"ხელით მოხატული ყველანაირი ნივთი აქტუალურია, მით უმეტეს ავეჯი" - ახალგაზრდა ხელოვანის ორიგინალური ნამუშევრები

მხატვარ მარიამ მანჯგალაძის შემოქმედება საინტერესო და მრავალფეროვანია. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად ხატავს, აახლებს ძველ ავეჯს, ქმნის ინტერიერის დეკორაციას, მუშაობს ეზოს დიზაინზე და სხვა. მარიამის ფუნჯი არა მხოლოდ ტილოს, არამედ სხვადასხვა ნივთს ეხება, ახალისებს და ალამაზებს მათ. ძირითადად ხატავს ავეჯზე და ინტერიერს განსაკუთრებულად ლამაზს და განსხვავებულს ხდის.

- დაახლოებით შვიდი წლის წინ გამიჩნდა იდეა, რომ გამეახლებინა ჩემი სახლის ძველი ავეჯი და ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა მათთვის. არ მინდოდა მათი გადაყრა, ან გაჩუქება, რადგან თითოეული ნივთი სახლის, ოჯახის ისტორიის ნაწილი იყო და შინ
სიმყუდროვის საოცარ შეგრძნებას აღვივებდა. დიდი დრო არ დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ნივთები სახლის ადრეულზე უფრო ღირებულ და საინტერესო ნაწილად მექცია.
გარდა ძველი ავეჯისა, ვმუშაობ ჩემივე ხელით შექმნილ ახალ ავეჯზეც.

- რა სირთულეებს მოიცავს ხეზე ხატვა, ან რამდენად საინტერესოა?
- როცა ხეზე ხატვას ვიწყებ, არ ვფიქრობ სირთულეებზე, დაბრკოლებებზე, პირიქით, ყველაზე სასიამოვნო განწყობაზე ვარ და წინასწარ მახარებს ის ფაქტი, რომ შედეგმა შეიძლება გამოიწვიოს დადებითი ემოცია და კარგი შეფასება, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებ.

- ინტერიერში რამდენად აქტუალურია ხელით მოხატული ავეჯი? მოთხოვნა დიდია?
- ზოგადად ხელით მოხატული ყველანაირი ნივთი აქტუალურია, მით უმეტეს ავეჯი. ის ყოველთვის არის აღიარებული, საინტერესო და დაფასებული. 

- სხვა ხელსაქმე თუ გეხერხებათ?
- გარდა ავეჯის მოხატვისა, ვმუშაობ კედლის მოხატვაზე, ინტერიერის დეკორაციაზე, ეზოს დიზაინზე, ხელნაკეთ აქსესუარებზე, სადღესასწაულო გაფორმებაზე. მიყვარს რაც შეიძლება მეტი ფერი ყველაფერში, რის გამოხატვის საშუალებასაც მაძლევს ყვავილები, ეს იქნება ბუნებრივი თუ ხელოვნური, ამიტომ ისინიც ჭარბობენ ჩემს ნამუშევრებში.

- როგორია თქვენი შემოქმედებითი რეალობა დღეს და რას ელოდებით მომავლისგან?
- ერთი თვეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფები და ამ კუთხით აქ ვაგრძელებ საქმიანობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ნელ-ნელა დავიმკვიდრებ თავს, გავუზიარებ ჩემს ნიჭს აქაურებს და მიმიღებენ თბილად, როგორც დიდი კულტურის მქონე ქვეყნიდან ჩასულ ადამიანს. მომავალში კი აქ მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, დიდი შემართებით დავუბრუნდები ჩემს სამშობლოს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

... 2022-05-25 20:16
მარიამ წარმატებები.,ძალიან ლამაზი ხარ ., ეცადე მეორე ნახევარი ქართველი გყავდეს,რომ შენი გენი საქართველოში დაგრჩეს.
მერწმუნე იამაყებ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები