთად დროს?
- ძალიან კარგად მახსოვს ბაბუაჩემი და მასთან გატარებული დრო, რომელიც ჩემთვის, როგორც ბავშვისთვის ყოველთვის საინტერესო და ასთან ერთად ახალ-ახალი აღმოჩენებით აღსავსე იყო. ამ აგარაკზე როცა ჩამოდიოდა მე და ჩემი ძმა დავტაცებდით ხოლმე ხელს და ახლო-მახლო ტყეში მიგვყავდა სასეირნოდ. ჩვენთვის საინტერესო და საყვარელ ადგილებს ვაჩვენებდით, ისიც ათას ჯადოსნურ ისტორიას გვიყვებოდა, ძალიან გვიხაროდა ყველას, დიდსაც და პატარასაც მისი აქ ჩამოსვლა. მიშას ძალიან უყვარდა ეს ადგილი, აქაური ბუნება და ჩვენი სახლის არაჩვეულებრივი ხედი. ვფიქრობ, ძალიან გაუხარდებოდა აქაურობის განახლებულ და გალამაზებულ მდგომარებაში ნახვა. იმედი მაქვს, მოეწონებოდა, ის რაც გავაკეთეთ.









მერი ბლიაძე

კომენტარები

ნუნუკა 2023-01-18 13:10
ნამდვილად აღსადგენი იყო ეს სახლი, სხვანაირად არ შეიძლებოდა ისეთი ადამიანი ატარებდა აქ ცხოვრების გარკვეულ დროს. ყოჩაღ რომ არ გაყიდეთ და შესანიშნავად აღარდგინეთ, გემოვნებით და მართლაც ცხოვრებისათვის ძლიან კომფორტულად. შესანიშნავია.
ლალუკა 2023-01-18 10:56
მთავარი სახლის აშენებაა, რომელიც დაგხვდათ. დანარჩენი გემოვნების და ფინანსების საკითხია.
ზურაბბო 2022-11-22 09:17
ტერიტორიულად სად არის რა ქვია ადგილს დასახლებას
ზურაბბო 2022-11-22 09:12
სად არის ტერიტორიულად რა ქვია დასახლებას
nini@ 2021-10-08 23:12
შრომაც ბევრია ჩადებული და უზარმაზარი თანხაც ,გულიც და სულიც ,.მშვიდობაში მოგეხმაროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები