"მინდა ყველა კუთხეს მოვეფერო ჩემი მაკეტებით..." - მინიატიურულ ნამუშევრებად ქცეული ქართული სახლები

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ეკონომისტი ლალი მჭედლიშვილია. იტაცებს ხელსაქმე, კერავს, ქსოვს, ქარგავს და რაც მთავარია, იმდენად საოცარ მინიატურებს ქმნის, რომ ნებისმიერი მნახვნელის აღფრთოვანებას იწვევს. ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ მინიატურებმა მიიპყრო. იმერული, მეგრული ოდა, კახური, გურული სახლები, სვანური კოშკები, იმერული სოფელი, შობა ბეთლემში და სხვა – აი, რას ნახავთ ლალი მჭედლიშვილის მინიატურულ სამყაროში.

- როგორ შეისწავლეთ მინიატურების კეთება და თქვენი პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ...
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მინიატურების კეთების იმპროვიზაციის წყარო გახდა სამი წლის წინ ნაყიდი ნაძვის ხე. მინდოდა, ჩემი
ნაძვის ხე სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო, ქართული ელემენტებით და გადავწყვიტე, მე თვითონ გამეკეთებინა სათამაშოები. გავაკეთე მრგვალი ბურთი და ამ ბურთში ჩავსვი იმერული ოდა, ამას მოჰყვა კახური, მეგრული, გურული, სვანური სახლები. პირველი ჩემი ნამუშევარი ძალიან მიყვარს, რომელსაც ალბათ არასოდეს არ გავაჩუქებ, მითუმეტეს რომ დროთა განმავლობაში ჩემი ნამუშევრები უფრო დაიხვეწა. ნაძვის ხის სათამაშოებს მოჰყვა შობა, იმერული სოფელი ზამთარში. რატომღაც ჩემი ნამუშევრები უფრო ზამთარს ეძღვნებოდა. ამ ბოლო დროს გამიტაცა ზაფხულმა.

- რა მასალით იქმნება თქვენი თითოეული ნამუშევარი?
- რაც შეეხება მასალას, ვცდილობ, რომ იყოს ბუნებრივი მასალა, ვიყენებ ხეს, ბამბუკს, სელის თოკს, პოლიმერულ თიხას და ქაღალდს.

- რა ეტაპებს გადიხართ სანამ ნამუშევარი დასრულებულ სახეს მიიღებს?
- ჯერ იბადება იდეა. როდესაც ვცდილობ, რომ წარმოვიდგინო დასრულებული სახით, ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას. თუ რაღაც არ მომწონს, შეიძლება ეს გაგრძელდეს რამდენიმე დღე და შეიძლება - ერთი თვეც. ეს უფრო დიდ მაკეტებს ეხება. კეთების პროცესში იბადება იდეები, შეიძლება წარმოსახვაში სხვა მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ გაკეთების პროცესში შევცვალო.

- როგორ ახერხებთ, ასეთი მცირე ზომის ნამუშევრები ასე უნაკლოდ შექმნათ?

- ვინც ეს საქმე იცის, დამეთანხმება, რომ მარტივი არ არის, რადგან მუშაობ პინცეტით და დიდ დროს მოითხოვს.

- თქვენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია სვანური კოშკები...
- ძალიან მიყვარს საქართველოს ყველა კუთხე, ზაფხული მოდის და რომ წარმოვიდგენ, როგორ ლამაზდება ყველა კუთხე, მეც კეთების სურვილი მიმძაფრდება ამ პერიოდში. პროცესის მანძილზე, ჩათვალეთ, რომ იქა ვარ ხოლმე. ვაპირებ, შეძლებისდაგავარად ყველა კუთხეს მოვეფერო ჩემი მაკეტებით.
მე თვითონ კახეთში, სოფელში გავიზარდე. ძალიან მიყვარს სოფელი, რომელიც სულ მენატრება. მენატრება ჩემი ბებიები, ბებიის სახლი, სახლის სუნი, ეზო, რომელსაც სულ ვეძებ. კეთების პროცესში სულ ვესაუბრები.

- თქვენი ყველაზე დიდი შემფასებელი და გულშემატკივარი ვინ არის?
- ალბათ ოჯახის წევრები და მეგობრები. მადლობა მათ თანადგომისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონს და გულს უხარებს.



მერი ბლიაძე

კომენტარები

!!! 2022-06-08 09:58
საოცრებაა ... ძალიან მომეწონა, ზოგადად მინიატურული ნივთები ძალიან მიყვარს. გამოფენაზე აუცილებლად მოვიდოდი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები