მინიატიურული სახლები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "აქ ჩემი ყველა ჰობია გაერთიანებული"

ფინანსისტმა ელენე ნემსაძემ მინიატიურული სახლების, მინიატურული კულინარიული ნაწარმის, ყვავილებისა და სხვა ნივთების კეთება პანდემიის დროს დაიწყო. მისი მინიატიურული სამყარო შთამბეჭდავი და მომაჯადოებელია. ხელსაქმისთვის მხოლოდ სამსახურის შემდეგ იცლის. ამბობს, რომ ეს პროცესი მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველდღიურ რუტინას ავიწყებს.

- ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დირექტორი ვარ და მიყვარს ჩემი პროფესია, არასდროს მიფიქრია მის შეცვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ასე მგონია, მხოლოდ ხელსაქმეზე ვერ გადავერთვებოდი, რადგან კოგნიტური ძალისხმევა, რომელსაც ჩემი პროფესია მოითხოვს, ძალიან მავსებს და მჭირდება.

ბავშვობაში ძალიან
მიყვარდა ხაზვა, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებაც კი მინდოდა. მგონია, რომ ჩემი გატაცება მინიატიურული სახლებით სწორედ ამ ინტერესთან არის დაკავშირებული. სახლების შექმნა კოვიდის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე. თავდაპირველად რამდენიმე ასაწყობი სქემა გამოვწერე ინტერნეტიდან. შემდეგ უშუალოდ ჩემი ინტერპრეტაციით და იდეებით დავიწყე სახლებისა და ოთახების აწყობა.

ყოველთვის მიტაცებდა ხელსაქმე - ხატვა, ქარგვა, კერვა, ქსოვა, კერამიკა, თიხა... დროდადრო ახალ ჰობის გავიჩენდი ხოლმე და სრულყოფილად შევისწავლიდი. ძალიან მომწონს, რომ მინიატიურულ სახლებში ჩემი ყველა ჰობია გაერთიანებული.

პირველი ნამუშევარი იყო ბიბლიოთეკა, რომელიც გამოწერილი სქემით ავაწყე. ერთი კვირა დამჭირდა, თუმცა შედეგი რომ ვნახე, ისე აღვფრთოვანდი, მაშინვე შემდეგის აწყობა მომინდა. ამ ნამუშევარს ახლაც ვინახავ. კიდევ რამდენიმე გამოწერილი სქემის შემდეგ ჩემი იდეების განხორციელებას შევუდექი.

- რა მასალას იყენებთ სახლების შესაქმნელად?
- ვქმნი სახლებს, ოთახებს, დახლებს, დაფებს. ვიყენებ სხვადასხვა მასალას: ხეს, კერამიკას, ქაღალდს, სილიკონს, თიხას, მავთულებს, გამომშრალ და ხელოვნურ ყვავილებს, პოლიმერულ თიხას. ასევე სახლებს ვურთავ განათებებსა და მუსიკალურ გაფორმებებს.

- დღემდე რამდენი სახლი გაქვთ შექმნილი და როგორია შემოქმედებითი პროცესი? დაახლოებით რა დროს ანდომებთ თითოეული სახლის შექმნას და რამდენად შრომატევადია?
- ძალიან შრომატევადი პროცესია. თითოეული სახლი უნიკალურია და მათ შექმნას ბევრი დრო და იდეები სჭირდება. სირთულე დეტალების რაოდენობიდან გამომდინარეობს. დღემდე დაახლოებით 60-მდე მინიატურული სახლი მაქვს შექმნილი. იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა სახლი და რამდენი დეტალისგან შედგება, საშუალოდ დაახლოებით ერთი კვირიდან სამ კვირამდე ვანდომებ ხოლმე. თუმცა ხასიათსაც გააჩნია, თუ შემოქმედებით ტალღაზე ვარ, სახლი ორ დღეშიც ამიწყვია.

- კონკრეტულად რომელიმე სახლის, ან შენობის ანალოგი თუ შეგიქმნიათ?
- კონკრეტული სახლის ანალოგი არ შემიქმნია, თუმცა შთაგონებას ვიღებ შენობებიდან, კაფეებიდან, ქალაქებიდან. მაგალითად, ერთ-ერთი მინიატიურული კაფე შევქმენი იტალიის, პორტოფინოს ინსპირაციით. ასევე ვქმნი ოთახების ანალოგებს, თუკი სადმე გადავაწყდი ოთახს, რომელიც მომწონს, გადმომაქვს მინიატიურაში.

- მცირე ზომის ნივთებზე მუშაობა რთული არ არის? როგორ ქმნით ნივთებს ინტერიერისთვის?
- პატარა ნივთებზე მუშაობა რთულია, თუმცა ძალიან საინტერესო. ვიყენებ შესაბამის ხელსაწყოებს, რომლებიც პატარა ნივთებთან მუშაობას მიადვილებენ. საკვებს, ხილს, ბოსტნეულს, ტკბილეულს ვაკეთებ პოლიმერული თიხისგან. ნახატის ჩარჩოებს ვასხამ თაბაშირის ყალიბში, ვღებავ, ვუსადაგებ ნახატს და ინტერიერს. ავეჯს ვაკეთებ ხისგან, ვაკრავ ნაჭრებს. ასევე ვქმნი მინიატიურულ ჭურჭელს კერამიკისგან, თიხისგან ვძერწავ პატარა ზომის ჭიქებს, თეფშებსა და ქოთნებს, შემდეგ მათ ვწვავ და ვღებავ. ასევე, გამოვწერე მასალა, რისი მეშვეობითაც ვასხამ სხვადასხვა ზომის ბოთლებს.

- თითოეული მინიატურული სახლის დიზაინი დახვეწილი და ორიგინალურია. არ გიცდიათ ინტერიერის დიზაინში რეალურად მოგესინჯათ ძალები? 
- დიზაინის სფეროს სიღრმისეული შესწავლა სჭირდება, თუკი ამის საშუალება და დრო მომეცემა ცხოვრებაში, რატომაც არა, შეიძლება მოვსინჯო ძალები. თუმცა ამ ეტაპზე ამას სერიოზულად არ განვიხილავ, ჩემი პროფესიითა და გატაცებით ყველა ინტერესს ვიკმაყოფილებ.

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?
- საზღვარგარეთ ასეთ ნამუშევრებზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავ ჩემი ნამუშევრების უცხოურ საიტებზე განთავსებას და შესაბამისად პოტენციური მყიდველების უფრო დიდ რაოდენობაზე გატანას. მაქვს უამრავი ახალი იდეა. მომავალში ბევრ ახალ და საინტერესო მინიატიურას იხილავთ.










მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება