ქართველი ხელოვანი, რომლის ნამუშევრები უცხოელებს აღაფრთოვანებს


ვანო ზაქაიძე ამერიკაში 3 წლის წინ მეუღლესთან ერთად ჩავიდა და ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. როდესაც ცოლისთვის გაკეთებულმა ტყავის სამაჯურმა მოწონება დაიმსახურა, გადაწყვიტა, თავისი პატარა საქმე ძირითად საქმიანობად გადაექცია... Van Zakk-ის კოლექციაში შეხვდებით სამკაულებს, დანის ქარქაშებს, ჩანთებს და სხვადასხვა სამკაულს. ახალგაზრდა წყვილის შემოქმედებამ დიდი ინტერესი გამოიწვი, ამერიკაში დავუკავშირდით და თავიანთ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- პროფესიით არქიტექტორები ვართ. ანამ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურა
დაამთავრა, მე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის მაგისტრი ვარ. ამერიკაში ჩამოსვლამდე არქიტექტურის სამსახურში ვმუშაობდით. იქ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. ანამ მერიიდან წამოსვლის შემდეგ თავისი არქიტექტურული კომპანია დააფუძნა და სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თანამშომლობდა დიდ კომპანიებთან, დაპროექტებული აქვს ათეულობით ინდივიდუალური საცხოვრებელი თუ კომერციული შენობა-ნაგებობა. მე 7 წელი მერიაში მთავარ სპეციალისტ-არქიტექტორად ვიმუშავე, შემდეგ ამერიკაში წასვლა გადავწყვიტეთ.



რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ბოლო დღემდე ბილეთის დაბრუნებაზე ვფიქრობდით. მაგრამ გავრისკეთ და წამოვედით. ჩამოსვლიდან მოკლე ხანში ორივემ ნიუ-იორკის ერთ-ერთ წარმატებულ არქიტექტურულ კომპანია “ჩიტისცაპე ჩონსულტინგ”-ში დავიწყეთ მუშაობა. პარალელურად თავისუფალ დროს ტყავის ნამუშევრებს ვაკეთებდი.

- რატომ გადაწყვიტეთ, მაინცდამაინც სამკაულების დამზადება?

- ტყავზე მუშაობა ამერიკაში წამოსვლამდე დავიწყე. ანასთვის შევქმენი ტყავის სამაჯური. შემდეგ დანისთვის ტყავის ქარქაში გავაკეთე, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიუ-იორკში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში ამერიკულ კომპანია Mastersmith-თან, რომელიც საკოლექციო დანებს ყიდის მთელ მსოფლიოში, დავდეთ კონტრაქტი და ძვირად ღირებული საკოლექციო დანებისთვის ვაკეთებ ტყავის ქარქაშებს. ანას იდეა იყო, ტყავის მასალის გარდა გამომეყენებინა ძვირფასი ნატურალური ქვები და გამეკეთებინა ყელსაბამები, სამაჯურები, ჩანთები და ა.შ სწორედ პირველი კოლექციისთვის შეიქმნა სამკაულები, საფულეები და ქამრები, რომელიც გამოიფინა ჩელსიში, მანჰეტენის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.



რეალიზაცია ამერიკაში, ნიუ-იორკში ხდება. უმეტესწილად კერძო შეკვეთებით და კონტრაქტებით სხვადასხვა ბუტიკსა და კომპანიასთან. 2017 წლის დასაწყისში 4 თვით საქართველოში ვიყავით ჩამოსული და თბილისში რამდენიმე ნამუშევარი გავყიდეთ, იყო ქართველებისგან ინდივიდუალური შეკვეთებიც. თუმცა ჩემს ნამუშევრებს ძირითადად კომპანიები ან მაღაზიები იძენენ.

- გამოფენები თუ გქონიათ ან ხომ არ გეგმავთ მომავალში?

- გამოფენა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე უკვე მეოთხედ გვქონდა 2 წლის განმავლობაში. ბოლო გამოფენა Madatart-ის ხელმძღვანელობით ჩატარდა, Jadite Galleries-ში, რომელიც თაიმს სქვერთან რამდენიმე მილშია, ამჯერად არა მარტო ტყავისა და ძვირფასი ქვების ნაკეთობები, არამედ ვერცხლისა და მინანქრის ნამუშევრებიც გვქონდა გამოფენილი.

- რა გაკავშრებთ მსოფლიო ბრენდ COACH-თან?

- COACH-ის ამბები პირველი გამოფენიდან დაიწყო. COACH-ის მთავარი დიზაინერი ყოფილა ჩამოსული ლონდონიდან, უნახავს ჩემი ნამუშევრები და ძალიან მოსწონებია. მალევე თავისი ასისტენტები გამოუგზავნია ჩემი საკონტაქტო ინფორმაციის გასაგებად, მაგრამ გამოფენა უკვე დახურული დახვდათ. თუმცა ორგანიზატორის დახმარებით მოხდა ჩვენთან დაკავშირება და დამიბარეს შეხვედრაზე COACH-ის სათავო ოფისში, Hutson Yard-ის ცათამბჯენში. საბოლოოდ გაფორმდა კონტრაქტი და აქტიურად ვთანამშრომლობ COACH-თან.



- VAN ZAKK - რატომ ეს სახელი?

- მოგეხსენებათ, უცხოელებს უჭირთ ქართული გვარ-სახელების წარმოთქმა, ამიტომაც გვინდოდა, რამე მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ვანო ზაქაიძე - Van Zakk.

- საქართველოში ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას და საქმიანობის აქ გაგრძელებას?



- ყველაფრის მიუხედავად, მაინც რთულია ამერიკაში დამკვიდრება და ფინანსური სტაბილურობა. როცა ასეთ საქმეს ეჭიდები, ძალიან ბევრი დრო და ფინანსებია საჭირო. ამიტომ აქტიურად ვეძებ სპონსორს, რათა ჩემი საქმიანობა ფართო ასპარეზზე გავიდეს. დიდი სურვილი მაქვს, თბილისში დავნერგო დასავლური ტყავის დამუშავების ტექნიკა. ტყავის დაწნეხვა, მოჩუქურთმება და სპეციალური ხელსაწყოებით დამუშავება დასავლურ კულტურაში ძალიან გავრცელებული ტექნიკაა. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება გავუზიარო ყველას, ვისაც ნიჭი და მონდომება აქვს. ვთვლი, რომ ქართველი ერი საკმაოდ ნიჭიერია, ამიტომ აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში.

ნინო ჩიქოვანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები