როგორ იქცა ქართველი ემიგრანტი ქალი ინგლისის წამყვან კონდიტერად და როგორ იქმნება მისი საოცარი ნამუშევრები

მერი ჭიჭიაშვილი საქართველოდან გერმანიაში 1999 წელს გაემგზავრა. შემდეგ აღმოჩნდა ესპანეთში, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო და დაოჯახდა. მალევე მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მისი მეუღლე დირექტორი გახლდათ. გარკვეული პერიოდის შედეგ ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მერიმ ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დაიწყო მუშაობა. კულინარიასთან ერთად ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხატავს, ქარგავს, ძერწავს, ქმნის ტანსაცმლის და აქსესუარების დიზაინს... კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასზე, ბევრი სევდიანი თუ წარმატებული ისტორია მოგთხროთ, თუმცა სჯობს მერიმ თავად მოგვიყვეს ცხოვრებაზე, რომელიც ეკალ- ვარდით იყო მოფენილი.

- მინდოდა აკადემიაში ჩამებარებინა დიზაინის
ფაკულტეტზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე. ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ბავშობიდან დღემდე ხელოვნება იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ვიცი არ ვარ საუკეთესო, მაგრამ ეს ის დარგია, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, მაბედნიერებს, მამშვიდებს და ძალას მმატებს.

- უცხოეთში როდის გაემგზავრეთ და რა იყო გამგზავრების მიზანი?

- საქართველოდან პირველად 1999 წელს წავედი. ერთი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რამდენიმე თვეში ესპანეთში გავემგზავრე. ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა... ერთერთი იყო ის, რომ მინდოდა მეტი გამოცდილება მიმეღო. ასევე მსურდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. დღესაც სულ რაღაცის ძიებაში ვარ. არ მიყვარს ერთი და იგივე ადგილზე გაჩერება. ვცდილობ ჩემი საქმით გავამრავალფეროვნო ცხოვრება. არ შემიძლია სულ ვხატო, ვძერწო, ან ფოტოები ვიღო. ყოველთვის ვცდილობ ერთი მეორეთი ჩავანაცვლო. ამიტომ სახლში თუ მოხვალთ, ყველაფერი მაქვს - საძერწი მასალა, სახატავი, საქსოვი, საქარგავი, მძივები, თექა და ა.შ. არ ვიცი, რა დროს რის ხასიათზე ვიქნები, ამიტომ ვყიდულობ ყველაფერს, რაც ჩემი ინტერესის სფეროსთვის გამომადგება.

დედასთან ერთად

- უცხოეთში გამგზავრების შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება? ეს ის იყო, რასაც ელოდით?

- ესპანეთში გავიცანი ჩემი მეუღლე. გამიმართლა, რომ ჩემი მძიმე ხასიათის ატანა შეუძლია. ხშირად ვეუბნები, რომ ჯილდო ეკუთვნის ამაში. მისი დამსახურებაა ის, რაც დღეს ვარ. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ არ ან ვერ გავაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც მსურდა და მომწონდა. მეუღლე შეძლებისდაგვარად ყოველთვის ხელს მიწყობს. ბავშვი რომ წამოიზარდა, დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობდა დირექტორად. მე სამზარეულოში ვიყავი, ვაკეთებდი ესპანურ კერძებს. ისე დავხელოვნდი, რომ ადგილობრივ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი მომცეს. ამან მეტი თვით დაჯერებულობა შემმატა.

- მალევე ინგლისში გადახვედით საცხოვრებლად...
- ესპანეთში როცა კრიზისის გამო ყველაფერი აირია, გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით ინგლისში. გავაგზავნე ჩემი რეზიუმე და დამიკავშირდნენ მანჩესტერიდან. გასაუბრების შემდეგ ჩავედი ინგლისში. სადაც ვმუშაობდი, იქვე მომცეს ოთახი. სიმართლე გითხრათ, რაც მითხრეს, სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. ესპანეთთან შედარებით ინგლისს სულ სხვა სამუშაო რიტმი აქვს. დღეში ვმუშაობდი 11-12 საათს. იქ დაახლოებით სამი კვირა გავჩერდი. ამის შემდეგ გადმოვედი მანჩესტერში. დავიწყე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მუშაობა კონდიტერად. სხვათა შორის, ბრედ პიტიც რამდენჯერმე ესტუმრა იმ ადგილს. იქაც არ იყო მუშაობა იოლი. 12 საათის განმავლობაში ერთი საათი გვქონდა შესვენება და სულ რაღაც უნდა გეკეთებინა. შენი საქმე სრულყოფილად რომ გქონოდა გაკეთებული, მაინც არ უნდა გაჩერებულიყავი და სანამ შეკვეთა მოვიდოდა, უნდა გაგეწმინდა შენი სექცია, თუნდაც ერთი საათის დასუფთავებული ყოფილიყო. ანუ სულ მოძრაობაში უნდა ყოფილიყავი. რვა თვე ვიმუშავე იქ. ამის შემდეგ იხსნებოდა სხვა ახალი რესტორანი, სადაც სჭირდებოდათ მთავარი კონდიტერი. გასაუბრების ხუთი ეტაპი გავიარე და კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახალმა რესტორანმა მალევე მოიხვეჭა სახელი. სამ თვეში აღიარეს ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად. მივიღეთ სხვადასხვა პრესტიჟული ტიტული. რა თქმა უნდა, აქაც ჩვენი დაუზოგავი შრომის შედეგად. ყველას გადანაწილებული გვქონდა საქმე. ყოველდღე ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქტებით ვაკეთებდით კერძებს. სულ ვამბობ, ერთადერთი, რაც გაყინული გვქონდა, ეს იყო ნაყინი.

- ალბათ არაერთი ცნობილი ადამიანი გსტუმრობდათ.
- დიახ, ბევრი ცნობილი ადგილობრივი ტელეწამყვანი, პარლამენტარი, ჟურნალისტი და მსახიობი იყო ჩვენი სტუმარი. ასევე მანჩესტერ იუნაითედისა და სითის მოთამაშეები.
აქ ერთი წელი ვიმუშავე. შემდეგ მომიწია ჯამრთელობის გამო სამსახურისთვის თავის დანებება. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და ვიღლებოდი. სხეული ვერ ასწრებდა ფიზიკურად დასვენებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად 16 საათიც კი ვმუშაობდი. დამიზიანდა კისრის მალა. საშინელი ტკივილები მქონდა და მოძრაობაც მიჭირდა. რვათვიანი მკურნალობის შემდეგ, როცა თავს უკეთ ვგრძნობდი, გავედი სამსახურში, მაგრამ სასტუმროს რესტორანში, სადაც 200 სასტუმრო ოთახი იყო, ასევე რამდენიმე კონფერენციის დარბაზი -ბარი, დიდი რესტორანი და სპა. როგორც მთავარ კონდიტერს, მევალებოდა ყველანაირი დესერტის მომზადება და მენიუს ორგანიზება. გვქონდა რამდენიმე სახის მენიუ, ამის გარდა მიწევდა გამეკეთებინა სხვადასხვა დესერტი კონფერენციებისთვის და შეხვედრებისთვის. იყო ზოგჯერ, რომ დღეში 600-700 ადამიანის გასტუმრება მიწევდა. მაგალითად, ხუთი დღით გვყვავდა 2-3 ჯგუფი, რომელიც თითო 180 კაცისგან შედგებოდა. განსაკუთრებით ბევრს ვამზადებდით, როცა ამერიკელები ჩამოდიოდნენ. იქ პერსონალი ჭამასაც ვერ ვასწრებდით. 11-საათიან სამუშაო გრაფიკში 30 წუთი გვქონდა შესვენება, მაგრამ იმდენი საქმე იყო გასაკეთებელი, რომ ხშირად ვერც ვისვენებდით. გვქონდა როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი დატვირთვა.

- ამ ხნის მანძილზე საქართველოში არ ჩამოსულხართ?
- ამ კითხვას არ შემიძლია უმტკივნეულოდ ვუპასუხო... როგორც იქნა, დადგა შვებულების დრო, ვიფიქრე ჩავიდოდი საქართველოში და ჩემებთან ცოტას დავისვენებდი. მაგრამ მოხდა სამწუხარო ფაქტი - დედა ჩემი ჩასვლის შემდეგ ერთ კვირაში გარდაიცვალა მოულოდნელად. მე შოკში ვიყავი. საშინლად მიჭირდა ამის გააზრება. დედას გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე ბებია დამეღუპა. ჩემი გამზრდელი ბებია... ჯერ ეს არ მქონდა გადატანილი და ახლა დედა...
ვერ მოვდიოდი აზრზე, რომ ეს რეალურად ჩემს თავს ხდებოდა. თითქოს შუა გზაზე დავიკარგე, უკუნეთ სიბნელეში. ექვსი თვე გავიდა დედას გარდაცვალებიდან, მაგრამ ახლაც კი, როცა სინამდვილეს ვუსწორებ თვალს, სიგიჟემდე მივდივარ. ჩავიკეტე, აღარაფერი მაინტერესებდა. თუმცა ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომით ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. ზუსტად მაშინ დავიწყე მინიატურების გაკეთება. ჯერ შაქრისგან ვაკეთებდი და იმდენი მოწონება ჰქონდა, რომ გადავწყვიტე, თიხისგან მეცადა. დავიწყე თოჯინების კეთებაც, მაგრამ არ მინდოდა, ლამაზი და მოვლილი თოჯინები შემექმნა. მინდოდა, ხალხს რაც სტკივა, დღევანდელი სოციალური მდგომარეობა თოჯინებით გადმომეცა, ამიტომ რაც მაქვს აქამდე გაკეთებული, ყველას თავისი ისტორია აქვს და განსაკუთრებულია.

- როგორ იწყება თქვენი და თიხის ურთიერთობა?
- დილით ყავის ფინჯნით ხელში შევდივარ პატარა სამუშაო ოთახში და საღამომდე იქ ვზივარ. ამ დროს ძალიან ვისვენებ. მიყვარს და მაბედნიერებს, რასაც ვაკეთებ. თითოეულ ნაწილს ვეფერები და ისე ვაკეთებ. თითქმის ყოველთვის იქ განმარტოებულს დედაზე მეფიქრება... მგონია, სულ ჩემთან არის და რასაც ვაკეთებ ეს მისი დახმარებითაა.

- თქვენს სამომავლო გეგმებში გამოფენაც ხომ არ მოიაზრება?
- დიახ, სამომავლოდ ჩემი და უკვე ბევრი ჩემი მეგობრის სურვილია გამოფენა გავაკეთო. მაქვს სერიოზული შემოთავაზებები, ვნახოთ, ეს როგორ დამთავრდება და უკვე თავისუფალ თემაზე ვიმუშავებ. ჩემი გამოფენისთვის დავაგროვებ ნამუშევრებს და ჩემი პირველი გამოფენა აუცილებლად საქართველოში იქნება.







მერი ბლიაძე

კომენტარები

.@@ 2019-04-18 03:20
ბრავო ბრავო და ბრავო
ძლიერი ადამიანი ყოფილხართ
საქართველოშიც კი მიაღწევდით წარმატებას
თამუნა 2019-03-18 12:33
ბრავო!
ნატო 2019-03-06 18:17
წარმატებები და მსოფლიო აღიარება მინდა გისურვო,სულ მიკვირდა აქამდე რატო ვერ გამჩნევდნენ ჩემო ოქროს ხელებაა
ნონა 2019-03-05 21:29
ღმერთო ჩემო,რა საოცრად კარგი და ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით...
თინა 2019-03-02 20:28
მერიკო, შენ ლცი, როგორ მიყვახარ და როგორი იმედი მაქვს შენი. მჯერა, რომ ბევრს მიაღწევ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები