ქართველი მხატვარი, რომელიც წარმატებულ დიზაინერად იქცა და თავადვე ქმნის საოცარ დეკორს

ნანუკა გოცაძე პროფესიით მხატვარია. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესოა. კარიერული წინსვლა სანათებით დაიწყო, რომელსაც თავისი გამოგონილი ტექნიკით ქმნის - მასალა ცოცხალი მცენარეებისგან და ორმაგი პერგამენტისგან შედგება, რაც გამორჩეულს და განსხვავებულს ხდის მის ნამუშევრებს. ქმნის ხელით დამუშავებულ ავეჯს, ქალის აქსესუარებს, ინტერიერის სხვადასხვა დეკორაციას. დღეს მისი შემოქმედებითი საქმიანობა უმეტესად უკავშირდება ინტერიერის დიზაინს და მის შემდგომ სამუშაოებს.



- მთელი ბავშვობა მსახიობობაზე ვოცნებობდი - თანატოლებთან ერთად ვდგამდი სპექტაკლებს, ვყიდდი ბილეთებს, ვაფორმებდი სცენას. ამ ყველაფრის ორგანიზატორი მე ვიყავი. მაგრამ სამწუხ
აროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი სამსახიობო კარიერა არ შედგა. ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი გატაცებული ხატვით. ჩემი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ ხელოვანი ადამიანები, რომლებმაც მირჩიეს, ჩამებარებინა სამხატვროზე. მეც ასე მოვიქეცი.

აქაც გამიმართლა. კათედრის გამგე იყო ბატონი თემო გოცაძე, რომელმაც ნახა ჩემი ნახატები და ძალიან მოეწონა. აქედან დაიწყო ჩემი სამხატვრო კარიერა. შემდეგ მქონდა პაუზა, რადგან ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დავოჯახდი. გაგვიჩნდა ლუკა, შემდეგ - მათე და მთელი ჩემი დრო და ენერგია მათ მივუძღვენი.



- ამ პაუზამ გავლენა იქონია თქვენს შემოქმედებაზე?

- პაუზა შემოქმედებაზე ყოველთვის ახდენს გავლენას. გვიან ხვდები, რომ თურმე რაღაცები დაგავიწყდა, გიჩნდება შიშის გრძნობა და კომპლექსი. მიგაჩნია, რომ შენზე წინ წავიდნენ სხვა ხელოვანები და შენ რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვე. ჩემი შემოქმედების ნაწილი ძირითადად სტუდენტობის პერიოდშია შექმნილი. ახლა უკვე მთლიანად შემოქმედებითი პროცესი მაქვს. ამაში ძალიან მეხმარება ჩემი ოჯახი და განსაკუთრებით დედა.



- როგორ დაიწყო თქვენი კარიერული წინსვლა?

- ჩემი კარიერა სანათებით დაიწყო. მე თვითონ მოვიგონე ტექნიკა, რომელიც შედგება ცოცხალი მცენარეებისა და ორმაგი პერგამენტისგან. რა თქმა უნდა, ეს პროდუქტი უკვე დაპატენტებული და საავტოროა. თავდაპირველად სახლში ვმუშაობდი, ძირითადად მეგობრებს ვჩუქნიდი ჩემს ნამუშევრებს. იმდენად მოსწონდათ, რომ ყველა მეკითხებოდა, რატომ არ ვყიდდი მათ. ამან გადამაწყვეტინა, რომ გაყიდვაც მეცადა. სანამ რეალიზებას დავიწყებდი, მოვაგროვე ნამუშევრები და 2011 წელს მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა. სამი დღის განმავლობაში ჩემს გამოფენას მნახველი არ მოჰკლებია, სწორედ ამ პერიოდში გამიცნო საზოგადოებამ. მქონდა მიწვევები ტელევიზიებში, ყოველ შაბათს სატელევიზიო მასტერკლასს ვატარებდი. ამის შემდეგ დავიწყე სისტემატიურად სანათების კეთება. ასევე ვქმნიდი შირმებს, ზარდახშებს და სხვადასხვა დეკორსა თუ აქსესუარს.



- დღეს რას საქმიანობთ?

- როდესაც ხატავ, გაქვს ფერისა და ფორმის შეგრძნება, გემოვნება, პრაქტიკულად დეკორატორიც ხარ. ტელევიზიაში ერთ-ერთ პროექტზე დამდგმელ მხატვრად მიმიწვიეს. ტელევიზიებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებით ზრდაში. ლოგიკურია, როცა იღებ დიდ გამოცდილებას და იმაღლებ პროფესიონალიზმს, მეტი მოთხოვნაა შენზე. მოკლედ, დიდი გამოცდილება შევიძინე და გადავერთე ინტერიერის დიზაინზე.



- როგორც ვიცი, ამ ეტაპზე მარტო არ ხართ. გყავთ პარტნიორი, ვისთან ერთადაც ამ ყველაფერს აკეთებთ...

- დღემდე მარტო ვსაქმიანობდი. ვერ ვეგუებოდი ვერავის, ვერც ფინანსურ პარტნიორს. ქართულ სინამდვილეში, სამწუხაროდ, ფინანსური პარტნიორები სადღაც აუცილებლად „ფუჭდებიან“ და მეც მქონია ასეთი მწარე გამოცდილებები. რაც შეეხება საქმეს, ვარ საკმაოდ დამოუკიდებელი. ისეთ საქმეებს ვაკეთებ, ბევრი კაცი რომ ვერ ახერხებს. იმდენად დავიხვეწე მუშაობაში, რომ თუ ხელოსანი არ მყავს გვერდით, მძიმე სამუშაოებსაც თავად ვუღებ ალღოს. დაახლოებით ექვსი თვის წინ მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, წამოგვეწყო ბიზნესი. გვექირავებინა ძველი სახლები, გაგვერემონტებინა ჩვენი გემოვნებით და გაგვექირავებინა ტურისტებზე. ჩემი მეგობარი რეჟისორია, კარგად იცნობს კომპოზიციას, ფერს, განათებას და რაც მთავარია, ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის სფეროში არასდროს უმუშავია, ზუსტად ერთ კვირაში ისე აუღო ალღო, რომ გამაოცა.



ჩვენ სულიერად ვავსებთ ერთმანეთს. მუშაობის დროს სრულ ჰარმონიაში ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას და ერთად ვქმნით პროდუქტს. დიდი კომფორტია მასთან მუშაობა.

- თქვენი ყველა ნამუშევარი ხელით არის შექმნილი?

- ყველა დეტალი ჩვენი ხელით იქმნება. ნამუშევრებს ვასრულებთ სხვადასხვა ტექნიკით. რა თქმა უნდა, ხელით შესრულებული სამუშაო მეტად ფასობს, ამას სჭირდება დრო და ენერგია, ეგრეთ წოდებული „ჰენდ მეიდი“ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ჩვენი პარტნიორია ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული კომპანია. სახლების გაქირავება ასეთი მარტივი არ არის. ოთხ თვეში ხუთი სახლი უნდა გაგვეკეთებინა. დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. მე და ჩემმა მეგობარმა კოლოსალური შრომა ჩავდეთ ამ საქმეში. საბედნიეროდ, ძალიან სწრაფი ხელი გვაქვს და ჩვენთვის შეუსრულებელი მისია არ არსებობს.



- რა არის ის ოქროს წესი, რაც წარმატების მიღწევაში გეხმარებათ?

- ეს არის ხარისხი, საკუთარი კონცეფცია, თავდაუზოგავი შრომა და, რა თქმა უნდა, საქმის სიყვარული. თუ ხარ პლაგიატი, ეს აუცილებლად უხარისხო და იაფფასიან მწარმოებლად გაქცევს. მსოფლიო დიზაინერები და არქიტექტორები გამუდმებით ფიქრობენ, რა შექმნან ახალი, კონცეპტუალური და სწორედ ეს არის პროგრესის მომტანი. ერთია მიიღო ინსპირაცია და შემდეგ შექმნა შენი ინტერპრეტაციით და მეორეა - იყო პლაგიატი. ეს ორი სხვადასხვა რამეა. როდესაც ქმნი შენსას, საავტოროს, სადაც იგრძნობა შენი ხელწერა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდები წარმატებული ხელოვანი.

- რა რჩევებს აძლევთ მომხმარებლებს, რა სტილი და ფერებია დღეს მოდური და აქტუალური?



- სამწუხაროდ, დღეს ვისაც გემოვნება გააჩნია, მატერიალური შესაძლებლობა აქვს ნაკლები. ვისაც ფული აქვს, ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და დიზაინერის რჩევები და მომსახურება არ სჭირდება. თუმცა არიან გამონაკლისები და საბედნიეროდ, არცთუ ისე ცოტა. მე ვურჩევდი ადამიანებს, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევენ ეგრეთ წოდებულ მოდას. მთავარია, ესთეტიკის განცდა და ცოტა გემოვნება გქონდეს. თუ ეს ორი გაქვს, მარტივად შეგიძლია ლამაზი ინტერიერი შექმნა. ეს დაბალ ფასადაც არის შესაძლებელი. თუმცა მაინც ვურჩევ, რომ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდონ.

- რა გამოუსწორებელი შეცდომა შეიძლება დაუშვას ადამიანმა, როცა თავად კიდებს ამ საქმეს ხელს?

- მარტივად გეტყვით: შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ პირობითად სტაფილოსფერი კედლები ძალიან მოეწონებოდა, ეს მხოლოდ წარმოსახვაში, მაგრამ რეალობაში აბსოლუტურად უგემოვნო და შეუფერებელი აღმოჩნდეს. ფერების აღქმა და შეხამება ყველას არ შეუძლია. ამას ადამიანები წლების განმავლობაში სწავლობენ. ვინც ვისწავლეთ, გთხოვთ მიგვიშვით, რომ უფრო გემოვნებიანად და მაღალპროფესიულად გაგილამაზოთ სამყარო.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები