"მნიშვნელოვანია ბალანსი კრეატიულობასა და ფუნქციონალს შორის... არ უნდა შევიზღუდოთ თავი ტაბუირებული ხედვებით..." - საინტერესო ინტერვიუ გამოცდილ დიზაინერთან და მისი პროექტები

ნატალია იანჩუკი გამოცდილი დიზაინერია, საინტერესო ხედვით და პროექტებით. იმაზე, თუ რა არის მისთვის დიზაინერობა, რას ანიჭებს უპირატესობას მუშაობის პროცესში, როგორია მისი ახალი პროექტი და რა სამომავლო გეგმები აქვს, ჩვენს საინტერესო ინტერვიუში ისაუბრებს:

- დიზაინში შემთხვევით არ მოვსულვარ, ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რაც ნებისმიერ მოწოდებაში გჭირდება - ცოდნის და გამოცდილების დაგროვება და საკუთარი თავის აღმოჩენა.
განათლებით ინჟინერი ვარ. 15 წელი კორპორატიულ სფეროში ვმუშაობდი, საკმაოდ სოლიდურ კომპანიაში. ამ პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი და ამანაც გარკვეული გამოცდილება დამიგროვა. დიზაინს ტექნიკური და წარმოებითი კუთხით ვეცნობოდი,
ესთეტური თუ იყო ძალიან რაციონალური. სილამაზისა და ხელოვენბისადმი სწრაფვა არასდროს შემიწყვეტია. ამიტომ, როცა გადავწყვიტე დამოუკიდებელ ცურვაში გავსულიყავი, ჯერ ერთი საქმიანობა წამოვიწყე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად ვაქციე და უკვე 8 წელია თავის სფეროში საუკეთესოთა შორის არის. შემდეგ ისე მოხდა, რომ ამ საქმემ ჯერ მშენებლობის და უძრავი ქონების კუთხით ისევ უცხოელებზე გამიყვანა, სადაც საჭიროებამ და ალბათ საკუთარმა შესაძლებლობებმა ახალ საქმესთან მომიყვანა.

თავიდან დიზაინის სფეროში პროფესიული განათლება არ მქონდა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა სწავლა. ამისათვის არც შრომას და არც ფინანსურ ინვესტიციას არ ვიშურებ - დღესაც ვაგრძელებ სწავლას. პანდემიის დროს ონლაინ რამდენიმე მოდელირების კურსი ავიღე და რადგან პირვანდელი განათლებით პროგრამისტი ვარ, მშვიდად ავითვისე ახალი უნარები. შემდეგ უფრო გრძელვადიანი და ღრმა საგნების შესწავლა დავიწყე, ყოველთვის მაინტერესებდა არქიტექტურა და ამ სფეროშიც გავიღრმავე ცოდნა...

- ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა, განსაკუთრებით, როდესაც საცხოვრებელი სახლის ინტერიერს ეხება საქმე. ფაქტობრივად, ადამიანებისთვის ქმნით გარემოს, სადაც მათ ძალიან დიდხანს უნდა იცხოვრონ და ეს გარემო ბევრ რამეზე მოქმედებს. როგორ ფიქრობთ, თუ ითვალისწინებენ ამ პასუხისმგებლობას დიზაინერები და თუ აქვს ყველას გაცნობიერებული ეს მნიშვნელობა?
- უდაოდ! ძალიან გაიზარდა მოთხოვნა დიზაინერებზე. დიზაინი დღეს ყველაფერშია. ხანდახან ვხუმრობ კიდეც, რომ ხშირად რესტორანში საკვების მაგივრად ინტერიერს გვაჭმევენ, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიები ისე მალე ვითარდება, ეს შეუძლებელი იყო არ ასახულიყო პროექტირების გაადვილების კუთხითაც.
საპასუხიმგებლოცაა, გეთანხმებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ისეთი ქმედება მოჰყვება, რომელიც ფინანსურ და შრომით ინვესტიციებს მოითხოვს. ვერ გეტყვით სხვის მაგივრად, გააზრება და პასუხისმგებლობა ხომ მხოლოდ პროფესიიდან არ გამომდინარეობს, მაგრამ ინტერიერის დიზაინი, როგორც პროფესიული სფერო რეგულირებად საქმიანობად მესახება. მშენებლების, არქიტექტორების და დიზაინერების პროფესიული აკრედიტირების პროცესი სხვათა შორის დაწყებული ჰქონდა თბილისის მთავრობას, მაგრამ, როგორც ჩანს, პროფესიულმა საზოგადოებამ ბევრი კრიტიკული შენიშვნა შეიტანა ამ წინადადებაში და, თუ არ ვცდები 2024 წლის ბოლომდე გადაიდო ეს ინიციატივა. უნდა იყოს შემოტანილი მინიმალური ნორმატივები, რომელიც შემდეგ ტექნიკურად კიდევ დაიხვეწება, მაგრამ აუცილებელი პროცესია და რასაკვირველია ეს ყველაფერი ხელს უნდა უწყობდეს სამშენებლო სფეროს განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ჯერჯერობით პროექტის ყველა გამოწვევას დიზაინერი და დამკვეთი პრაქტიკულად პირისპირ უმკლავდება. თუ სახლზეა საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ დებთ კონტრაქტს ადამიანთან, რომლის გეგმარების და ტექნიკური გამართულობის შედეგს შეიძლება მთელი ცხოვრება უნდა ხედავდეთ. და პროცესი რომ წარმატებულად მიმდინარეომდეს, ამისთვის აუცილებლად ვურჩევ ყველას პირველ რიგში არა მხოლოდ პორტფოლიო მოსთხოვოს დიზაინერს, არამედ შეამოწმონ ტექნიკური განათლება და რეკომენდაციები - და მხოლოდ ამის მერე დადონ კონრაქტი.

- რა არის თქვენი სტილი, რით ხართ გამორჩეული სხვა დიზაინერებისგან?
- ეს კითხვა კორპორატიულ გასაუბრებებს მაგონებს, სადაც უნდა ამტკიცო შენი გამორჩეულობა. ალბათ ბალანსით - კრეატიულობასა და ფუნქციონალს შორის.
მე ვფიქრობ და ამ მოსაზრებას ჩემს დამკვეთებსაც ვუზიარებ - დიზაინერს არ უნდა აწუხებდეს ეს კითხვები. მისი არსენალია ცოდნა და გამოცდილება, აუცილებლად იპოვიან საკუთარი გამოხატვის საშუალებას. აქ მთავარია იმის ცოდნა, რომ დიზაინი არის ცვლილება და გზა ამ ცვლილებისკენ - არსებული ამოცანის უკეთესი გადაჭრის და შექმნილ სივრცეში ახალი გარემოს ჰარმონიულად დამკვიდრებისკენ. ამას დიზაინერი დამკვეთთან ერთად გადის. ის არ უნდა ახვევდეს საკუთარ გემოვნებას სხვას. პირიქით, უნდა ეხმარებოდეს დამკვეთის ხედვების უკეთეს გამოვლინებას, სტილი აქ მხოლოდ არჩევანია, რომელსაც ექპერიმენტის სახით შეიძლება სახელიც არ ჰქონდეს და შენ მოუგონო. ეს არის ჩემი ინდივიდუალური ხედვა, სხვაგვარად ეს დიზაინი კი არა, დიზაინერის კონვეერია.

მასიმო ვინიელიმ ერთხელ თქვა, ეს სიტყვათა თამაშია: თუ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ერთი ფერი, შეგიძლიათ შექმნათ ყველაფერი (If you design anything, you can design everything). ის იტალიელი იყო და ნიუ იორკში ცხოვრობდა, გრაფიკული დიზაინერი, რომელმაც ამ უდიდესი ქალაქის მეტროს რუქა შექმნა, ამერიკული ავიახაზების ლოგო, ქმნიდა ავეჯს და შოურუმებს, წიგნის ყდებს. ის თვლიდა, რომ დიზაინის პროცესი გამოცდილებაა, რომელსაც აგროვებ და გარკვეულ პრობლემის ამოსახსნელად შენს მომხმარებლებთან ერთად იკვლევ და ეს საბოლოოდ იმ კონცეფციაში აისახება, რომელსაც დიზაინის შედეგს ვუწოდებთ. არაჩვეულებრივი გრაფიკული გამოხატვის ენა ჰქონდა, ნებისმიერ დროს რომ ამოიცნობ, თუმცა ითვლება, რომ მოდერნისტულ სტილში მუშაობდა. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სტილის, ექსპერიმენტების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ თავს. უნდა ვაშენოთ ისეთი საცხოვრებელი, რომელიც გააუმჯობესებს გარემოს გარშემო და მერე ის აუცილებლად შეცვლის სამყაროს!

- რამდენად რთულია დამკვეთებთან თანამშრომლობა, თუ ითვალისწინებენ თქვენს ხედვას და რა ხდება, როცა დამკვეთი რაღაც ისეთს გთხოვთ, რაც მინიმუმ - უგემოვნოა და მაქსიმუმ - არაპრაქტიკული?
- გემოვნება ძალიან ინდივიდუალური ამბავია და ის მხოლოდ მოდური ტენდენციების დევნით არ ყალიბდება. მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ეს ის არის, ალბათ, რაც ნამდვილად გამომარჩევს. ერთადერთი ჩემი მკვეთრი უკმაყოფილების საგანია, როცა ვხედავ, თუ ვინმე უხეშად მიუთითებს კლიენტს მისი გემოვნების თუ ცოდნის არასაკმარისობის შესახებ. როგორც არ უნდა იყოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, ვიპოვოთ საჭირო სიტყვები და საფუძვლიანად, არგუმენტირებულად ავუხსნათ დამკვეთს რატომ ვთვლით ასე და არა სხვაგვარად. დიზაინერს უნდა შეეძლოს მოსმენა და დაკვირვება, დამკვეთი ხომ თქვენ გენდობათ. აქამდე არ მქონია შემთხვევა, დარწმუნებული ვყოფილიყავი შეცდომაში და ვერ ამეხსნა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისუფლების საშუალება დამკვეთს ყოველთვის უნდა დაუტოვოთ და ყველაფერს ვერ გადაუწყვეტთ - ეს ხომ მან უნდა იცხოვროს ამ სივრცეში და თქვენი ხელწერა ისედაც დარჩება, მთავარია ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც განზრახ იცით, რომ უარეს შედეგამდე მიგიყვანთ.

- ინტერიერის რომელი სტილი გიყვართ თავად და რომელ სტილზე გიყვართ მუშაობა?
- რა არის სტილი? მოდით ამაზე ვისაუბროთ. ექსპერიმენტები საჭიროა, რადგან ისინი ამყარებენ ტრადიციას, ეს ასეა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ამ ექსპერიმენტების ჯერ ერთი ფასი (შედეგის გააზრების პრინციპი) და მეორე, სად და როგორ მოვარგოთ ის, ანუ მისი კულტურული კონტექსტი. შესაბამისად საჭიროა ცოდნა, ანუ მუდმივი განათლება. კულტურა ნიშნავს ფასეულობების ფორმირებას, მაშასადამე დიზაინი გარკვეულწილად ახდენს მომავლის ღირებულებების ფორმირებას, ამიტომ დიზაინი ყველაფერია და დიზაინშია ყველაფერი (Design is everything and everything is design), როგორც იტყოდა ამერიკელი კომერციული არტის რევოლუციონერი, კაცი რომელმაც თავის ქვეყანას სახე უცვალა - პოლ რენდი.
რა დაგიმალოთ და ძალიან მხიბლავს ეთნიკური მოტივები, ეს ხელოვნების და ისტორიების სიყვარულის ბრალია ალბათ, მრავალი სტილის და ეპოქის შერწყმა, მათი მინიმალური შტრიხებით გამოხატვის საშუალება.
არის ეპოქები, რომელიც იმდენ მონაპოვარს გვიტოვებენ. არ შეიძლება არ გაგვახსენონ თავი. უმეტესობა დღევანდელი ტრენდი ხომ იმ დროის გამოძახილია?
არ უნდა შევიზღუდოთ თავი ტაბუირებული ხედვებით, არამედ შევინარჩუნოთ ამ გზების გაკვალვაში გაოცების, აღფრთოვანების და ძიების საშუალება. დღევანდელი პოსტმოდერნისტული სამყარო, რომელიც, როგორც ჩანს, დასრულდა და პოსტჰუმანურ სამყაროში გადავედით, კიდევ უფრო საინტერესო ხედვებს გვთავაზობს და გარშემო ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომაა, რომ სულ უფრო ხშირად ვეძებთ საყრდენს და სახლების დიზაინში გვინდა მეტი სითბო და სიმყუდროვე.


- ქართულ რეალობაში რა ხდება, თქვენი გადმოსახედიდან? საკმაოდ იმატა დიზაინერებმა, თუმცა თუ აისახა ეს ხარისხზე, რამდენად გხვდებათ გამორჩეული და გემოვნებიანი პროექტები?
- საკმაოდ ხშირად, სხვათა შორის, მაგრამ ასევე ხშირად უხეშ დარღვევებს ვხედავ, არაკომპეტენტურობას. ფორუმებში კითხვების დონეზეც ბევრი დასკვნა შეიძლება გამოიტანოთ. ჩვენ არ გაგვაჩნია ტექნიკური ბაზა, ძალიან ადვილად ვთქვით უარი იმაზე, რაც თუნდაც წინა თაობების, მათ შორის სხვათა შორის ქართველი არქიტექტორების და მშენებლების მონაპოვარი იყო და ახალი ხარისხის სტანდარტი ვერ ჩამოვაყალიბეთ. ეს უკან დახევა გარდაუვალი იყო და ახლა ათმაგი შრომაა საჭირო, რომ უცხოენოვანი სახელმძღანელოებიდან თუნდაც ამოვიკითხოთ ხოლმე სასარგებლო ინფორმაცია, აუცილებელ ნორმატივებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ამის საშუალება თუნდაც ენობრივად ბევრს არ აქვს და აუცილებლად ა უნდა შეიქმნას სათანადო ტექნიკური საგანმანათლებლო ბაზა ქართულად. რამდენი ქართველი სტუდენტიც არ უნდა წავიდეს უცხოეთში, ისინი იქ უფრო მეტ დროს და ძალისხმევას მოანდომებენ დასამკვიდრებლად იქაურ ადგილობრივებთან შედარებით. მათ უნდა ჰქონდეთ სამშობლოში დაბრუნების და საკუთარი თავის პოვნის საშუალება. ფაქტია, რომ ახლანდელი თვითნასწავლი თუ ადგილობრივი დიზაინერები ესთეტურად შეიძლება ძალიან ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ ელემენტარულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ხშირად ვერ აკმაყოფილებენ.

- როგორც ვიცი, უცხოელ დამკვეთებთანაც მუშაობთ. თუ აქვთ მათ ქართველებისგან განსხვავებული მოთხოვნები ან მუშაობის სტილი?
უცხოელებთან მუშაობა ყოველთვის ძალიან ბევრ და საინტერესოს გძენს.
- მეტწილად, რაც ევროპელს ახასიათებს ეს არის ყურადღება მდგრად, ეკოლოგიურ მასალებზე, შეერთებული შტატებიდან უფრო რაციონალურები, მაგრამ ამავე დროს თამამები არიან ექსპერიმენტებზე. ესთეტურადაც განსხვავდება ხედვები, მაგალითად ბევრი რამ, რაც ჩვენთვის ზედმეტი ფუფუნების საგანია, მათთვის აუცილებლად მინიმუმია. შეიძლება უარი თქვან ბრენდულ ავეჯზე ან დეკორირების ძვირად ღირებულ საშუალებებზე, მაგრამ რაც შეეხება ჯანმრთელობას, პრიორიტეტად ქონდეთ. მაგალითად, ხის იატაკს ანიჭებენ უპირატესობას, ქვის ზედაპირებს სამზარეულოსა თუ აბაზანაში; ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით ხარისხიანი და ეკონომიური შედეგის მქონე გათბობის თუ ვენტილირების სისტემების გათვალისწინება უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან აფასებენ შენს დროს და პროფესიონალიზმს - თუ არჩევანი გააკეთეს, შენ მათი ინვესტირების წყარო ხარ და ბოლომდე გენდობიან. ასეთმა დამოკიდებულებამ კარგი გაგებით გამათამამა.
რასაც უკლებლივ ყველა საქართველოში ჩამოსული უცხოელი აღნიშნავს, ეს არის ქართველების ბუნებრივი სილამაზისადმი მიდრეკილება და გემოვნება. ამას ცოტა მეტი შრომა რომ დავუმატოთ განათლების მხრივ - ალბათ ბადალი არ გვეყოლება, მაგრამ ესეც დროის ამბავია.

- ბოლო პროექტზე რომ ვისაუბროთ, რომელშიც რამდენიმე სპეციალისტი იყო ჩართული და კოლაბორაციამ მშვენიერი შედეგი მოიტანა.
- მადლობა შეფასებისთვის. იცით, დიზაინი ხანდახან მაგიას მაგონებს, ვხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთვის აკეთებთ დიზაინს და ვისთან ერთად უწევს დამკვეთს საკუთარი ჩანაფიქრების რეალიზაცია. როგორც ვისაუბრეთ, ნებისმიერი დიზაინის პროცესი გარკვეული სიმბიოზია, მაგრამ თანხვედრა, რომელიც ამ პროექტში მოხდა იშვიათია - პროექტის მიხედვით თითქმის 90% შევასრულეთ, რაც იყო დაგეგმილი, ასეთი რეალიზაციის მაჩვენებელი იშვიათობაა დაგეგმარების კუთხით. პოტენციურ დამკვეთთან შეხვედრა კერძო რეკომენდაციით მოხდა და მართალი გითხრათ, გაცნობის და გასაუბრების გარდა მე ძალას ვერ ვატან კლიენტის გადაწყვეტილებას. სამაგიეროდ, როცა ურთიერთარჩევანი უკვე მოხდა, მუშაობის დროს თვითონ დამკვეთი უზომოდ დელიკატური და გემოვნებიანი ქალბატონი აღმოჩნდა. მიუხედავად იმის, რომ ეს პროცესი 2 წელი გრძელდებოდა, ლაპარაკი იყო არსებული კერძო სახლის გარკვეული მოცულობის რეკონსტრუქციაზე, რაც დემონტაჟის და ახალი სახლის აშენების მაგივრად ყოველთვის უფრო მეტ მონდომებას და შრომას მოითხოვს. აღმოჩნდა, რომ ის მოლოდინი, რაც დამკვეთს ჰქონდა, უკვე დამტკიცებულ პროექტში არ ეტეოდა, რისთვისაც შეიძლება ითქვას, არქიტექტურაშიც მოგვიწია ჩარევა. ძალიან კარგია მეგობარი მყავს, არქიტექტორები ზოგადად ერიდებიან ხოლმე სხვის ნამუშევარში ჩარევას, მაგრამ იმდენად სწორი რამდენიმე რჩევა მომცა, რომ ამ ამოცანას გავუმკლავდით. ძალიან საინტერესო მოსაპირკეთებელი მასალა გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში ფასადზე, ქართული წარმოების ძველი ვენეციური წესით მარმარილოს ჩამოსხმული ტერაცოს ფილები გამოვიყენეთ კიბის, ტერასების და ბოძების მოსაპირკეთებლად. ამისთვის ავირჩიეთ ბუენბრივი მწვანე უკრაინული ქვის ნატეხები, რომელიც მზეზე ბზინავს და შევუხამეთ ისინი ტრავერტინს, რომელიც დანარჩენ ფასადის ნაწილზეა გამოყენებული. ვეცადეთ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ძველი სახლის არსებული ყველა მასალა და ეს პრინციპი ყველგან შევინარჩუნეთ, მათ შორის ინტერიერში და რესტავრირებულ ავეჯშიც. შესასვლელის კარი პერსპექტიული პორტალის პრინციპით განვათავსეთ აივნის შიგნით, რაც კიბის უჯრედთან ერთად ამავე დროს ეზოში შესვლისთანავე მიზიდულობის წერტილს ქმნიდა. დანარჩენ ფასადზე ფრანგული აივნებით და ულამაზესი ფერადი ჭედური მოაჯირით დავასრულეთ. წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა ამან: თითქოს სადა და თანამედროვე, ზომიერი და ამავე დროს ყველა კლასიკური პროპორციების დაცვით - ყოველ ჯერზე ზეიმის შეგრძნებას გიქმნის ამ სახლში შესვლა! ძალიან ჰგავს მის მეპატრონეს.

ინტერიერს რაც შეეხება, ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია, რაც საქართველოში მინახავს, ამას მოურიდებლად ვამბობ, რადგან პროექტის შესრულება მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურება არ არის. ძალიან ვამაყობ ჩვენი ადგილობრივი მხატვრების და ოსტატების მონდომებით. ხანდახან მოულოდნელ მწვერვალებს ვიპყრობთ ხოლმე. სანამ დამკვეთს რაიმე შეთავაზებას ვუკეთებ, ყოველთვის რამდენიმე ვარიანტს ვამოწმებ და შეთანხმების შემდეგ ვაკეთებთ საცდელ რენდერს და მერე ნიმუშსაც. ასე ავირჩიეთ ბარელიეფი, რომლის შესრულებაც ძალიან ძვირი, ხელოვნების ნიმუშის ტოლფასია ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ამჯერად მე ვთვლი რომ ძალიან ზომიერ ფასად აღმოვაჩინე არც მეტი არც ნაკლები - თვითნასწავლი მხატვარი დიმა ვარვინსკის სახით, რომელმაც შეგვისრულა ეს შედევრი. რადგან ასეთი ნამუშევარი რემონტის ბოლო ფაზაში კეთდება, ბოლომდე არ ვიცოდი რას მივიღებდით, მაგრამ დღემდე, როცა ვსტუმრობ დამკვეთს და ვხედავ ამ ნამუშევარს ვერ ვიჯერებ, რომ ის ნამდვილია. მოულოდნელი იყო მაღალი პროფესიონალიზმის და ადამიანური დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ვიტრაჟებზე მუშაობისას მის ავტორთან - თამილა დევდარიანთან მოგვიხდა. მისი ესთეტური და მხატვრულად მგძნობიარე დამოკიდებულება ისედაც ცნობილი იყო ჩემთვის მრავალი ადამიანისგან, მაგრამ ასეთი პირადი შეხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გიკეთებთ ამა თუ იმ ნამუშევარს. 3 სხვა და სხვა ფაქტურის, მაგრამ ერთი ნახატით გაერთიანებული ვიტრაჟი გაკეთდა ამ პროექტში. ფერების და ტიხრებში სინათლის ისეთი თამაშია ყოველივეში, რომ ცოტა მიწას აცდენილ ცეკვას განდომებთ. ალბათ მესამე გამორჩეულ ნამუშევარზეც უნდა ითქვას, რომელსაც თანამედროვე ხატწერას შევადარებდი - ოქროს ფირფიტებით, ტილოზე ფრესკის რელიეფური პრინციპით შესრულებული პანო, უნაკერო 3/3 მეტრზე ნამუშევარი, რომელიც ძალიან თხელი, მინიმალისტურ სტილში შესრულებული წეროების კომპოზიციას განასახიერებს. ეს ხელოვნების ნიმუშიც საქართველოშის შესრულებული.
პროექტში დაგეგმარების და სხვა დეტალების მხრივ ბევრი რამ არის გათვალისწინებული, საინტერესოა გამოყენებული გადაწყვეტილებებიც მაგრამ ასე საუბრით კითხვაზე პახუხს ვერ ამოვწურავთ.


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მინდა შევქმნა ქართველ მხატვრებთან ერთად ნამუშევარი, რომელიც არა კერძო, არამედ საზოგადოებრივ სივრცეში იქნება განთავსებული და დაარწმუნებს მნახველს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. საქართველო ოქროს საწმისის, საყდრისის და მრავალი სხვა, სამწუხაროდ დაკარგული განძის ქვეყანაა და ეს განძი, ჩვენს თავში თავად აუცილებლად უნდა აღმოვაჩინოთ! რატომღაც ეს ნამუშევარი ბათუმში მესახება. ამავე დროს ბიზნეს ორიენტაცია არ მანებებს თავს და ძალიან მინდა ამჟამად რაზეც აქტიურად ვმუშაობ - პროექტზე „The Decart“ - ქართული ინტერიერული დეკორის წარმოების გატანა უცხოურ ბაზარზე. მაქვს ერთისმხრივ გამოფენების და სტენდების შექმნის გამოცდილება და გვაქვს უნიკალური ნამუშევრები - მინდა, რომ დიზაინერები სადაც დავდივართ ხოლმე საზღვარგარეთ, ევროპულ ბრენდებს შორის ქართული ნაწარმის ნახვაც შეგვეძლოს. მოვა ამის დრო და პირველ რიგში თქვენს მკითხველს გავუზიარებთ ამის შესახებ.










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები