ორიგინალური დიზაინი ავეჯზე ქართველი ხელოვანისგან და მისი გემოვნებიანი ბინა

ძველი, უსახური ნივთები, სახელოსნოში რამდენიმე დღის თუ კვირის განმავლობაში ზრუნვის შედეგად სრულიად იცვლიან პირვანდელ სახეს, მშვენდებიან და „შინ“ დაბრუნებული სასადილოს, მისაღებისა თუ საძინებლის ავეჯი თავმომწონედ და ამაყად გამოიყურება... რვა წელია, მხატვარი ტასო რაზმაძე ავეჯის დიზაინით არის დაკავებული.

მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა, სკოლის პარალელურად სამხატვრო ათწლედში სწავლობდა და პროფესიული არჩევანის დროს გადაწყვიტა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში გაეგრძელებინა - გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. წლების წინ, საკუთარი ბინის ინტერიერისთვის ორ მოძველებულ ტუმბას დეტალები დაამატა და შაბიამნისფრად შეღება. როცა ავეჯი საკუთარ გემოვნებას მოარგო და მეგობრებმაც მოუწონეს ნამუშევარი, უკვე

მათ ნივთებზე გადაინაცვლა. სხვადასხვა ფაქტურა დაპრინტა და შემდეგ გაჩნდა იდეა, ამ საქმისთვის ბიზნესის სახე მიეცა, სახელოსნოდ ფართი იქირავა და აქტიური მუშაობა დაიწყო...


- 8-10 წლის წინ მოდაში შემოვიდა დაძველების ეფექტი. თბილისში მსგავსი ტექნიკით შესრულებული ბევრი ნივთი იყო და ძალიან ძვირიც ღირდა. რამდენიმე შევიძინე. ჩემი სახლის ინტერიერს ისე მოუხდა, რომ ინსპირაცია წამოვიდა, ამ ეფექტით ჩემი ორი ძველი ტუმბა თავად გამეახლებინა. მაშინ არც ბიზნესზე მქონდა პრეტენზია და არც ამ კუთხით მუშაობაზე, უბრალოდ, ეს იყო წამახალისებელი „თამაში“ და ვეცადე, ვორონცოვზე მდებარე ჩემი სახლის ინტერიერი ამგვარად გამეხადა საინტერესო. პირველ სართულზე 7 ოთახია, მეორეზე - 4. 200 კვადრატი უტიხრო სივრცე მაქსიმალურად „დავიჭირეთ“ და არ დავყავით. კედლები სადა, ღია კრემისფერია. იატაკის ხის არის. მანსარდული ტიპის ინტერიერში უმთავრესად ვინტაჟური სტილი დომინირებს. გაწყობილია ჩემი ოჯახის რელიკვია-ნივთებით. ლურჯი პიანინო და მწვანე „ბუფეტი“ ჩემ მიერ არის გათანამედროვებული. მე და დედას თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ინტერიერის დიზაინი ჩვენს გემოვნებაზეა მორგებული.



ახლა ვიშენებ სახლს, სადაც აბსოლუტურად ინდუსტრიული დიზაინი იქნება, თუმცა იქაც ძველებურ ნივთებს შევიტან. სახლს ექნება თეთრი კედლები, ბეტონის იატაკი და ჭერი. ვფიქრობ, შერეული სივრცე საინტერესო გამოვა.

- ხშირად ამბობენ, რომ ძველი ავეჯი უკეთესი ხარისხისაა და მეტად გამძლე, ვიდრე თანამედროვე. ასეა?..
- ძველ ნივთებს არაჩვეულებრივი გამძლეობა აქვს. თავის დროზე მათი დამუშავების ტექნიკა განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ახლა არსებობს ბრენდები, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად აწარმოებენ „ემდეეფის“ ავეჯს. ისეა დამუშავებული, ერთი შეხედვით გვგონია, ხისაა, მაგრამ სინამდვილეში შიგთავსი ბუტაფორიაა. ძველი ნივთები ბევრად უფრო ხარისხიანია, ვიდრე „ემდეეფის“ ეს ავეჯი და მათზე მუშაობა გაცილებით მაღალ ხარისხს გვაძლევს. ამიტომ ვფიქრობ, ძველი ნივთები არ უნდა გადავყაროთ. მთავარია, ისინი არ იყოს დანესტილი და წყალს უნდა მოარიდოთ, რაც დეფორმაციას იწვევს. საღი ავეჯი, გაახლების შემდეგ, კიდევ მრავალი წელი ძლებს.


- უწინ ე.წ. რენესანსის ავეჯი იყო აქტუალური. ეს კომპლექტი, ფიგურებიანი მაგიდის, სკამებისა და კარადებისგან შედგებოდა. ხშირად ითხოვენ მათ განახლებას?

- რენესანსი ძალიან მიმზიდველია და მისი რესტავრაცია მოთხოვნადია. ამ ავეჯზე ყველა დეტალი დატვირთულია რელიეფური ფიგურებით. მუშაობის დროს, ძირითადად, მათი გამოკვეთა და ხაზგასმა ხდება. არსებობს ისეთი ავეჯიც, რომელსაც ფასადზე არაფერი აქვს და ხელოვნურად ვამაგრებთ მეტალის რელიეფებს. უსახურ ნივთებზე მათი დამაგრება სხვადასხვა ადგილას ხდება და შეღებვის შემდეგ, თითქოს არავითარი ჩარევა არ მომხდარა, ისე ბუნებრივად და ლამაზად გამოიყურება. ზოგადად, წყლის ბაზაზე დამზადებულ საღებავს, ან ზეთოვანს ვიყენებ, მერე რამდენიმე პირი გამჭვირვალე ლაქით ვფარავ. ნივთების რამდენიმე პირი ლაქით დამუშავება, 100%-იანი დაცვაა საიმისოდ, რომ ავეჯს დეფექტი არ დაეტყოს დროთა განმავლობაში და არ გაცვდეს, ადვილადაც გაიწმინდოს.


- ვინტაჟური სტილი, რომელიც დეკუპაჟის მეთოდით მიიღწევა, ხელსაწმენდების მეშვეობითა და სპეციალური ქაღალდების დახმარებით სრულდება ხოლმე. თქვენ როგორ მუშაობთ?

- დეკუპაჟის ტექნიკას არ ვიყენებ. შეიძლება ჩემი ნამუშევარი ვიზუალურად დეკუპაჟს ჰგავს, მაგრამ იმისათვის, რომ ჩემს ნახელავს უფრო განსხვავებული ვიზუალი ჰქონდეს, ცოტათი უფრო რთული გზა მაქვს შერჩეული. ეს არის დაპრინტვა. პატარა ხრიკებიც მაქვს და ასახსნელადაც რთულია. დაპრინტვა განსხვავებულ სახეს და ფაქტურას გვაძლევს, თუნდაც ავეჯზე ხელის გადასმისას, გაწმენდისას. ბევრად უფრო მდგრადი ტექნიკაა, ვიდრე დეკუპაჟი და მეტად საინტერესო იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოში დეკუპაჟის ქაღალდები ხელმიუწვდომელია, მათი სხვადასხვა საიტიდან გამოწერა ხდება, ხოლო დაპრინტვის შემთხვევაში, არ ვიზღუდები და კომპიუტერის მეშვეობით თავად ვაწყობ კომპოზიციას.





- ალბათ, ამ ხნის განმავლობაში თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასი ნივთებიც შეგიქმნიათ...

- ყველა ნივთი ძალიან მიყვარს, მაგრამ შაბიამნისფერი ჩემი ფავორიტია და როცა ამ ფერით ვმუშაობ, გაცილებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ხშირად სახელოსნოში რამდენიმე ნივთი ერთად შემოდის, ვთქვათ, ათიდან ერთი უნდა იყოს შაბიამნისფერი. შეილება ის ყველაზე გვიან ჩასაბარებელი მქონდეს, მაგრამ პირველს აუცილებლად მას ვაკეთებ.

- შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში გაზრდილია ვინტაჟური ნივთებისადმი ინტერესი?

- 8 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს. აქამდე მარტო ვმუშაობდი, მაგრამ ბევრი მომხმარებელია, მჭირდება დამხმარეც და გაფართოებაც. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დროთა განმავლობაში ასეთი ავეჯი კიდევ უფრო მეტად აქტუალური და მიმზიდველი ხდება.

ანა კალანდაძე

კომენტარები

მანანა 2022-01-20 01:02
ძალინ მომწონს ნამუშევარი.იქნებ დაწეოთ ქალბატონი ტასოს კორდინატები.მადლობა.
ტოტო 2021-12-29 12:42
ძალიან ლამაზია და გემოვნებით არის გაკეთებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები