როგორ მოვაწყოთ ვიწრო სამზარეულო - იდეები და რჩევები დიზაინერებისგან

როგორ მოვაწყოთ ვიწრო სამზარეულო ისე, რომ იყოს არა მარტო ლამაზი, არამედ მოხერხებული? რა უნდა გავითვალისწინოთ ავეჯის შერჩევის დროს და რომელი ფერებია უფრო მისაღები? რას გვირჩევენ დიზაინერები?

არსებობს მოსაზრება, რომ მრავალსართულიანი სახლების დაპროექტების დროს არქიტექტორები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ სახლი იყოს მყუდრო და მოხერხებული. მათთვის მთავარია დაასრულონ ობიექტი და ჩააბარონ. ფიქრობთ, რომ ასე არ არის? აბა, რითი შეიძლება აიხსნას კორპუსებში ვიწრო და გრძელი სამზარეულოების არსებობა, რომელშიც არათუ კომფორტულად მომზადება, მოსაბრუნებელი ადგილი არ არის, აღარაფერს ვამბობთ დიასახლისის ფუსფუსზე. თუ თქვენც აღმოჩნდით
ჩვენს მიერ აღწერილი სამზარეულოს ბედნიერი მეპატრონე, გულს ნუ გაიტეხთ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შევეცდებით პროფესიონალთა რჩევების მოძიებას და თქვენს დახმარებას, რომ თქვენი ვიწრო სამზარეულო გახადოთ მყუდრო და რაც ყველაზე მთავარია, მაქსიმალურად ფუნქციონალური.

შევარჩიოთ შესაბამისი განლაგება

სამზარეულოს ავეჯის რაციონალურად ორგანიზებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ავეჯის შერჩევის დროს კარგად უნდა დაფიქრდეთ და ისე გადაწყვიტოთ, როგორი წყობა გაწყობთ.

1. სტანდარტული ხაზი

გულისხმობს სამზარეულოს ავეჯის განთავსებას ერთ კედელეზე, სადაც გაზქურა და ნიჟარა ერთ მხარეს იქნება, ხოლო მაცივარი მეორე მხარეს. ასე დიასახლისს ეძლევა საშუალება მოიწყოს კომფორტული სამუშაო ზონა. ასეთი წყობა ვიწრო სამზარეულოს ძალიან უხდება.

2. კუთხის წყობა



ეს წყობა გულისხმობს კუთხის ათვისებას, რათა შეიქმნას კომფორტული სამუშაო ზონა. თუ ოთახში არის ფანჯარა, მსგავსი წყობისთვის ამ ზონის ათვისებაც გამართლებული და პრაქტიკულია.
კუთხის სამზარეულო სივრცეს უფრო კვადრატულს გახდის, თუ ფანჯარა არსებობს, სამუშაო ზონა ფანჯარასთან ძალიან ლამაზად გამოიყურება.

3. ორრიგიანი განლაგება



შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ კედელს შორის დაშორება მინიმუმ ერთი მეტრი მაინც იქნება.

4.  ოვალური განლაგება


ეს სასურველი და მისაღები განლაგებაა, თუმცა ყოველთვის განხორციელებადი ვერ არის. ამ შემთხვევაშიც ორ პარალელურ მხრეს შორის დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ერთი მეტრისა. და კიდევ, თუ მსგავს განლაგებას ანიჭებთ უპირატესობას, მოგიწევთ სასადილო ზონაზე უარის თქმა და მისი სხვა ოთახში გადატანა.

ფერთა გამა

შეზღუდულ სივრცეში, მით უმეტეს თუ ის ვიწროა, რა თქმა უნდა, ძალიან მომგებიანია თეთრი ფერი, აქცენტებით. მაგალითად ცისფერი ან სალათისფერი აქცენტებით, ან უფრო მკვეთრი და თბილი ფერების გამოყენებაც შეგიძლიათ. სულ თეთრი ფერის სამზარეულოს გაკეთებას არ გირჩევთ, საზღვრის წაშლამ შესაძლოა დეზორიენტაციამდეც კი მიგიყვანოთ.

თუ მუქ ფერებს ვერ ელევით და მის გარეშე თქვენი სამზარეულო ვერ წარმოგიდგენიათ, მაშინ ეცადეთ, რომ მუქი ფერი ზედა ნაწილში არ ფიგურირებდეს. მუქი ფერი დასაშვებია იატაკზე და დაბლიდან ზემოთ სამუშაო ზონამდე, მის მაღლა მუქ ფერთა გამის გამოყენება რეკომენდებული არ არის. რაც მაღლა მდებარეობს, ყველაფერი ღია ფერებში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოემზადეთ, რომ თქვენი სივრცე ვიზუალურად კიდევ უფრო დაპატარავდება და დავიწროვდება.

იმისათვის, რომ ვიწრო და გრძელი სივრცე კვადრატულად აქციოთ, შეგიძლიათ მიმართოთ კიდევ ერთ დიზაინერულ ხრიკს - მოპირდაპირე კედლები შეღებოთ სხვადასხვა ფრად.
ოთახის ვიზუალურად გადიდება შესაძლებელია ავეჯის, კედლების, იატაკის და სამზარეულო წინსაფრის ფერითაც კი.


განათება

თუ გაგიმართლათ და სამზარეულოში გაქვთ ფანჯარა ან ფანჯრები, არავითარ შემთხვევაში არ ჩამოკიდოთ სქელი ფარდები და არ გაალამაზოთ დიდი, მასიური მცენარეებით. გახსოვდეთ, ფანჯრიდან სინათლე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა შემოდიოდე, ნათელი სამზარეული თავისთავად ვიზუალურად დიდი ჩანს.

არც ხელოვნური განათება დაივიწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ზონის განათება.
კიდევ ერთი რჩევა - თუ თქვენი სამზარეულო ვიწროა, მაგრამ ჭერი მაღალი, არავითარ შემთხვევაში გააკეთოთ ჭერს მიბჯენილი ჭაღი. ეცადეთ ჭაღი იყოს რაც შეიძლება გრძელი, თუმცა არა ისეთი სიგრძის, რომ დისკომფორტი შეგიქმნათ.


ავეჯი

ვიწრო სამზარეულოსთვის ავეჯის შერჩევა ადვილი ნამდვილად არ არის და ალბათ, უმჯობესია თუ მას შეკვეთით დაამზადებინებთ.
შეკვეთის მიცემის დრიოს კი უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედა ნაწილი იყოს ღია ფერებში ან მინის კარები. ეცადეთ, რომ კარადის კარები იღებოდეს ზემოთ.




მოაშორეთ ზედა კარადები


თუ გსურთ, რომ ვიწრო სამზარეულო უფრო ფართო და მსუბუქი გახადოთ, შეგიძლიათ უარი თქვათ ზედა კარადებზე და ის ღია თაროებით ჩაანაცვლოთ.
კიდევ რამდენიმე რჩევა ვიწრო სამზარეულოს მოსაწყობად.
იატაკის ფილები უმჯობესია განლაგდეს დიაგონალურად, ასე უფრო დიდი სივრცე გამოჩნდება.
იმისათვის, რომ ჭერი გამოჩნდეს არც ისე შორს და მაღლა შეარჩიეთ არა თეთრი ფერი, არამედ კრემისფერი ან ღია ნაცრისფერი.
ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათება, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი.
ვიწრო სამზარეულოს ძალიან მოუხდება შუშის მაგიდა და მინის აქსესუარები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები