ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტის ყვავილებს უვლიდა: ”მეამაყება, რომ ფლორისტი ვარ, თუმცა...”

ბუნება დედამიწაზე ყველაზე დიდი შემოქმედია. საბედნიეროდ, არსებობენ უსაზღვრო ნიჭით და ფანტაზიით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებსაც ბუნების სილამაზე აღმატებულ ხარისხში აჰყავთ და ადამიანებს ამ სილამაზით ტკბობის საშუალებას აძლევენ. ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ფლორისტი ქეთი ჯანხოთელი. იგი წლებია საოცრად რთულ, ლამაზ კომპოზიციებს, სხვადასხვა სტილითა და ტექნიკით ქმნის. ქეთის შემოქმედება საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. 

- თბილისში, ინჟინრების ოჯახში დავიბადე. ბავშვობიდან გამოვავლინე ხატვისა და ძერწვის მიმართ დიდი ინტერესი. მახსოვს, ერთი არაჩვეულებრივი წიგნი გვქონდა - „მარჯვე ხელები“, რომელიც ძალიან მიყვარდა. მისი ავტორი, ქალბატონი ნელი ოქროპირიძე დეიდაჩემის მეზობლად ცხოვრობდა,

ვერაზე, და იქ სტუმრად მისული სულ მის ფანჯრებს ვუყურებდი, მინდოდა და მეგონა, რომ დავინახავდი, თუ როგორ აკეთებდა ამ საოცარ ნამუშევრებს.
მე-60 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სკოლის პარალელურად დავდიოდი ვირსალაძის სახელობის გიმნაზიაში, სადაც ფორტეპიანოს განხრით მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. მოგვიანებით აბიტურიენტობის პარალელურად გავიარე იმდროინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურის სახლში მხატვრული ქარგვისა და ხელოვნური ყვავილების დამზადების ერთწლიანი, ასევე ჭრა-კერვის ინსტრუქტორის სამწლიანი კურსი. შემდეგ იყო ინსტიტუტი და პირველი პროფესია - დაწყებითი კლასების პედაგოგიკა, თუმცა როგორც კი ჩემი თავი იმ ფიქრში გამოვიჭირე, რომ ბავშვების სწავლაზე მეტად კლასის მოწყობასა და ფორმების დიზაინზე ვფიქრობდი, პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე და ტანსაცმლის მოდელირებისა და კონსტრუირების ფაკულტეტზე გადავინაცვლე. სწორედ აქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე - ვლადიმერ მურჯიკნელი. სკოლის პარალელურად საპატრიარქოს სასულიერო სემინარიასთან არსებულ საკვირაო სკოლაში თექისა და ბატიკის მხატვრულ დამუშავებას ვსწავლობდი, თან კერძო სალონებთან დიზაინერის დამხმარედ ვმუშაობდი. სასწავლებლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე მოდის სახლში, სადაც სასცენო კოსტიუმებს და საქორწილო კაბებს ხელით ნაქარგობებს ვუკეთებდი.


- ფლორისტიკით როდის დაინტერესდით?
- შემთხვევით გავიგე, რომ გაიხსნა საპატრიარქოსთან არსებული დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი, სადაც სტუდენტები „ყვავილებით რაღაცებს აკეთებენო“. ეს იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მეორე დღიდან სამსახურში აღარც წავედი და დავიწყე შესაბამის საგნებში მომზადება. ასე გადავეშვი პროფესიაში, რომლის სახელწოდებაც კი არ ვიცოდი. ეს იყო ყველაზე კარგი და სწორი არჩევანი ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. ამ ინსტიტუტში, რომელიც მოგვიანებით აკრედიტაციის შედეგად კოლეჯად გადაკეთდა ორი პროფესია მივიღე: დეკორატიული მცენარეების მებაღე და ფლორისტული დიზაინის სპეციალისტი.


- ყველაზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი რა ღონისძიება გაგიფორმებიათ?
- პირველი დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მივიღე სტუდენტის რანგში, ეს იყო ბაგრატიონების სამეფო ჯვრისწერა სამების საკათედრო ტაძარში, რომლის ფლორისტული გაფორმებაც ამ სასწავლებელს დაევალა. ამ ღონისძიებამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. შემდეგ იყო ტაძრის სადღესასწაულო გაფორმებები და პატრიარქის ნათლულებთან შეხვედრის ცერემონია სპორტის სასახლეში.
ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი კი პირველ კურსზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში შევქმენი. ეს არის მშრალი ყვავილებისა და ვაზის ტოტებისაგან გაკეთებული წერო, რომელსაც „მშვიდობის წერო“ დავარქვი. მაშინ მივხვდი, რომ ფლორისტიკა ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არა, თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვან მოვლენას თავისი შესატყვისი ნამუშევარი აქვს მიძღვნილი, რომელიც ფლორისტიკასთან ერთად სხვა ტექნიკების გამოყენებით მაქვს შექმნილი (ბაგაში მიწვენილი ყმა იესო- პირველი შვილის ნატუკას დაბადებას მივუძღვენი, ნაძვის ხე „ელენიკო“ კი უმცროს შვილს ელენიკოს და კიდევ სხვა ბევრი).


- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ფლორისტიკას?
- ეს ყველაფერი იმდენად არის ჩემში შესისხლხორცებული, რომ ხშირად ჩემი სამუშაო სერიოზულ კონკურენციას უწევს ჩემს ძირითად მოვალეობას - ოჯახს. უმეტესად ღამეების გათევა მიწევს, რომ მეორე დღეს ცოცხალი ყვავილით გაკეთებული კომპოზიციები მზად იყოს და ჭკნობა არ ჰქონდეს დაწყებული, ამ დროს სახლიდან შვილი გირეკავს და გეუბნება რომ ენატრები, შენც გენატრება და იცი არანაირი ჰონორარი არ ღირს ამად და ერთად-ერთი რაც გაძლებინებს არის შენი პროფესიის სიყვარული, პასუხისმგებლობა, რომ მსოფლიოში საუკეთესო პროფესიის წარმომადგენელი ხარ და ვალდებული ხარ ყველაფრის მიუხედავად დადო საუკეთესო შედეგი.
სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაკავებული ვარ „გარდენია შევარდნაძეში“, სადაც გასულ წელს ჩემს კოლეგებთან ერთად „მწვანე გაკვეთილების“ პირველი სეზონის მასწავლებელი გახლდით. ეს იყო შემოქმედებითად საინტერესო პერიოდი, თუმცა ბავშვებთან ჩემი პირველი საგანმანათლებლო ურთიერთობა მაინც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შექმნილ მოძრაობა „დავითიანნს“ უკავშირდება, სადაც მოზარდებს დეკორატიული მებაღეობის მოკლე კურსს ვუკითხავდი.
პარალელურად ვმონაწილეობ ქალთა საზოგადოება „საქართველოს“ ორგანიზებულ ყოველწლიურ საშობაო გამოფენაში. ამ გამოფენისთვის სპეციალურად ვქმნი თემატურ ნამუშევრებს.
ფლორისტის მოვალეობაში მცენარეების მოვლაც შედის, ამ კუთხითაც აქტიურად ვარ დაკავებული, ბოლო 4 წელი ინტერიერის მცენარეებს ვუვლიდი პრეზიდენტის სასახლესა და ადმინისტრაციაში.


- როგორი დამოკიდებულება აქვს ყვავილების მიმართ პირველ ლედის?
- ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ქალბატონ მაკას მცენარეები და ყვავილები ძალიან უყვარს. სასახლის ინტერიერში ძირითადად საორანჟერეო სუბტროპიკული მცენარეებია გამოყენებული. ერთ ადგილას პატარა ორანჟერეა მოვაწყვე და როგორც მითხრა ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, ქალბატონ მაკას ძალიან მოსწონსო. განსაკუთრებული რუდუნებით ის მაინც საახალწლო ნაძვის ხის აწყობაზე ზრუნავდა. შარშან მერცხლებით მორთო და ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ეს მერცხლები ქართველი ემიგრანტების განსახიერებაა. ძალიან შთამბეჭდავი შინაარსი იყო.


- რა გრძნობაა, როცა თქვენი ნაკეთობა ადამიანებს აღაფრთოვანებს?
- არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა სრულიად უცხო ადამიანები მოდიან და მიყვებიან, თუ როგორი მოწონება დაიმსახურა ჩემმა შექმნილმა ნივთმა, რომ ისევ უნდათ რაიმე ლამაზი შეიძინონ. რატომღაც, უცხოელები აღფრთოვანებას უფრო ღიად გამოხატავენ, ვიდრე ქართველები. ყველაზე მეტად მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი მაგიდა გამოფენაზე საუკეთესოა.
ეს გაზაფხული საკმაოდ აქტიური იყო ჩემთვის მასტერკლასების მხრივ, თებერვალში გერმანელი ფლორისტის გრეგორი ლერშის, მაისში კი ლიტვის ფლორისტიკული სკოლის არაჩვეულებრივი მასტერის - აია ზაგარინას მასტერკლასზე ვიყავი. ეს თბილისისთვის დიდი სიახლეა და ფლორისტიკის სფეროში ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია.


- რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ მინდა ჩემი მხრიდან ხელი შევუწყო ფლორისტიკის განვითარებას და ყველაფერს, რაც ხელნაკეთი ნივთების სხვადასხვა ტექნიკებით შექმნას შეხება, ამიტომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფარგლებში სპეციალური პროგრამის შექმნას ვაპირებ მასწავლებლებისთვის, რომელიც მათთვის საინტერესო მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს. ჯერჯერობით ასეთ მასტერკლასებს საჩუქრად ვატარებ ჩემი შვილების საბავშვო ბაღში, სადაც დიდი სიხარულით მიიღეს ჩემი ინიციატივა, მით უმეტეს, რომ ეს დაემთხვა ბაღებს შორის გამართულ საქველმოქმედო კონკურსს -  „პატარა ხელებით“.
დღეს ბედნიერი ვარ, და ძალიან მეამაყება რომ ფლორისტი ვარ, თუმცა ოდესღაც ამ პროფესიაში შემოვლითი გზით ისე შემოვაბიჯე, რომ მისი სახელიც არ ვიცოდი, მე უბრალოდ „ყვავილებით რაღაცეების კეთება“ მინდოდა.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები