რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ რემონტის დროს

კარგია, როცა გაქვს შესაძლებლობა სახლის რემონტი პროფესიონალებს მიანდო და მხოლოდ გარედან უყურო პროცესს. მაგრამ თუ ასეთი ხარჯების პუნქტი არ არის გათვალისწინებული ოჯახის ბიუჯეტში, მაშინ თავად უნდა გაუმკლავდეთ ამ პროცესს.
იმისათვის კი, რომ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს, გირჩევთ გაითვალისწინოთ პროფესიონალების რჩევები.
მაგალითად, კარი მინის ჩანართით ბევრად უფრო მსუბუქი და ელეგანტურია, ვიდრე მთლიანად ხის კარი, თუმცა მინა შესაფერისი არ არის ყველა ოთახში და ყველა ვითარებაში. მაგალითად, თუ ღამით კორიდორში შუქს აანთებთ, ის საძინებელში შეაღწევს. ასევე, ბავშვის ოთახში არ უნდა დაამონტაჟოთ კარი შუშის ჩანართებით.

ბევრი დიასახლისი თვლის, რომ მრგვალი ნიჟარები უფრო კომფორტული და ერგონომიულია, თუმცა, პრაქტიკაში ირკვევა, რომ კვადრატული და მართკუთხა ნიჟარები ბევრად უფრო ფუნქციურია - ასეთ ნიჟარაში უპრობლემოდ შეგიძლიათ გარეცხოთ საცხობი ლანგარი.

პლასტიკური ფანჯრის რაფები იაფია, საკმაოდ გამძლეა და სხვადასხვა ფერისაა. თუმცა, მათ აქვთ დიდი მინუსი - სწრაფად კარგავენ პირვანდელ იერს, განსაკუთრებით, თუ გამოყენებულია მსუბუქი პლასტმასი. დროთა განმავლობაში, ფანჯრის რაფები ყვითლდება, იფარება ლაქებით და ხანდახან იბზარება, უფრო მეტიც, ზოგიერთ სიტუაციაში პლასტმასი საშიშია: თუ სარკეს, ქილას ან წყლის ბოთლს ფანჯრის რაფაზე დატოვებთ, შეიძლება ცხელ ამინდში ხანძარი გამოიწვიოს. ამიტომ, გირჩევთ გაეცნოთ ფანჯრის რაფის სხვა ვარიანტებს. თუ ფული არ გაქვთ ბუნებრივი ქვისგან ან ხისგან დამზადებული მასალებისთვის, უპირატესობა მიანიჭეთ მაღალხარისხიან იმიტაციებს. ისინი არა მხოლოდ უფრო პრაქტიკული და გამძლეა, არამედ ინტერიერს უნიკალურს გახდის.

წარსულში ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები აქტიურად ათეთრებდნენ ჭერს, რადგან ზედაპირის მოწესრიგების სხვა საშუალება არ არსებობდა. დღეს ბევრი სხვა ვარიანტი არსებობს. თუ გეშინიათ, რომ მასიური სტრუქტურები "შეჭამენ" ოთახის სიმაღლეს, შეღებეთ ჭერი, მაგრამ ძალიან ფრთხილად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საღებავი მხოლოდ ხაზს უსვამს ზედაპირის ყველა ნაკლოვანებას.

იმის მიუხედავად, რომ დიზაინერების უმეტესობა ჭერის ცენტრში არსებულ მარტოხელა ჭაღს ლანძღავს, ბევრი მაინც ჯიუტად იყენებს მას, როგორც განათების ერთადერთ წყაროს. რატომ არ უნდა გააკეთო ეს?
ჯერ ერთი, ჭაღს არ შეუძლია კარგად გაანათოს მთელი ოთახი - შორეული კუთხეები ბნელი რჩება. მეორეც, სინათლის ნაკლებობით, ოთახი ვიზუალურად არასასიამოვნოდ გამოიყურება, ხოლო ჭერი მოსაწყენად. ზონალური განათება საუკეთესო ვარიანტია.
ამიტომ, აუცილებლად გათვალეთ განათების დამატებითი წყაროები რემონტის ეტაპზე. იატაკის სანათუბი, ბრები, მაგიდის სანათები, ეს არ არის მხოლოდ ახირება, არამედ ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

დერეფანი ნებისმიერი ბინის სავიზიტო ბარათია - პირველი შთაბეჭდილება მასზეა დამოკიდებული. ამიტომ, ოთახის შეკეთებისა და მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანია ყოველი პატარა დეტალის გათვალისწინება. ქაოტურად დაყრილი ფეხსაცმელი, ნივთების გროვა ღია საკიდზე და უზარმაზარი ელექტრო პანელი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ნაკლებად მოხდება რომელიმე ინტერიერს, ამიტომ ეცადეთ, რომ ელექტროგაყვანილობის დაფა საგულდაგულოდ მიჩქმალოთ თვალისგან და ეს რემონტის პროცესშივე უნდა გაითვალისწინოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები