"ეს საქმე რომ დავიწყე, ერთი ბარი მქონდა... ახლა საკუთარ საამქროში ვმუშაობ..." - როგორ იქცა ფიტნესინსტრუქტორი დურგლად

34 წლის გიორგი ზურებიანმა ბევრ საქმიანობაში გამოსცადა საკუთარი თავი და ბევრ პროფესიასაც დაეუფლა, თუმცა ხატვის სიყვარულმა და შემოქმედებითმა უნარებმა მაინც თავისი ქნა და დღესდღეობით დურგლობით არის გატაცებული - ძირითადად, ეზოს ავეჯზე მუშაობს, ექკსლუზიურად ხეზე და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც დაუგროვდა.


- ბავშვობიდან მიტაცებდა ხატვა და ჩხირკედელაობა. შემდგომში რამდენიმე პროფესიას დავეუფლე, მაგრამ საბოლოოდ სწორედ შემოქმედებაში, კონკრეტულად კი ხის ნაკეთობების დამზადებაში ვიპოვე თავი. ეს საქმიანობა თან მასაზრდოებს, თან სიამოვნებას მანიჭებს.

სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობ და დიდ დროს ვატარებ სპორტულ დარბაზში. ვარჯიშს დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. პანდემიამდე გარკვეულ
ხანს ფიტნესინსტრუქტორადაც ვმუშაობდი. მანდილოსნებს ვუწევდი კონსულტაციებს ვარჯიშისა და კვების მხრივ. თუმცა შემდეგ დაემთხვა ავადხსენებული პანდემია და სპორტდარბაზები დაიკეტა. მეც დიდხანს არ მიფიქრია და დავიწყე დურგლობა.

სხვადასხვა ხის საამქროში მიღებული გამოცდილებით და საბაზისო ცოდნით უკვე შემეძლო დამოუკიდებლად განმევითარებინა და ჩემებურად დამეხვეწა, ასევე ხელთმექმნა კლიენტის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი დიზაინი. მსურდა შემეთავაზებინა განსხვავებული ხარისხი, გერმანული პუნქტუალობა, ქართული ფასები და შვეიცარიული სიზუსტე. პირველმა კლიენტმა რეკომენდაცია გამიწია სხვასთან და ასე გადაება ჯაჭვი. შედეგად პირველივე თვეს საგრძნობლად დიდი წინსვლა მქონდა. არადა, ერთი ბარით დავიწყე მუშაობა და დღეს ჩემი პატარა საამქრო მაქვს. 

- რა მასალაზე მუშაობთ, რატომ ამოირჩიეთ ხე და როგორია სამუშაო პროცესი?
- რატომ ხე? იმიტომ რომ მსიამოვნებს ხეზე მუშაობა, იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთაა და ასევე უვნებელია დამუშავების პროცესი.
როგორც მხატვარს მიყვარს ხის ფაქტურა, ლამაზი და მუდამ განსხვავებული. ახლო მომავალში ვაპირებ მეტალის და ხის შეთამაშებას, მიზიდავს ეს სტილიც.

- როგორია სამუშაო პროცესი და რა უპირატესობა აქვს ხეს სხვა მასალებთან შედარებით - თქვენთვის, როგორც ხეზე მომუშავე ადამიანისთვის და ასევე - მომხმარებლებისთვის?
- სამუშაო პროცესი არის სასიამოვნო და მტვრიანი (იღიმის). აუცილებლად ჩართულია რადიო და სახელოსნოში შესვლიდან ხუთ-ათ წუთში თოვლის პაპას ვემსგავსები. დრო სწრაფად მიქრის, რადგან პროცესი მსიამოვნებს და შეიძლება დილით შესულს თავზე დამაღამდეს, თუ არ მომწყვიტეს ოჯახის წევრებმა და არ შემახსენეს, რომ სადილობის დროა.
ხე ცოცხალია, სუნთქავს, ამასთან ერთად, თუ ინტერიერისთვის არის განკუთვნილი, ბიოლაქით ვამუშავებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა. ხე ექვემდებარება რესტავრაციას მრავალი წლის შემდეგ. ვამზადებ როგორც ბაღის, აგრეთვე სახლის ავეჯს და არამარტო. ლეპტოპის სადგამი შემიკვეთეს ერთხელ, დართსის პატარა "შკაფჩიკი", ერთი სიტყვით, კარფანჯრის გარდა ყველაფერს (კარ-ფანჯარა რატომღაც არ მიზიდავს, უინტერესოა ჩემთვის), აგრეთვე პერგოლას, პლატფორმებს კოტეჯებისთვის და თავად კოტეჯსაც და ა.შ. 

- ავეჯს როგორ ამუშავებთ, რომ დაცული იყოს გარემო ფაქტორებისგან. ასევე საინტერესოა, რას ურჩევთ მკითველებს, როგორ უნდა მოუარონ ხის ავეჯს, რომ ის არ დაზიანდეს, ან ჭია არ გაუჩნდეს?
- ეზოს ავეჯს რაც შეეხება, ძალიან აქტუალურია პადონის (პალეტის) ავეჯი. რასაც დავაკვირდი, ლურსმნით აწყობილ პადონებს "დაშკურკავენ", შეღებავენ, ერთმანეთს დაადებენ და ამას ეძახიან ავეჯს. მე სხვანაირად ვაკეთებ - ბოლო ფიცრამდე და კუბამდე ვშლი პადონს, შემდეგ სათითაოდ ვაშალაშინებ, ვჭრი ზომებზე და შურუფზე და იმავდროულად წებოზე ამყავს. ამის მერე სურვილისამებრ გამოწვა გალაკვა ან შეღებვა ხდება და თითქმის ყოველ ჯერზე ახალი დიზაინით ვაწყობ.

რაც შეეხება შენახვას, ვისაც უკვე აქვს ეზოს ავეჯი, თუ ხის ფერზეა, სასურველია გალაქოთ ექსტერიერის ლაქით ორი პირი. თუ თავდაპირველად არ ჰყავს ცოცხალი ჭია, უკვე დამუშავებულს შემდგომში არ გაუჩნდება. მთავარია დაამუშავოთ საფუძვლიანად.

- როგორ უნდა ავარჩიოთ ხარისხიანი ხის ავეჯი და გავარჩიოთ უხარისხოსგან, რომელიც შეიძლება მალე გამოვიდეს მწყობრიდან.
- დააკვირდით დამუშავების ხარისხს, ზედაპირის სისწორეს, იკითხეთ რა მასალაა. აგრეთვე დააზუსტეთ, რომ იყოს მშრალი მასალით აწყობილი (სველი მასალა შედარებით მძიმეა და დროთ განმავლობაში დაიბრიცება), დაატანეთ ძალა, მიაწექით. კარგი აწყობილი უნდა იყოს მტკიცე და არ უნდა ირყეოდეს. გადაუსვით ზედაპირს ხელი. ერთხელ გალაქული ხაოიანია, ორი და მეტი უკვე გლუვი ზედაპირია და კარგია. ბევრი ნიუანსია, ასე მოკლედ ვერც იტყვი.

- სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ...
- რადგანაც წარმოების რაოდენობა იზრდება, ჩემი მოკრძალებული სახელოსნო ვეღარ აუდის, ამიტომ ფართს ვამზადებ, რომ მოზრდილი ხის საამქრო გავმართო და მეტად გავზარდო ჩემი საქმიანობა.



კომენტარები

ლია 2022-02-12 16:34
ტოჩაღ! წარმატებები ამ უნიჭიერეს და მშრომელ კაცს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები