ამბობენ, რომ სამზარეულო სახლის გულია. ოჯახი დროის დიდ ნაწილს იქ ატარებს, ამიტომ სამზარეულო მხოლოდ მოხერხებული სივრცე კი არა, ოჯახური კერაც უნდა იყოს. ამ ოთახისგან რომ მყუდრო და გემოვნებიანი სივრცე გამოვიდეს, ინტერიერის დიზაინერების რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.
დაგეგმვა
პირველ რიგში სამზარეულოში ე.წ. სამუშაო სამეულის წესები უნდა დაიცვათ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ სივრცეში მოხერხებულად გააერთიანოს ქურა, ნიჟარა და მაცივარი. ასე ყველაფერი ხელთ გექნებათ. თუ ეს მოხერხდა, ამით დიასახლისი დროისა და ძალის დაზოგვას შეძლებს.
სხვადასხვა სტილის დაგეგმარებაში ეს სამეული შეიძლება სულ სხვადასხვაგვარად
სამზარეულოს გარნიტურის შეძენისას ჯობია ისეთ მოდელებზე გააკეთოთ აქცენტი, რომლებსაც ქვედა სათავსოში 3 მოძრავი უჯრა მაინც ექნება. სათავსოების განი 90 სმ-ს არ უნდა აჭარბებდეს, რათა ზედმეტად არ გადაიტვირთოს. უჯრებიც ჯობია ზონებად იყოს დაყოფილი, რომ არეულობა არ წარმოიქმნას.
გარნიტურის ზედა სათავსოებს რაც შეეხება, ერთნაირად მოხერხებულია, როგორც ჩვეულებრივ გამოსაღები კარადები, ასევე ზევით ასახდელი კარები. ყველაფერი სტილზეა დამოკიდებული - კლასიკურს ტრადიციული 30-60 სმ სიგანის კარები უხდება, თანამედროვეს კი - განიერი, მაღლა ასაწევი ფასადი.
დიდი მნიშვნელობა აქვს მასალასაც. თანამედროვე დიზაინერები გვირჩევენ, რომ ყველაზე პრაქტიკული მასალა მინაა. ის შეიძლება ფერადიც იყოს და გამჭვირვალეც, მასზე შეიძლება სხვადასხვა ნახატიც დაიტანოთ.
რაც შეეხება სასადილო მაგიდას, 4-კაციანის იდეალური ზომა 120-140 სანტიმეტრია.
თუ სამზარეულო სხვა ოთახთან არის გაერთიანებული და რამდენიმე ფუნქცია აქვს, მაშინ დამატებითი ავეჯიც დაგჭირდებათ. ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში ავეჯი-ტრანსფორმერი იქნება. მაგალითად, საწოლი დღისით კარადაშია დამალული, მაგიდა კი საჭიროების დროს იწევა გარნიტურიდან.
რამხელაც არ უნდა იყოს სამზარეულო, უწესრიგობას ვერ აიტანს. სათავსოებად ტრადიციული კარადების გარდა ნებისმიერი ღიობის გამოყენებაც შეიძლება. აითვისეთ ნიჟარის ქვეშ ადგილი, გამოიყენეთ კუთხის ფორმის ტუმბო, რომელსაც წრიულად მოძრავი სექცია ექნება ქვაბებისა და ტაფებისთვის.
დღეს შესანახად სხვადასხვა დამატებითი ელემენტებია შექმნილი: კალათები, კონტეინერები, კედელში ჩაშენებული კარადები...
სამზარეულოში მხოლოდ საჭმლის მომზადება კი არა, დასვენება და სტუმრის მიღებაც უნდა შეგეძლოთ. ამიტომ რამდენიმე ზონის განათება დაგჭირდებათ. სტუმრის მიღებისას ცენტრალური განათება გამოიყენეთ. საჭმლის მზადებისას კი სამუშაო სამეულში მოთავსებული ნათურა აანთეთ. დასვენებისას სასადილო მაგიდასთან დამონტაჟებული ბრა გამოგადგებათ.
ფერთა გამას სამზარეულოში ნაკლები დატვირთვა როდი აქვს. ცივი ტონები, მაგალითად ლურჯი, ფართს ვიზუალურად ადიდებს. თუმცა ამბობენ, რომ იგივე ლურჯი ჭამის ნაკლებ სურვილს აჩენს და ხშირად იმასაც ურჩევენ დიასახლისებს, თუ არ სურთ გასუქება, სწორედ ლურჯ, მუქ მწვანე და მუქ ბორდოსფერში მოაწყონ სამზარეულო და ჭურჭელიც კი. თეთრ თეფშზე თურმე გაცილებით მეტი საჭმელი იჭმება, ვიდრე მუქზე.
დიზაინერებს ასევე მიაჩნიათ, რომ ნათელი ფერები საკვების მომზადების პროცესში დიასახლისის უფრო დადებით განწყობას უქმნის, ვიდრე მუქი. ღია, პასტელური ტონები გაცილებით ეფექტური და სასიამოვნოა სამზარეულოში.
სამშვენისებსაც ნუ დაივიწყებთ. ზოგიერთი დიზაინერი მაცივარზე მაგნიტების მიკვრის ნაცვლად კედელზე დიდი მაგნიტური სივრცის გაჩენას გირჩევთ. მაგნიტის კედელი შეიძლება მეტალის ფირფიტისგანაც დამზადდეს და სპეციალური მაგნიტური საფარველითაც.