ზღვის კენჭებით შექმნილი ფერადი სამყარო "ნანა ბებიკოსგან"

ამ მშვენიერი ქალბატონის სამყარო ნამდვილად გაგაოცებთ. ნანა მჟავიას ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბავშვებთან აქვს გატარებული, რომლებიც ძალიან უყვარს და ალბათ სწორედ ამიტომ არის მისი შემოქმედება ასეთი ფერადი და ზღაპრული. ზღვის კენჭებით ის მართლა განსაკუთრებულ სამყაროს ქმნის.

- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ბოლო კურსზე გავთხოვდი, ფიზიკოს და ჩემსავით ბათუმელ ნუგზარ ფირცხალაიშვილზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავბრუნდით საცხოვრებლად ბათუმში. ერთი წლის შუალედით გავაჩინე ორი შვილი. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, ოჯახს და შვილებს ვერ მოვწყდი. როცა შვილები
სკოლაში შევიყვანე, მათ გვერდით რომ ვყოფილიყავი, იგივე სკოლაში დავიწყე დაწყებით კლასებში შემცვლელ მასწავლებლად მუშაობა. პატარებთან ურთიერთობა ყოველთვის მომწონდა. ასე გავხდი დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
ვასწავლიდი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, შემდეგ მიმიწვიეს ერთ-ერთ კერძო სკოლაში, შემდეგ - მეორეში და ასე მოვიარე ბათუმის რამდენიმე კერძო სკოლა. ჩემს საქმეზე უზომოდ შეყვარებული, არ ვითვლები ბათუმში ურიგო მასწავლებლად, ნებისმიერი სკოლა სიხარულით მიმიღებს ახლაც, მაგრამ რადგან თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ და ,,ჩარჩოებს“ ვერ ვეგუები, გადავწყვიტე საქმიანობა საკუთარ სახლში გამეგრძელებინა. ჩემი ბინა გადავაკეთე პატარა "სკოლად“, რომელსაც ჩემი აღსაზრდელები ნანა ბებიკოს სკოლას ეძახიან. ყოველდღე ჩემს შვილიშვილებთან ერთად აქ სიხარულით მოდიან ნათესავების, ახლობლების, მეზობლების ბავშვები და ვთამაშობთ "სკოლობანას“...


ხატვა ჩემი ჰობია ბავშვობიდან. ჩემთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი სახატავი რვეული და ფანქრები იყო. საბავშვო ბაღში სულ ვხატავდი და ვხატავდი, მერე ამ ჩემს ნახატებს ქვემოთ "ნანა"-ს მივაწერდი, ოთხად გავკეცავდი და ბაღიდან გამოსული, თითის წვერებზე შემდგარი, საფოსტო ყუთში ვყრიდი. იმედი მქონდა, მათ იპოვიდნენ, მერე მე მიპოვიდნენ, ტელევიზიით ყველას აჩვენებდნენ ჩემს ნახატებს და მთელი მსოფლიო გამიცნობდა.



სკოლაში ვმონაწილეობდი საბავშვო ნახატების გამოფენებში, მაქვს შენახული ამ დროს მიღებული სიგელები და დიპლომები. უნივერსიტეტშიც გამოფინეს ერთხელ ჩემი ნახატები სტუდენტურ დღეებზე.
საჯარო სკოლაში მუშაობის დროს ჩემს მოსწავლეებთან ერთად გამოვუშვი პირველი საბავშვო ჟურნალი აჭარაში, სადაც ბავშვების ნახატებთან ერთად ვაქვეყნებდი ჩემს საბავშვო ლექსებს ჩემივე ილუსტრაციებით.

ორი წლის წინ გაზაფხულზე ჩემი პატარა აღსაზრდელები სასეირნოდ გავიყვანე ბათუმის ბულვარში. პლაჟზეც გავედით, ჩვეულებრივ დაიწყეს ზღვაში კენჭების გადაყრა, მერე ლამაზ კენჭებს ჩემთან მოარბენინებდნენ და ერთად ვქმნიდით ამ კენჭებით ყვავილებს. კალათებით შინაც წამოვიღეთ კენჭები და მაგიდაზე პირველი ,,შედევრებიც“ ერთად შევქმენით. მოგვეწონა კენჭებით ,,თამაში“ - ხატვა.
მას შემდეგ დილაობით გავდივარ სანაპიროზე, ხან ველოსიპედით, ხან ფეხით. მაისის ბოლოდან ზღვაში ჩავდივარ. ზღვიდან ამოსული ნაპირზე სულ კენჭებს ვეძებ. სველი ფერადი კენჭი უფრო ლამაზია. მაშინვე ვხვდები, რაში გამომადგება. ამასწინათ იხვის თავი ვიპოვე, მერე - ჩიტის კუდი, ორთქლმავლის კორპუსი, გოგონას კაბა, ქათმის ფრთა, თევზის თვალი, ვარდის ფურცელი... მერე ამ კენჭებს ან იქვე პლაჟზე ვაცოცხლებ, ან ბულვარის შეზლონგებზე ან ჩემი აივნის თეთრ მაგიდაზე. სულ რაღაც 15-20 წუთი ვიღებ უდიდეს სიამოვნებას და ნამუშევარიც მზადაა. ზოგჯერ შეგროვებული კენჭები თავად მკარნახობენ, რა უნდა გავაკეთო. პლაჟზე და შეზლონგზე შექმნილ ნამუშევარს იქვე ვტოვებ და მიხარია, რომ ვინმე ნახავს და გაიღიმებს. ჩემი აივნის მაგიდაზე გამზადებულს კი, ფოტოს გადაღების შემდეგ მოვხვეტ და თასში ვყრი. უკვე რამდენიმე თასი გავავსე ფერადი კენჭებით. ფოტოს გადაღებამდე ქვებს ზღვის წყლით ვნამავ ანუ "გავლაქავ“ ხოლმე, ასე უფრო ფერადი და ლამაზია.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, პაწია შვილიშვილები მეხმარებიან ნანა ბებიკოს, კენჭებს მირჩევენ და მაწვდიან ხოლმე, პულვერიზატორითაც მინამავენ ნამუშევარს. ბაბუაც ჩვენი გულშემატკივარია, პირველი ის გვიწონებს "შედევრს“. ჩემი მიბაძვით შვილიშვილებიც ცდილობენ კომპოზიციების შექმნას და მშვენივრადაც გამოსდით. ერთხელ საღამოთი კომპოზიცია ,,სამოთხე“ ავაწყვე ადამი და ევათი.

შვილიშვილებს და "შვილიშვილობილ“ აღსაზრდელებს ძალიან მოსწონთ ჩემი ბავშვური კომპოზიციები და თავადაც ქმნიან ჩემთან ერთად. რასაც ვქმნი, მათ ვუძღვნი. შექმნის პროცესში ვიღიმები და ვღიღინებ...
ჩემს ფბ მეგობრებიც მიწონებენ ხოლმე ჩემს ნამუშევრებს, როცა ფოტოებს ჩემს გვერდზე ვდებ. როცა მუზა მეწვევა, ლექსებსაც ვწერ...

ზღვად არეკლილი ცისფერი ცა,
ღრუბლის ფრთის ნაცვლად თოლიას ფრთა...
ეს სილამაზე არ აღძრავს ეჭვებს:
პლაჟზე პაწია აგროვებს კენჭებს.


როცა კენჭებით კომპოზიციას ვქმნი, ასე მგონია, ისევ ის პატარა გულუბრყვილო ნანა ვარ, კეთილი და უდარდელი, საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი რომ უნდოდა, გამოსულიყო და რვეულის ფურცლებზე ფერადი ფანქრებით შესრულებულ თავის სასაცილო ნახატებს ბათუმის ქუჩებში კედლებზე დაკიდებული საფოსტო ყუთებიდან უმისამართოდ აგზავნიდა.
სწორედ იმ პატარა ნანას ვახარებ ჩემში, როცა ჩემს ნამუშევრებს სოციალურ ქსელში ვდებ. თითქოს იმ ძველი ლურჯი საფოსტო ყუთებიდან მოწიწებით ამომაქვს კენჭებით გაცოცხლებული მისი ფანტაზიის ნაყოფი - ბავშვური ფერადი მიამიტური შემოქმედება.
ლელა ზურებიანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები