საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება ლამაზი ეზოებისა და ბაღების კულტურა. თუმცა ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ბაღის გაშენება არც ისე მარტივი საქმეა და შესაბამის ცოდნას, გამოცდილებას საჭიროებს. რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაღი ფუნქციური, მყუდრო და ამავე დროს ლამაზიც იყოს, როგორ მოვამზადოთ ნიადაგი, რა ყვავილები ჩავრგოთ, რომ მთელი წლის განმავლობაში უხვი ყვავილობით დაგვასაჩუქროს, როგორ მოვუაროთ ბაღს ზამთარში - ამ და სხვა საინტერესო თემებზე რჩევები მევარდემ და მებაღემ მირანდა ბრეგვაძემ გაგვიზიარა და წყნეთში, მის მიერ მოწყობილ-გალამაზებულ ბაღში გვიმასპინძლა.
- დავიწყოთ იმით, რომ
- როგორ გეგმავთ ბაღის გაშენებას, რას აკეთებთ იმისთვის, რომ წლის ნებისმიერ დროს ლამაზი იყოს ბაღი?
- ვარჩევ და ვაჯგუფებ ისეთ მცენარეებს, რომლებიც წლის სხვადასხვა დროს ყვავილობენ. მნიშვნელოვანია, როგორ შევარჩევთ ფერთა გამას. აუცილებლად შემაქვს ეზოში მარადმწვანე მცენარეები. მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს დასავლეთ საქართველოში, რადგან იქ ბევრად მეტი მცენარე ყვავის და ეგუება გარემო პირობებს. თუმცა, ახლა წყნეთში ვიმყოფებით და ხედავთ, რომ ცივი კლიმატის მიუხედავად, შესაძლებელია, აქაც გაშენდეს ბაღი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს იქნება ლამაზი და მრავალფეროვანი.
- ალბათ რთულია, ზამთარში ბაღმა შეინარჩუნოს სასურველი სილამაზე. რომელი მცენარეები ალამაზებენ ამ სეზონზე ეზოს?
- ამ დროს აქცენტს ვაკეთებთ მარადმწვანე მცენარეებზე. ბაღს ძალიან ალამაზებს წითელი ნეკერჩხალი და სულ სხვა ელფერს მატებს. ასევე პართენოსუსი. ეზოში, სადაც ახლა ვიმყოფებით, დღემდე ყვავილობს ლავანდა, ვარდები, ქრიზანთემები.
- გვიან შემოდგომაზე რა სამუშაოებია ჩასატარებელი ბაღში?
- პირველ რიგში ყველა მცენარე უნდა გაიკრიჭოს და მიეცეს ფორმა. მცენარეებს უნდა დავუბრუნოთ პირვანდელი სახე, ისეთი, როგორიც გაზაფხულზე ჰქონდა. მცენარე მთელი წლის განმავლობაში ყვავის, რის გამოც მოიხმარენ იმ მიკროელემენტებს, რაც ნიადაგშია, შესაბამისად, ნიადაგი უკვე გამოფიტულია, ამიტომ შეგვაქვს სასუქი. მე ყოველთვის ბუნებრივ სასუქზე ვაკეთებ აქცენტს, არ ვხმარობ ქიმიურ, ორგანულ სასუქს. ქიმიური სასუქი დროთა განმავლობაში აფუჭებს ნიადაგს, ეჩვევა და მასზე დამოკიდებული ხდება, ამიტომ სჯობს, წელიწადში ერთხელ შევიტანოთ სასუქი და ისიც ბუნებრივი. ვგულისხმობ ტყის მიწას, ნეშომპალას, რომელსაც ვამზადებთ ნარჩენებისგან, სარეველებისგან და ნაკელი. ამ ყველაფრის ნაზავი შეგვაქვს ნიადაგში.
- ძალიან რთულია სარეველასთან ბრძოლა და მისი მოსპობა. თქვენ როგორ ებრძვით?
- სარეველას ბუნებრივი მეთოდებით ვებრძვით. ბაღს ხშირად სჭირდება გამარგვლა. ზოგს ჰგონია, ბაღს გააშენებს და ამით მთავრდება ყველაფერი. სინამდვილეში ასე არ არის. ორ კვირაში ერთხელ ხდება ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების ფესვიანად ამოღება. ინტენსიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელია სარეველების სრულად მოსპობა. მნიშვნელოვანია, რომ სარეველების ამოღების დროს თესლი არ ჩაცვივდეს ნიადაგში, რათა თავიდან არ აღმოცენდეს.
- ბევრს ჰგონია, რომ ტიტები გაზაფხულზე ირგვება. როგორც ვხედავ, თქვენ ახლა გაქვთ გამზადებული და მის დარგვას აპირებთ...
- კი, ბევრს ასე ჰგონია, მაგრამ გაზაფხულზე დარგული არ გვაძლევს ყვავილს. შესაძლოა მოგვცეს, თუმცა ისეთი ეფექტური და უხვი არ იქნება, როგორიც ნოემბერში დარგული ტიტები. მე ყოველწლიურად ამომაქვს მიწიდან ბოლქვები. ამოღების დროს აუცილებელია, ბოლქვი იყოს მომწიფებული, ანუ ფოთოლი ჰქონდეს გაყვითლებული და ფერდაკარგული. ამოღებულ ბოლქვებს აუცილებლად ვაშრობთ ჩრდილში, რადგან მზეში ერთიანად გამოშრება. ბოლქვებს ვავლებთ სპეციალურ ფხვნილში, რომელიც იცავს მას დალპობისა და სოკოვანი დაავადებებისგან. ბოლოს ვინახავთ გრილ ადგილას. არსებობს სპეციალური კონტეინერები, რომლებსაც ვათავსებთ ნიადაგში, 10 სმ სიღრმეზე და ვრგავთ ბოლქვებს.
- რატომ რგავთ ბოლქვებს კონტეინერში?
- ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზა „ბოლქვი გაიპარა და გაქრა“, რეალურად დროთა განმავლობაში ბოლქვი მიწაში ღრმად ჩადის და იკარგება. თუ ბოლქვი სიღრმეში წავიდა, იმას ვეღარ ამოვიღებთ. სწორედ ამიტომ ვათავსებთ სპეციალურ კონტეინერებში და ისე ვრგავთ.
- ყველასთვის სასურველი ყვავილია ვარდი. გვიან შემოდგომაზე რა პროცედურები უტარდება ვარდს ეზოში?
- ნოემბრის ბოლომდე, ათ დღეში ერთხელ ვუტარებთ მავნებლების საწინააღმდეგო შეწამვლას. სამწუხაროდ, ვარდის შემთხვევაში მავნებლებთან ბრძოლა გვიწევს ქიმიური პრეპარატებით, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს. საჭიროა, პრეპარატები რეგულარულად ვცვალოთ, ვინაიდან ისინი იწვევენ შეჩვევას და სოკოვანი დაავადებები ამ დროს მძვინვარებს.
- არსებობს ვარდის სახეობა, რომელიც ზამთარშიც ყვავილობს?
- მე როდესაც დავინტერესდი და ვარდებზე დავიწყე მუშაობა, სხვადასხვა ჯიშის შეგროვება, ჩემმა მეგობარმა მომცა ერთი ჯიში, რომელსაც ჰქვია „აისბერგი“. თეთრია და ყვავის როგორც დეკემბერში, ისე იანვარში. უხვად მოყვავილე ჯიშია და ულამაზესი ყვავილობა აქვს. საკმაოდ სწრაფად იზრდება. უკვე 17 წელი იქნება, რაც ვარდების შეგროვება დავიწყე და მას შემდეგ ვეძებდი კიდევ მეორე ჯიშს. აღმოვაჩინე „ბურგუნდი აისბერგი“, რომელიც ბადრიჯნისფერია და ისიც უხვად მოყვავილეა.
- როგორც აღნიშნეთ, ზამთრის ბაღში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მარადმწვანე მცენარეებს. როგორი პირობები უყვართ და რამდენად მარტივი მოსავლელია?
- მარადმწვანე მცენარეების უამრავი სახეობა არსებობს. როგორც გითხარით, ყოველთვის ვაკვირდები კლიმატს და ადგილს, სად ვრგავთ მცენარეს და ამის მიხედვით ვარჩევ სახეობებს. მარადმწვანე მცენარეებს სჭირდებათ გასხვლა, ფორმის მიცემა, ზოგიერთი მათგანი ყინვასაც უძლებს. როგორც ყველა მცენარეს, მათაც სჭირდებათ სოკოვან დაავადებებზე შეწამვლა. მე ყოველთვის ვცდილობ, საქართველოში გამოყვანილი მცენარეები შევიძინო, ისინი უკვე შეგუებულები არიან გარემო პირობებს და მათი მოვლა პრობლემას აღარ წარმოადგენს.
- წლის განმავლობაში რა დროს ისვენებს ბაღი?
- ბაღი ისვენებს დეკემბერ-იანვარში. თებერვლიდან უკვე ვიწყებთ ინტენსიურ, საგაზაფხულო სამუშაოებს. პირველ რიგში ვიწყებთ ვარდის გასხვლას. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მე პირადად მირჩევნია შემოდგომაზე გავსხლა ვარდი, ვინაიდან შემოდგომაზე გასხლული ვარდი ნაადრევად იწყებს ყვავილობას. თავს ვარიდებ მკაცრ ამინდებში ვარდის გასხვლას, ამ დროს შესაძლოა, რაღაც მონაკვეთი გაეყინოს. სიცივეების დროს მხოლოდ სანიტარიულად ვსხლავ, რომ თოვლმა და ქარმა არ გადატეხოს. თებერვალში გასხვლა სჭირდებათ ქრიზანთემებს, ჰორტენზიებს და ა.შ. ზოგადად, თითქმის ყველა მოყვავილე, მრავალწლიან მცენარეს სჭირდება გასხვლა. თუ მცენარეს არ გავსხლავთ, ეს აუცილებლად იმოქმედებს მის ყვავილობაზე, დაკარგავს სასურველ ფორმას და ყვავილების ზომა შემცირდება.
- აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა კლიმატი. რამდენად მნიშვნელოვანია ყინვა მცენარეებისთვის?
- ზამთარში ყინვები აუცილებელია. ჩვენ გასხვლის დროს ყოველთვის ვამუშავებთ მცენარეებს ფუნგიციდებით, სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ. თუმცა, ამ ყველაფრის მოსასპობად ყინვა ბუნებრივი საშუალებაა.
მერი ბლიაძე