ახალგაზრდა პოეტის მიერ შექმნილი სანათები და დიდი გზა სვანეთის პატარა სოფლიდან დიდი ქალაქისკენ

თავდაპირველად ხელით მოხატული სანათები ვნახე და ავტორით დავინტერესდი. სახელისა და გვარის გაგების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, ვისი ლექსებიც სოციალურ ქსელში წლების განმავლობაში არაერთხელ შემხვედრია და წამიკითხავს. 28 წლის ლაშა მარგიანი ლექსებს ბავშვობიდან წერს, თუმცა მაშინ ამის შესახებ მხოლოდ მეგობრებმა და ახლობლებმა იცოდნენ. მოგვიანებით ადრეულ წლებში დაწერილი ლექსები გაანადგურა, რადგან ჩათვალა, რომ მათ არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ ჰქონდა. მკითხველის ვიწრო წრე ნელ-ნელა გაიზარდა, როცა უკვე სტუდენტი იყო, ნაწერები „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა და ლექსები სხვადასხვა პოეზიის საღამოზე წაიკითხა. როგორც ამბობს, წერს
ძირითადად გზაში ან მგზავრობისას, ან გვიან ღამით და ისეთ ადგილებში, სადაც დრო გამოუჩნდება. მისი ლექსები ზოგჯერ წლობითაც იწერება და მოგვიანებით სხვადასხვა დროს შექმნილი ფრაზები ერთად იკვრება: „ჩემი ყველა ლექსი, თითქოს ერთი სიმია და თითქოს ერთ ამბავს ჰყვება. ვცდილობ, ამ გზიდან არ გადავუხვიო“, - ამბობს ლაშა.


- მთელი ბავშვობა სვანეთში გავატარე, ქვემო სვანეთის ერთ-ერთ უკიდურეს სოფელ შკედში. ბებია-ბაბუასა და ორ ბიძასთან ერთად ვიზრდებოდი. მეშვიდე წელში ვიყავი, როცა უკვე რუსთავში ჩამოვედი და პირველ კლასში შევედი. სკოლა რომ დავამთავრე და რაც დავოჯახდი, ბოლო 6 წელია თბილისში, მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ.

- ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდიო, თქვით და თქვენი მშობლები სად იყვნენ?
- მშობლები რუსთავში ცხოვრობდნენ, ჩემი და-ძმაც. მაშინ ძალიან ჭირდა მისვლა-მოსვლა, დიდი მანძილია სოფლიდან რუსთავამდე და შესაბამისად, იშვიათად მიწევდა მშობლების ნახვა. ქალაქში ჩამოსულს ძალიან გამიჭირდა ყველაფერთან შეგუება, რადგან მთელი 7 წელი სოფელში გავატარე და მის იქით ნამყოფი არ ვიყავი. თუ არ ვცდები, მხოლოდ ლენტეხი მქონდა ნანახი.

- სვანეთში ზამთარი მხოლოდ 3 თვე არ არის, გაცილებით მეტხანს გრძელდება. რა იყო თქვენი თავშესაქცევი იმ დროს? იყვნენ თანატოლები?
- სვანეთში ზამთარი დაახლოებით 6 თვეს გრძელდება. სხვათა შორის, იმ დროს ბევრი ხალხი იყო სოფელში, ახალ სახლებსაც აშენებდნენ, იყო ბაღიც, სკოლაც და ბევრი ბავშვი. თუმცა, სამწუხაროდ ისე აეწყო ჩემი ბავშვობა, რომ სვანეთში არც ბაღში მივლია და არც სკოლაში. რაც შეეხება თავშესაქცევს, იქ დილიდან საღამომდე შრომაა. მკაცრი კლიმატი და ბუნება გაიძულებს, წუთიც არ დაკარგო. ყოველდღე დავყვებოდი ბიძებს ტყეში, ხან შეშაზე, ხან თივაზე. მიუდგომელი ადგილებიდან მარხილით, ხარებით ვეზიდებოდით შეშას. ახლა მთაში წასვლა არავის უწევს, რადგან იქაურობა დაცარიელდა და ცარიელი სახლების ეზოებს თიბავენ სოფელში დარჩენილები. ყოველთვის მინდოდა წიგნად დამეწერა, თუ როგორ ცხოვრობენ ერთი წლის განმავლობაში სვანეთში ოჯახები, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, ალბათ, სამომავლოდ შევძლებ.

- ქალაქთან ადაპტაცია რომ გაგიჭირდათ, ეს ბუნებრივია...
- დიახ. ყველაზე მეტად დედაჩემთან შეგუება გამიჭირდა, რადგან იმ დროს ჩემთვის დედაც და ყველაფერი ბებია იყო. მასთან ერთად მეძინა, ერთი ჭიქიდან და ერთი თეფშიდან ვჭამდით. ბებიაჩემი დღემდე ჩემთვის საოცრად ძვირფასი ადამიანია. დღეს 76 წლისაა. ჩემი პირველი ლექსიც ბებიაზე დავწერე.

- ახალგაზრდა ბებია გყოლიათ... და როგორ შეეგუეთ ქალაქს?
- ცოტა უცნაური და სასაცილო იყო, რომ თავიდან ქართულად საუბარიც მიჭირდა. სვანურს ვიყავი მიჩვეული, იქაური მანერები და ქცევები გამჯდარი მქონდა. ალბათ 2-3 წელი მაინც დამჭირდა, ქალაქის ცხოვრებას ავყოლოდი. ანალოგიურად დამემართა, როცა რუსთავიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად და უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, თუმცა, უფრო მარტივად შევეგუე არსებულ გარემოს. ფილოლოგიურზე ვსწავლობდი, სოხუმის უნივერსიტეტში.

- მეც ფილოლოგი ვარ და ჩემი პროფესიული არჩევნის დროს და ახლა უფრო, ნაკლებად მიდიან ამ „მიმართულებით“ ადამიანები, განსაკუთრებით - ბიჭები... უფრო მეტად სხვა პროფესიებია აქტუალური.
- ასეა, ჩემი სტუდენტობის დროს ერთადერთი ბიჭი ვიყავი ფაკულტეტზე. ამაზე სულ ვფიქრობდი და მაკომპლექსებდა. ქუჩური ენით თუ ვიტყვით, ალბათ „უტყდებოდათ“, თუმცა ჩემთვის ფილოლოგია იმით იყო საინტერესო, რომ ღრმა ბავშვობიდან ვწერ. ბიძაჩემზე ვწერდი ძალიან ბევრს, რომელიც არანორმალურად მიყვარდა. სამწუხაროდ, ის 28 წლის ასაკში დაიღუპა, საკუთარ დაბადების დღეს. ჩემს ცხოვრებაში ამ ტრაგედიამ დიდი კვალი დატოვა.

ამ ფაქტმა პიროვნულად შემცვალა, ხასიათის ბევრი შტრიხი თავისებურად განავითარა და შინაგანად დამამძიმა... შემდეგ წერაში მცირე პაუზა მქონდა. მოგვიანებით რუსთავში ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ გამოცდებზე არც გავსულვარ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები