ხის დეკორაციები თვითნასწავლი ხელოვანებისგან

ლელა ლომთათიძე თვითნასწავლი ხელოვანია. მეგობრებთან ერთად დეკორატიულ ჩარჩოებს, სარკეებს ქმნის. ბავშვობიდან იტაცებდა ბუნება, ყვავილები, მცენარეები. ამბობს, რომ მცენარეების სიყვარულმა დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტამდე მიიყვანა, სადაც ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია.


- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობ უკვე 10 წელია, კადასტრისა და რეგისტრაციის სამსახურში. ბავშვობიდან მიყვარდა მცენარეები. ალბათ იმ დღიდან, როდესაც ბოტანიკის სწავლა დავიწყე. გაგიკვირდებათ, სად კადასტრი, ბოტანიკა და სად - ხის ჩარჩოები...
ამ გატაცებამ მიმიყვანა დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტამდე, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ გაიხსნა და აღმოვჩნდი მისი პირველი ნაკადის სტუდენტი.
აღმოვაჩინე ჩემი დიდი

გატაცება - ფლორისტიკა, რომელსაც ხშირად ვიყენებ, რომ ადამიანებს დღესასწაულები გავულამაზო, მოვრთო ტაძრები.



- ხის დეკორაციის შექმნით როდის დაინტერესდით?
- ყოველთვის მქონდა რაღაც გატაცებები. ვაგროვებდი პეპლებს, ნიჟარებს, მინერალებს, ძველ ნივთებს და მათ შორის ძველი სახლის აივნის ჩუქურთმებს.
ერთ-ერთი დღესასწაულის გაფორმების დროს დამჭირდა ჩარჩო. იმის გამო, რომ ზუსტად რაც მინდოდა, ვერსად ვიშოვე, დავამზადე თავად. ეს მოხდა პირველად...  მერე შევქმენით პირველი „კარიანი ჩარჩო“. შემდეგ ამ თამაშ-თამაშით და მეგობრების თანადგომით შევქმენით ფეისბუქგვერდი, რომელმაც ჩვენდა გასაკვირად ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ასე მოვედით დღემდე.


- ჩარჩოების გარდა რა ნივთებს აკეთებთ?
- ვამზადებთ სამზარეულოსთვის დეკორატიულ თაროებს, დეკორატიულ სარკეებს. ფლორისტული მავთულით დამზადებული ყვავილებით და ფოთლებით ვაფორმებთ ჩარჩოებს.

თვითნასწავლი ვარ. მოვიძიე ვიდეოგაკვეთილები, დამოუკიდებლად ავითვისე ყველაფერი. თითოეული ნივთის შექმნას დაახლოებით 2-3 დღე სჭირდება. მასალა იჭრება, იწვება, შემდეგ იღებება ერთი პირი, მეორე პირი. მერე ზუმფარდება და იცვილება. ამის მერე უკვე დასრულებულ სახეს იღებს.



- ქალისთვის რთული არ არის მსგავსი სამუშაო?
- ჩვენი გუნდი სამი კაცისგან შედგება: თამარ დემეტრაშვილი, გიორგი გაწერელია და მე. გიორგი პირველად რთულ სამუშაოს ასრულებს. ასე რომ, დანარჩენი საქმის შესრულება არ გვიჭირს.



- თქვენ როგორი ინტერიერი მოგწონთ, რა სტილია დღეს მოდაში?
- მე მომწონს გოთიკური სტილი, რომელიც საზოგადოებრივი სტილია. ამ სტილის ინტერიერში ფართოდ გამოიყენებოდა ისრების მაგვარი თაღები, მასიური ხის, ან რკინის ავეჯი, მკაცრი ფერები, რაც ძალიან მომწონს. ასევე არტ-დეკო, რომელიც XX საუკუნის პირველი ნახევარიდან იღებს სათავეს. ეს უფრო მოდერნისა და კლასიციზმის სინთეზია. ინტერიერებს აფორმებენ კლასიკური პრინციპებით. ფართოდ გამოიყენება ორნამენტები, ეგზოტიკური და ძვირფასი ელემენტები სპილოს ძვალი, იშვიათი ჯიშის ხეები.
ძალიან მიზიდავს ეთნიკური სტილი, რომლებიც გარკვეული ერის თუ ეთნოსისთვის არის დამახასიათებელი. თითოეულ მათგანს ახასიათებს გარკვეული უნიკალური დიზაინის ელემენტები.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები