ცოლ-ქმრის მიერ სიყვარულით მოწყობილი საკუთარი სახლის ინტერიერი და შვილებისთვის შექმნილი ეკოლოგიური სათამაშოები

ხელოვანი გიორგი ძაგანიშვილი უკვე წლებია, საკუთარი ოჯახისთვის, შვილებისთვის განსხვავებულ, ორიგინალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნივთებს ამზადებს. ამ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს მის მეუღლეს, თეკა ჯამაკაშვილს. სახლის და საბავშვო დეკორაციას ძირითადად ხისგან ამზადებენ, სანათების და საოჯახო ნივთებისთვის კი სხვადასხვა, განსხვავებულ მასალას იყენებენ. წყვილმა სახლში ყველაფერი საკუთარი ხელით მოაწყო, ინტერიერი კი მათ მიერ დამზადებული ავეჯით, დეკორაციებით არის გაფორმებული. ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად თეკა მოგვიყვება, რომელიც პროფესიით თეატრის რეჟისორია, თუმცა ამ ეტაპზე უფრო დეკორის, ლოგოს დიზაინითაა გატაცებული.

- როგორია ორი ხელოვანი ადამიანის თანაცხოვრება?
-
მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით 2007 წელს და 2012 წელს დავოჯახდით. ჩვენი გაცნობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. დღეს ვცხოვრობთ გლდანში, ჩვენივე ხელით გაკეთებულ პატარა ბინაში, ჩვენს შვილებთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად. ჩემი მეუღლე აქტიურად არის ჩართული ხელოვნების სფეროში. მღერის სხვადასხვა ანსამბლში, ასევე გალობს, გატაცებულია მოგზაურობით და მისი იდეებიც ალბათ სწორედ აქედან არის შთაგონებული. მეც ვხატავ ბავშვობიდან და ვფიქრობ, ერთად კარგი ტანდემი გამოვდექით (იღიმის).
მე მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი, გივი სარჩიმელიძე, რომელიც უბრალო კუნძს გააცოცხლებდა და საოცარ იერ-სახეს სძენდა ხოლმე. როცა ვუყურებდი, მის ჯადოსნურ ხელებში როგორ ცოცხლდებოდა ყველა ნივთი, საოცარი გრძნობა მიპყრობდა. ალბათ ეს მუხტი გამომყვა და ამან ფართოდ გაიდგა ჩემში ფესვები.

- პატარა სახლებს რა დანიშნულება აქვთ?
- ეს სახლები მრავალფუნქციურია. გააჩნია, შესაძლოა ეს იყოს საბავშვო სახლი, რომელსაც პატარა სათამაშოდ გამოიყენებს. ან უბრალოდ სახლის და ეზოს დეკორაციად ვაქციოთ. გააჩნია რა მასალით არის დამზადებული.

- როგორ და რა ნივთით დაიწყეთ თქვენი სახლის გაფორმება?
- თავიდან ბავშვის ნივთების დამზადებით დავიწყეთ. როცა პირველი შვილი გვეყოლა, მივხვდით, რომ რაიმე ისეთი სათამაშო გვინდოდა, რაც სრულიად სუფთა, ეკოლოგიური და განსხვავებული იქნებოდა. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვიყავით. შემდეგ დავიწყეთ ჩვენი ხელით სხვადასხვა სახის დეკორაციის, საყოფაცხოვრებო ნივთის დაზადება. პირველი იყო აბაჟური რკინის კარკასზე, რომელიც ჩემმა მეუღლემ გააკეთა. მე უბრალოდ ვეხმარებოდი. დღეს სახლში რაც კი ჭაღი გვაქვს, ყველა არის გიორგის ხელით გაკეთებული. ასევე თაროები, სათავსოები. სახლი მოხატული მაქვს ჩემი ხელით. ასევე გვაქვს ტახტი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან დამზადებულია ძველი ლიანდაგის რელსების მასალით. სახლის მაგიდები, პატრა-პატარა დეკორები, სამუშაო კუთხე, ბავშვის სხვადასხვა ნივთები, ყველაფერი ჩვენი ხელითაა შექმნილი. თავიდან ბავშვს კარვის სივრცე ავუწყეთ, მერე ბარბის სახლი და ა.შ. პატარა სახლი გავქვს, ამიტომ რასაც ვაკეთებთ ყველაფერს ვერ ვტოვებ, შემდეგ სხვა რაღაცით ვანაცვლებთ. მომავალში გვაქვს სურვილი, რომ ქალაქგარეთ გადავიდეთ საცხოვრებლად, შედარებით დიდ სივრცეში.

- შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს სურვილი საკუთრი ხელით შექმნას ესა თუ ის ნივთი, მაგრამ არ გამოუვიდეს. რა უნარებია ამისთვის საჭირო?
- მგონია, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში იმდენი რესურსია, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. უბრალოდ, მერე უკვე გააჩნია რაზე გაქვს პრეტენზია. ვთქვათ, შენი თავისთვის თუ გინდა რაიმეს გაკეთება, ეს ერთია, მეორეა, თუ გინდა რომ მეგობრები გაახარო. როდესაც გადადიხარ ფართო მასაზე, აქ უკვე ბევრი რამის ცოდნა და მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. რაც მთავარია, იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ.

- სამსახურს როგორ უთავსებთ ამ საქმეს? ხელნაკეთი ნივთების შექმნას არც ისე ცოტა დროს სჭირდება...
- ძირითადად სამსახურის მერე ვაკეთებთ, ზოგჯერ ღამესაც ვათენებთ. შედეგით ტკბობა იმდენად სასიამოვნო გრძნობაა, დაღლას ვეღარც ვგრძნობთ. ეს პროცესი თავგადასავლის ტოლფასია, ეძებ, აღმოაჩენ, ტკბები.

- თქვენი სახლის ინტერიერი თქვენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. არ ჰგავს სხვა სახლებს...
- დიახ, რომ შემოდიან ამას ყოველთვის ამბობენ. მეგობარი გვყავს ამერიკაში და როცა ჩვენთან სტუმრად იყო, გვითხრა, რომ ნიუიორკული სახლი გვაქვს. ეს სახლი სრულად არის ჩვენზე მორგებული. ინტერიერში სტანდარტულ დეტალს ვერ შეხვდები. სამზარეულოც კი განსხვავებული გავაკეთეთ.

- საკმაოდ მრავალფეროვანი ოჯახი გაქვთ. მოგვიყევით თქვენი სახლის ბინადრებზე.
- გვყავს ორი შვილი, ბაო (ანასტასია) და ლაზარე. ამასთან, ჩვენს სახლში ცხოვრობს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ბიფი, რომელსაც ბავშებზე არანაკლები ყურადღება და მიხედვა სჭირდება. გვყავს ფრიდა - თუთიყუში, რომელიც ახლა ხელს გვიშლის ინტერვიუს ჩაწერაში. საკმაოდ ბევრნი ვართ ამ პატარა სახლში, მაგრამ ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს ერთად.

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნივთია ბინაში განთავსებული, ქაოტურობა არ იგრძნობა. რისი დამსახურებაა ეს?
- ვფიქრობ, თუ სწორად დაგეგმავ და გაანაწილებ სივრცეს, ნივთებს შეუხამებ ერთმანეთს, შესაძლებელია ქაოტურობა თავიდან აიცილო. მე მიყვარს თბილი გარემო, ასეთ გარემოს კი ვთვლი, რომ სხვადასხვა ნივთი და მათი დამსახურებით შემორჩენილი მოგონებები ქმნიან. მაგალითად, სახლში მაქვს ჩემოდანი, რომელიც პაპამ მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოიტანა. ზედ აწერია ბერლინი და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს ნივთი. ვხუმრობ ხოლმე, რომ "ეს იყო ჩემი მზითვი, როცა გავთხოვდი".

- მომავალში რა გეგმები გაქვთ?
- ვცდილობთ განვვითარდეთ და ერთ ადგილას არ გავჩერდეთ, შევქმნათ საინტერესო ნივთები. ვფიქრობთ, დავამატოთ სხვადასხვა ხაზი, ეს იქნება, დეკორაცია, საბავშვო ავეჯი თუ საყოფაცხოვრებო ნივთი.






მერი ბლიაძე

კომენტარები

ტოტო 2021-08-19 19:06
ნამდვილად გემოვნებით არის მოწყობილი.

კომენტარის დამატება