საოცარი ნაქარგები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს და ხელოვანი დედა-შვილის მრავალფეროვანი ხედვა

ნანა მიქავა-გელაშვილი მეორედ არის ჩვენი სტუმარი. წლების წინ ვისაუბრეთ მასთან, მას შემდეგ კი კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და გაკაშკაშდა მისი შემოქმედება და მისი ნაქარგები კიდევ და კიდევ მეტ მნახველს აღაფრთოვანებს. ამჯერად ქალიშვილთან, მეკო გელაშვილთან ერთად ვესაუბრეთ, რომელიც დედის ბევრ ინტერესს და გატაცებას იზიარებს და თავისი ინდივიდუალური შემოქმედება აქვს:

ნანა მიქავა-გელაშვილი:

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვმუშაობ, თუმცა ხელსაქმისთვის ყოველთვის ვპოულობ დროს. ხელსაქმე ჩემი ჰობია. ქსოვა სტუდენტობის დროიდან დავიწყე. ყველაფერი ჩემი მოქსოვილი მეცვა, ჩანთასაც კი მე ვიქსოვდი. შემდეგ, მალევე გადავერთე ქარგვაზე. ეს ჩემთვის
განტვირთვაც იყო და სიამოვნებაც.

ქარგვა დავიწყე დაახლოებით 25 წლის ასაკში. ჩემი პირველი ნამუშევარია ფიროსმანის მეეზოვე, რომელიც მხატვრული ქარგვის ტექნიკით შევასრულე. ყველას ჰგონია, რომ ქარგვისას ადამიანი იღლება, თუმცა, ჩემთვის ეს პირიქითაა. თითქოს, ბევრად მშვიდად და გაწონასწორებულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემი საყვარელი საქმიანობით ვარ დაკავებული. პირველ რიგში, საბოლოო შედეგია ჩემთვის სასიამოვნო, ხოლო როცა ვხედავ, რომ სხვებიც დიდი ინტერესით უყურებენ ჩემს ნამუშევარს, მოტივაციით ვივსები. ვქარგავ სხვადასხვა ტექნიკით, ვაკეთებ გობელენს, დეკუპაჟს.










ახლახანს დავიწყე თოჯინების ქსოვა. ჩემი შვილი მეუბნება, ამ სათამაშოებით ბავშვობაში დამაბრუნეო და ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის.


- საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. რა დრო სჭირდება დაახლოებით ერთი ნამუშევრის შექმნას? რა არის ყველაზე რთული ეტაპი ამ საქმეში?
ყველა ნამუშევარს განსაკუთრებული ემოცია და მიდგომა სჭირდება. რამდენჯერმე მომიქარგავს ერთი და იგივე პეიზაჟი, თუმცა, არასდროს გამოდის ერთნაირი. ფერების გამოყენების პროცესიც კი შინაგან ემოციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება დროს, მხატვრული ქარგვა ყველაზე შრომატევადია. არც აბრეშუმის ლენტებით ქარგვაა მარტივი, თუმცა, ის შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს. მხატვრული ქარგვით შესრულებულ ნაქარგს, დაახლოებით, 3-4 თვე მაინც სჭირდება, ლენტებით შესრულება კი, ზოგჯერ, 3 დღეშიც კია შესაძლებელი. ბევრს შევასწავლე ქარგვა, მათ შორის ჩემს შვილსაც.

- რა მასალებით მუშაობთ?
ვქარგავ სხვადასხვა ტექნიკით. შესაბამისად, მასალაც განსხვავებულია. ძირითადად, ვიყენებ აბრეშუმის ნაჭერს, მულინეს ძაფებს, აბრეშუმისა და ატლასის ლენტებს. საშობაო და საახალწლო დეკორაციებსაც მე და ჩემი შვილი ყოველთვის თავად ვაკეთებთ.
ძირითადად, ცნობილი ტილოები გადამაქვს, თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა კომპოზიცია ჩემივე მოფიქრებულია. შესაბამისად, მაქვს საავტორო ნამუშევრებიც.

- თქვენი გადმოსახედიდან, რა დანიშნულება აქვს ხელოვნებას, ხელსაქმეს ადამიანისთვის, თქვენი გადმოსახედიდან - მისთვის, ვინც თავად ქმნის და ასევე მისთვის, ვინც ამას აფასებს?
- გარდა იმისა, რომ სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ, ზოგჯერ, შემოსავლის წყაროცაა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცესია, როცა ჩემს ნაქარგს სხვას ვჩუქნი. ადამიანების უკუკავშირი იმდენად მნიშვნელოვანია, გაჩუქების მომენტიდან, რამდენიმე წუთშიც კი დამიწყია ახალი ნაქარგის შექმნა. მიხარია, როცა ადამიანი სხვის შრომას აფასებს.




მეკო გელაშვილი:

- მე პროფესიით ჟურნალისტი და სოციალური ფსიქოლოგი ვარ და სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობ. თუმცა ქარგვისთვის დროც მეც სიამოვნებით ვნახულობ. ქარგვის და ხატვის ინტერესი დედამ გამიჩინა. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ იყო ამ საქმით დაკავებული და სულ მინდოდა, მეც მის მსგავსად შემექმნა საინტერესო ნამუშევრები. დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე ქარგვა.

როცა მუშაობდა, პარალელურად მიხსნიდა ჩემივე თხოვნით და რადგან მონდომებული ვიყავი, მარტივადაც მამახსოვრდებოდა. ჩემი ნამუშევრები დედასგან განსხვავებულია. ძირითადად, მეც ცნობილ ნამუშევრებს ვქარგავ, თუმცა, ჩემი ერთ-ერთი ჰობი ფოტოების გადაღებაა და რამდენიმე ნაქარგი სწორედ ჩემი გადაღებული ფოტოს მიხედვით მაქვს შესრულებული.

საკმაოდ რთულია ეს საქმე. ქარგვის პროცესი ხატვაა, უბრალოდ, საღებავისა და ფანქრის ნაცვლად ტილოს ძაფით ავსებ და, რატომღაც, ჩემთვის ეს პროცესი უფრო საინტერესო და მრავლისმთქმელია. სამსახურიდან და ყოველდღიური გრაფიკიდან გამომდინარე, რთულია, ეს ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ყოველდღიურ რუტინად აქციო, თუმცა, მიტოვებას არ ვაპირებ და, შესაბამისად, ამ საქმიანობისთვის ჩემს ყოველდღიურობაში დრო ყოველთვის გამოინახება.

ზოგადად, ხელოვნება ადამიანის სულიერ სამყაროს ამრავალფეროვნებს. როდესაც საყვარელი საქმით ხარ დაკავებული, თითქოს, ყველანაირი დარდი და სევდა გავიწყდება. შინაგან სამყაროში მხოლოდ ლაღი და ნათელი ემოციები იწყებენ გაღვიძებას და ეს შინაგანი დადებითი ენერგია გარეთ გამოდის. ძალიან კარგი და საინტერესო პროცესია, როცა ამ ენერგიას სხვებიც ამჩნევენ. მიყვარს საკუთარი ნამუშევრების გაჩუქება და ვცდილობ, ეს ხშირად გავაკეთო.








კომენტარები

ნანა 2023-11-11 20:06
დიდი მადლობა ❤️????
ციცო ბარდაძე 2023-11-09 22:07
ძალიან ძალიან ლამაზია ????...საოცრებებია ????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები