მოხატული ავეჯი ქართველი მხატვრისგან და მისი სიურრეალისტური ნახატების არაჩვეულებრივი გამოფენა

რამაზ რაზმაძე ქართველი სიურრეალისტი მხატვარია. მისი ნახატებიდან მხატვრის შინაგანი სამყარო გამოსჭვივის. რამაზი ქმნის სურრეალისტურ ნახატებს ისე, რომ არ კარგავს რეალობის შეგრძნებას. წლების განმავლობაში არაერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც პერსონალურ, ისე ჯგუფურ გამოფენებში. განსხვავებული ტექნიკა, ფერების საოცარი სინთეზი, იდუმალება - ეს მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი ელემენტებია.

- ხატვა ადრეულ ბავშვობაში დავიწყე. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ხატვა არ მომბეზრდა და რვა წლის ასაკში ვცადე ზეთის საღებავებით მუშაობა. შედეგი იმდენად წარმატებული იყო, რომ მივხვდი, ფერწერა ჩემი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცეოდა. 15 წელი რომ შემისრულდა, დავიწყე
სწავლა ბრწყინვალე მხატვრის, მახარე ჯანელიძის სახელოსნოში.

სტუდენტობის პერიოდში ვმონაწილეობდი გამოფენებში და ჩემ საკუთარ ხელწერას და სტილს ვეძებდი. გამიმართლა და მყავდა დამკვეთი, რომელიც კლასიკოსების ასლებს მიკვეთავდა. სწავლის დასრულებამდე ბევრი ძველი ოსტატის ნამუშევრრის ასლი მქონდა შესრულებული: კამილ პისარო, კარავაჯო, იან სტენი, ვილემ კლას ჰედა და სხვა.

- რატომ სიურრეალიზმი?
- სკოლაში სწავლის დროს პირველად ვნახე სალვადორ დალის და რენე მაგრიტის ნამუშევრების რეპროდუქციები და მივხვდი, რომ სიურრეალიზმის მიმდინარეობას შევუერთდებოდი და მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებდი. მდიდარი ფანტაზიის მქონე ახალგაზრდა მხატვრისთვის უბრალო პეიზაჟების და ნატიურმორტების ხატვა ცოტა მოსაწყენი იყო. წლების განმავლობაში უამრავ სიურრეალისტურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და 200-ზე მეტი ნამუშევარი შევქმენი. ჩემი ნამუშევრები 20-მდე ქვეყნის კერძო სიურრეალისტურ კოლექციაში ინახება.

- თქვენს შემოქმედებაზე რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა?
- სიურრეალისტების გარდა, ჩემს შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია იტალიურმა რენესანსმა, ფრანგულმა იმპრესიონიზმმა, ფოვიზმმა და ამერიკულმა რეალიზმმა. ჩემი საყვარელი ოსტატები არიან მიქელანჯელო, ტიციანი, დე გა, ალბერ მარკე, ენდრიუ უაეტი. ასეთი მასწავლებლები რომ გყავს, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას, ყველა ახალგაზრდა მხატვარს ვურჩევ, შეისწავლონ ძველი ოსტატების შემოქმედება.

- როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი, ელოდებით მუზას?
- მუზას არ ველოდები - ის მე მარტო არასოდეს მტოვებს. ალბათ ეშინია, სხვასთან არ ვუღალატო (იღიმის). მუშაობის დროს შევდივარ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში, ვკარგავ რეალობასთან კავშირს და დროის შეგრძნებას.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში ნახატი? როგორ ელფერს სძენს ის გარემოს?
- ინტერიერისთვის ნახატი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აივნისთვის ლამაზი ხედი და ურთიერთობისთვის სითბო. ვინმესთან სახლში, პირველად რომ შევდივარ, კედლებს ვუყურებ და მასპინძელზე ბევრ რამეს ვგებულობ. ცოცხალ ფერწერას ან გრაფიკას ინტერიერში ვერც ერთი ძვირფასი ნივთი ვერ შეცვლის. მგონია, რომ მედიის და გალერისტების ამოცანა არა მხოლოდ კომერციული წარმატება, არამედ საზოგადოებასთან მუშაობა და ხელოვნების მიმართ ინტერესის გაზრდაც უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეს ბევრი უნიჭიერესი ხელოვანი იძულებულია პროფესია შეიცვალოს. მდიდარ ხალხს კი კედლებზე არფერი უკიდიათ.

- ავეჯიც გაქვთ მოხატული. რამდენად საინტერესია თქვენთვის ავეჯზე მუშაობა? რა ნიუანსებია ამ დროს გასათვალისწინებელი?
- ავეჯიც ხომ შეიძლება ხელოვნების ნიმუში იყოს? კომოდების და კარადების მოხატვა ძალიან მართობს, ნებისმიერ ინტერიერს ამდიდრებს და მხატვრულ გარემოს ქმნის. მუშაობის პროცესი კი მედიტაციას მაგონებს - მიხსნის დაძაბულობას და მასვენებს. საოცრებაა, როცა ჩვეულებრივი, ხშირად უშნო ნივთი შეგიძლია დაამუშავო, სილამაზე და ახალი ცხოვრება აჩუქო.






- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლო გეგმებში არის შემოქმედებით დიდი სიამოვნების მიღება, ბევრი ახალი ნამუშევრის შექმნა და საინტერესო გამოფენები.








მერი ბლიაძე

კომენტარები

sofo 2022-03-09 23:10
აუუ, მეც ძალიან მომეწონა!
ILIA 2021-12-11 23:44
ბრავო!!!
რუსუდანი 2021-12-11 21:25
ძალიან მომეწონა
ნ.კ 2021-12-08 17:28
მეეც
ავთანდილი 2021-12-07 19:09
მომეწონა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები