ფაიფურზე შესრულებული საოცარი ნამუშევრები ნინო ჩიტაიშვილისგან

მხატვარ ნინო ჩიტაიშვილს საკმაოდ მრავალფეროვანი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს. წლების განმავლობაში გახლდათ საქართველოს სხვადასხვა თეატრის მხატვარი. ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის ქმნის კოსტიუმებს. მის მიერ არის შექმნილი საბავშვო "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაცია, რომლის მხატვრობისთვის იაკობ გოგებაშვილის პრემია მიიღო. ამასთან, ხატავს ფაიფურზე. მისი საუცხო ნამუშევრები ყველა მნახველს აღაფრთოვანებს. ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად ქალბატონი ნინო თავად მოგვიყვება.

- ხელოვნება თქვენთვის ძალიან ახლობელი სფეროა. შექმნილი გაქვთ ანსამბლ „რუსთავის“ კოსტიუმები, რამდენად საინტერესო და საპასუხისმგებლოა თქვენთვის მსგავსი მიმართულებით მუშაობა?
- საერთოდ ძალიან მიყვარს ეროვნული სამოსი, როგორც ქართული, ისე სხვადასხვა ქვეყნის. ქართული ნაციონალური
კოსტიუმი იმითაც არის საინტერესო, რომ საქართველოს ყველა კუთხეს განსხვავებული ჩაცმულობა აქვს. განსაკუთრბით მომწონს ხევსურული ტანსაცმელი. როდესაც ანსამბლ „რუსთავის“ კოსტიუმებზე ვმუშაობდი, რა თქმა უნდა, ბევრი მასალა დავათვალიერე და შევისწავლე, ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. შეიკერა წითელი მთიულურის, რაჭულის, ფარცას და ხორუმის კოსტიუმები, ასევე ოსურის და ხევსურულის ჩოხები. შემდეგ უკვე ჩემი ინტერპრეტაციით შევქმენი რამდენიმე კოსტიუმი და იტალიაში ეთნომოდის ფესტივალზე წარვადგინე.

- თეატრთანაც საინტერესო ისტორია გაკავშირებთ. ამის შესახებაც მოგვიყევით.
- თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. რამდენიმე სპექტაკლის მხატვრობა ძალიან მომეწონა და დამამახსოვრდა. მაგალითად „გუშინდელნი“ რუსთაველის თეატრში და „ტაკიმასხარა“ მარჯანიშვილის თეატრში. საერთოდ სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, სულ მინდოდა სცენაზე ავსულიყავი და დამეთვალიერებინა რა ხდებოდა შიგნით, დეკორაციებს მიღმა. ალბათ ეს სურვილი ავისრულე. ახლა მე თვითონ ვქმნი დეკორაციებს და კოსტიუმებს. გაფორმებული მაქვს 50-მდე სპექტაკლი საქართველოში. თბილისში მარჯანიშვილის, რუსთაველის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, ოპერისა და ბლეტის, თუანიშვილის თეატრებში. ასევე თელავის დრამატული თეატრი, ქუთაისის მესხიშვილის და სხვა თეატრები. საზღვარგარეთ ნიდერლანდებში, გერმანიაში და ა.შ.

- კერამიკულ ნივთებზე ხატვა როდის და რატომ დაიწყეთ?
- სხვადასხვა ზედაპირზე ხატვა ყოველთვის მიყვარდა, მათ შორის იყო თეფშებიც, რომლებზეც ადრე ვხატავდი ჩვეულებრივი ზეთის საღებავებით და დიდად არ დამაინტერესა. რამდენიმე წლის წინ უკვე სპეციალური საღებავებით მოვხატე ფაიფურის ჭიქა, შემდეგ - თეფში, შემდეგ - კაფელის ზედაპირი და ასე გაგრძელდა. ძალიან გამიტაცა ამ პროცესმა, იმავე წელს ჩემი მეგობრების სახელოვნო კაფეში „ამო რამეში“ გავაკეთე მოხატული ფაიფურების პირველი გამოფენა. მას შემდეგ ფაიფურის ჭურჭელზე ხატვა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ საქმიანობად იქცა.

- ძირითადად რა თემატიკის ნახატები გადაგაქვთ ზედაპირზე?
- პირველი რითაც დავიწყე იყო სერია „ლურჯი“. შემდეგ ერთ-ერთი ნახატი ამ სერიიდან ლოგოდ ვაქციე. ამას მოჰყვა „სარეცხი“, „ტფილისი“, „წითელი კაფე“ , „ზაფხული“, ლურჯი სუფრის თემატიკა „ლუსი“ და ასე შემდეგ.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს თქვენს შემოქმედებაში და რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?
- გააჩნია რაზე ვმუშაობ. ფაიფურის მოხატვის დროს უპირატესობას ვანიჭებ მკვეთრ, გრაფიკული ნახატს, შესაბამისად ამ დრო ფერადოვნებს ვამჯობინებ.

- რას განიცდით ხატვის დროს და შემდეგ, როცა უკვე დასრულებულ ნამუშევარს უყურებთ?
- ხატვის დროს არ ვფიქრობ, უბრალოდ ვხატავ. დასრულებულ ნახატს რაც შეეხება, მას უფრო მეორე დღეს ვაკვირდები. რაღაც მომწონს, რაღაც არა.

- პერსონალური გამოფენა გქონიათ?
- დიახ, მქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. ადრე მიმაჩნდა, რომ თეატრის მხატვრის პერსონალური გამოფენა მის მიერ გაფორმებული სპექტაკლია, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. ხელოვანისთვის როგორც ჯგუფური, ისე პერსონალური გამოფენები აუცილებელია. სხვანაირად ვერ განვითარდები. პერსონალური გამოფენა ერთი ეტაპის შემაჯამებელი უნდა იყოს, რომ შემდეგი ეტაპი დაიწყოსს. პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა სტუდენტობის პერიოდში, თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრის ფოიეში. მაშინდელი ჩემი საკურსო ნამუშევრები - თეატრალური ესკიზები და გრაფიკა გამოვფინე, ვერ გეტყვით, რომ ვღელავდი. იმ გამოფენიდან დამრჩა ალბომი, სადაც ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა და უცნობმა დამთვალიერებლებმა შთაბეჭდილებები და მოლოცვები ჩამიწერეს. ყველა ჩანაწერი ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

- პანდემიამ რა გავლენა მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე?
- თეატრს რაც შეეხება, ისევე როგორც ყველგან, თეატრშიც დროებით შეჩერდა მუშაობა, ახლა იმედია ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ და საპრემიერო ჩვენებაც გვექნება. თუმცა, როგორც მხატვრისთვის, ჩემთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ისევე ვხატავდი, როგორც პანდემიამდე და ვხუმრობდი კიდეც, თვითიზოლაციაში მიცხოვრია და არ ვიცოდი-მეთქი. თუმცა გამოფენების, ცოცხალი ურთიერთობების გარეშე დიდხანს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- პანდემიამდე დაწყებულ სპექტაკლზე მუშაობა მალე განახლდება, დეკორაციისა და კოსტიუმების ესკიზები ერთი წლის წინ მზად იყო, ახლა ეს ყველაფერი უნდა შეიკეროს და გამზადდეს.



მერი ბლიაძე

კომენტარები

სოფიკო ქებურია 2021-03-21 22:10
ნინოს ნამუშევრები ისეთივეა, როგორიც თვითონ - მხიარული, თბილი, კეთილი, ფერადი. სახლში მაქვს მისი მოხატული საშაქრე. ეს პატარა ნივთი ძალიან გვიხალისებს გუნებ-განწყობას, ნათელი სხივი შემოაქვს ყოფაში.
რუსუდან ბოლქვაძე 2021-03-20 12:00
წარმდტებას ვუსურვებ ნინოს,ამოუწურავ, ნათელ, მუდამ საინტერესო ხელოვანს, არაჩვეულებრივ პიროვნებას...
მოზ. მაყურებ. თეატრი 2021-03-19 21:39
ძალიან სასიამოვნოა როდესაც ასეთ ნიჭიერ ხელოვანს უთმობთ თქვენი გამოცემის გვერდებს, თუმცა ცოტა გაოცებულნი ვართ - ქალბატონი ნინო სწორედ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარია. წარდგენისასაც კი არ იქნა ნახსენები ჩვენი თეატრი და როგორ დავიჯეროთ რომ თითქმის ყველა თეატრის ჩამონათვალშიც კი არ მოვხვდით. იმ 50 სპექტაკლის უდიდესი უმრავლესობა სწორედ მოზარდ მაყურებელთა თეატრშია გაფორმებული ამავეთეატრის მთავარი მხატვრის ნინო ჩიტაიშვილის მიერ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები