ლელა ქავთარაძის შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე, როცა რუსეთში მცხოვრები ქართველი ვარსკვლავის, ქეთა თოფურიას ბინის ინტერიერის ფოტოები დავათვალიერე. აღმოჩნდა, რომ ქეთას ბინის ინტერიერი მისი თანამემამულის შექმნილი ყოფილა. ლელა ქავთარაძე წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა. რუსული ესტრადის ბევრი ვარსკვლავის სახლი თუ აგარაკი მოუწყვია და გაულამაზებია, მის შესახებ რუსეთში ხშირად წერენ, მისი სტუდია ერთ-ერთ წამყვანად მიიჩნევა, მისი გაფორმებული რესტორნები თუ ოფისებიც უკვე არც ისე ცოტაა, თუმცა, საქართველოში მას ნაკლებად იცნობენ. ალბათ დროა, ის "შინის" მკითხველმა გაიცნოს და მეტი გაიგოს
- თავდაპირველად ცოტა რამ გვიამბეთ თქვენზე, როგორ აღმოჩნდით რუსეთში და როგორ გაიკვალეთ გზა წარმატებისკენ?
- დავიბადე 1976 წელს ქალაქ სოხუმში. 1992 წლამდე ვსწავლობდი სოხუმის მე-11 სკოლაში, ცნობილი მოვლენების შემდეგ კი ქალაქ როსტოვში აღმოვჩნდით, სადაც 1994 წელს მქონდა მცდელობა, ჩამებარებინა სამედიცინო ინსტიტუტში. საბედნიეროდ, არ მოხერხდა და მომდევნო წელს როსტოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში მოდელირების ფაკულტეტზე მოვხვდი. მისი დამთავრების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და სწავლა განვაგრძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში. როცა დავოჯახდი, მეუღლესთან ერთად კვლავ რუსეთში გადავედი საცხოვრებლად - ჯერ როსტოვში და შემდეგ - მოსკოვში. სწორედ მოსკოვში დაიწყო ჩემი აქტიური მოღვაწეობა დიზაინერულ სფეროში. 2003 წელს მონაწილეობა მივიღე მოდელიერების კონკურსში და გავიმარჯვე. ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ეს გზა მოდელირების კუთხით გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - ჩემს როსტოველ მეგობარ არქიტექტორს შევხვდი, რომელმაც შემომთავაზა, მასთან ერთად მემუშავა ინტერიერის პროექტებზე. 2005 წელს კი უკვე მეუღლესთან, დავით მაღალდაძესთან ერთად შევქმენი სტუდია. დათოც აკადემიის ყოფილი სტუდენტია და თანაც ძალიან ნიჭიერი. საკმაოდ დიდი გამოცდილება და პორტფოლიო დაგვიგროვდა 13 წლის განმავლობაში, გვაქვს პუბლიკაციები ცნობილ ჟურნალებში, ხშირად მიწვევენ სატელევიზიო გადაცემებში და ა.შ.
- რამ განაპირობა თქვენი წარმატება, რით ხართ გამორჩეული? რა არის თქვენი მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ცნობილ ადამიანებს შორისაც პოპულარული და მოთხოვნადი გახდით?
- რეალურ წარმატებამდე ალბათ ჯერ საკმაოდ შორია, მაგრამ ბევრს ვმუშაობ მეტის მისაღწევად. მიზნად მაქვს დასახული, საერთაშორისო პროექტებზე ვიმუშაო და თუ ეს გამოვა, მაშინ ჩავთვლი, რომ წარმატებული ვარ.
- რამდენად ითვალისწინებთ დამკვეთის სურვილებსა და აზრებს ბინის ინტერიერის შექმნისას და რამდენად დიდია ხოლმე მათი წვლილი?
- სამწუხაროდ, ძალიან არაკომპრომისული ვარ. რა თქმა უნდა, პროექტს დამკვეთის სურვილების მოსმენით ვიწყებ, ვცდილობ, ყველა ფუნქციონალური პრიორიტეტი გავითვალისწინო, მაგრამ ის პროექტები, რომლებსაც ვაცნობ აუდიტორიას, ჩემი შემოქმედებაა. არის ისეთი პროექტებიც, სადაც დამკვეთმა ისე გააკეთა, როგორც თვითონ სურდა, მაგრამ ასეთ პროექტებს აფიშირებას არ ვუკეთებ, რადგანაც არაპროფესიონალურია და უმეტეს შემთხვევაში, ვცდილობ თავი ავარიდო ამგვარ დამკვეთს.
- საქართველოში თუ გიმუშავიათ?
- დიახ, 2012 წელს გავაკეთეთ ძალიან ლამაზი ობიექტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი გაგებით ეს ჩემთვის ძალიან ცუდი გამოცდილება იყო და მართალი გითხრათ, გახსენებაც არ მინდა. სამწუხაროდ, ქართველები "ზეპროფესიონალი" ერია ბევრ საკითხში, როგორც პრაქტიკა მაჩვენებს (იცინის).
- რა არის ამჟამად ყველაზე მოდური მსოფლიოს ინტერიერის დიზაინში? მაგალითად, ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ მზის ფორმის სარკე, გამჭვირვალე ავეჯია მოდური. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- არა, ვერ დაგეთანხმებით. ახლა ინტერიერში აქტუალურია ეკლექტიკა, ანუ სტილების შერევა, რაც მე ძალიან მომწონს. ასევე ტრენდშია 60-იანები, თანამედროვე კლასიკაზეც არის გარკვეული მოთხოვნა.
- საქართველოში დღეს მოდერნი სტილია ყველაზე პოპულარული. ასეა თუ არა რუსეთში, მსოფლიოში? და კიდევ - სულ უფრო მეტი სახლი ემსგავსება ერთმანეთს დიზაინით, სტილით, ნაკლებად ჩანს ინდივიდუალური დეტალები. ვიღაცის სახლი რომ მოეწონებათ, ცდილობენ, იმგვარი გააკეთონ თავადაც. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა და თქვენც თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები?
- ის, რასაც მე დღეს საქართველოში ვხედავ, არ შეესაბამება თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს. შიგადაშიგ არქიტექტურა მომწონს და იმედია, ნელ-ნელა ინტერიერიც განვითარდება.
- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ძალებით მოაწყონ ბინა მოდურადაც და კომფორტულადაც?
- ჩემი რჩევა იქნება, არ მოიგონონ ზედმეტი რამეები, შეარჩიონ ლამაზი ფერები კედლებისთვის, იმის მიხედვით, რომელ მხარესაა ბინა - ნათელია თუ არა. გამოიყენონ ბლომად დეკორი-ფოტოები ძველ ჩარჩოებში, ფერწერა, აკვარელები, სარკეები, ძალიან მომწონს ინტერიერში ფარდაგები. ანუ კედელი და იატაკი უნდა იყოს ძალიან სადა და აქცენტი გაკეთდეს დეკორზე.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც პატარა სივრცე აქვს და მაინც სურს, სახლი ფუნქციონალურიც იყოს და ლამაზიც?
- მთავარი რჩევა იქნება, ისედაც პატარა სივრცეს ნუ დააქუცმაცებენ, შეეცადონ შეინარჩუნონ ჰაერის, სივრცის შეგრძნება.
- რა არის ის მთავარი პრინციპები, რაც არ უნდა დაირღვეს თანამედროვე სახლის ინტერიერის შექმნისას? რა უნდა გაითვალისწინონ დიზაინერებმაც და სახლის მფლობელებმაც?
- მთავარი მაინც სივრცის ხარისხიანი დაგეგმარებაა, უპირველეს ყოვლისა ეს არ უნდა დაირღვეს. როცა სივრცე სწორად არის დაგეგმილი, მერე ყველაფერი გაცილებით იოლია.
- ამბობენ, რომ გამოგარჩევთ საავტორო დიზაინი და ექსკლუზიური დეკორირება. ვისაუბროთ ამ ორ კომპონენტზე თქვენს საქმიანობაში...
- დროთა განმავლობაში ნამდვილად გამოისახა ჩემი საავტორო სტილი, უკვე ჟურნალისტებიც უშეცდომოდ ცნობენ მას. ძალიან ლაკონური სტილი მაქვს, თუმცა არა უბრალო. ვიყენებ ნატურალურ, ძვირ მასალას, და როგორც უკვე ვთქვი, მიყვარს დეკორი, თანაც, ხანდახან უტრირებულად დიდი ზომის. ძალიან მომწონს ინტერიერში არაპროპორციული ნივთებით თამაში.
- დიზაინისა და პროექტის შექმნის შემდეგ უშუალოდ რამდენად ხართ ხოლმე ჩართული პროცესში?
- პერფექციონისტი ვარ და მაშასადამე, ინტერიერის შექმნის პროცესში მთლიანად ვარ ჩართული, თუმცა მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც ძალიან მეხმარება.
- თავად თქვენი სახლი როგორია? რა პრინციპით მოაწყვეთ და თუ მიიღეთ ზუსტად ის, რაც გინდოდათ?
- შეიძლება ითქვას, რომ სახლი, სადაც დღესდღეობით ვცხოვრობ ჩემს მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად, საინტერესოდ დეკორირებულია. უმთავრესად მაქვს ბელგიური ავეჯი, ქართული ფარდაგები და ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ძალიან დიდი რაოდენობით (იღიმის).
- და ბოლოს, რა არის თქვენთვის სახლი, რას ნიშნავს თქვენთვის შინ ყოფნა? როგორი უნდა იყოს სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის - კომფორტი, სიმყუდროვე, სიმშვიდე, ფუფუნება... თუ რაიმე სხვა?
- კომფორტი და რელაქსაციის საშუალება - ესაა ჩემთვის სახლი.
(კიდევ მეტი ფოტო და ასევე ფოტოები დიზაინერის სახლიდა, შეგიძლიათ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში იხილოთ, რომელიც ჯერ კიდევ იყიდება და ბევრ სხვა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას გთავაზობთ).
ლელა ზურებიანი
კომენტარები