"ჩემი ბინა ემოციების კრებულია... უთქვამთ, რომ აქ ჯდომაც კი ფსიქოთერაპიის ტოლფასია" - ახალგაზრდა ფსიქოლოგის გემოვნებიანი ბინა

ირმა კვაჭაძე ფსიქოლოგია და შესაბამისად, სხვა ადამიანების სიმშვიდეზე, ჰარმონიულ ყოფასა და კომფორტზე ზრუნავს, თუმცა, რასაკვირველიე, პირველ რიგში ფსიქოლოგი თავად უნდა იყოს გაწონასწორებული და ჰარმონიაში მყოფი საკუთარ თავთან და გარემოსთან. ამაში კი, ლაღი და მხიარული ხასიათის გარდა ის შესანიშნავი და "ემოციური" ბინაც უწყობს ხელს, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო და სადაც არა მხოლოდ თვითონ, სხვებიც კარგად გრძნობენ თავს. სწორედ ამ ბინაზე გვიამბობს.

- ჩემი ბინა - ემოციების კრებულია, ემოცია კი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანის ცხოვრებაში, შევიძინე 2010 წელს, უფრო ზუსტად კი - ოჯახმა

მაჩუქა, კონკრეტულად - ბებომ, მისი ბევრი ნივთი დღესაც ცოცხლობს აქ.
მე და მამა ვარჩევდით, მოვედით თუ არა, მივხვდი, რომ ჩემი იყო. სივრცემ მომხიბლა და 10 წუთში გადავწყვიტე, რომ მე აქ უნდა მეცხოვრა, ცხადია, მამაც დამეთანხმა. ფაქტობრივად, 10-წლიანი რემონტი მქონდა - მიუხედავად იმისა, რომ ფართი არაა ძალიან დიდი. მამა იმავე წელს გარდაიცვალა, შესაბამისად ბინის რემონტიც გადაიდო და კედლებზე შპალერის ნაცვლად მეგობრების ნახატები გადმოსკუპდნენ.

ნელ-ნელა დავიწყე მისი აკადემიურ ჩარჩოში მოყვანა, რემონტის, ხელოსნებთან კომუნიკაციისა და ელიავაზე სირბილის „ბედნიერება“ მე მხვდა წილად, თუმცა ნებისმიერი პროცესი შეიძლება სახალისო იყოს და მეც ამ პრინციპით ვარჩევდი კერამიკულ ფილებს, ლამინატს, კედლის ფერებს და ა.შ.

ბინაში დიდი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, აივანი და პაციენტების მისაღები კაბინეტია, ხშირად უთქვამთ, რომ აქ ჯდომაც კი ფსიქოთერაპიის ტოლფასია და თუ პაციენტი მარტო არ მოდის, მისი თანმხლები პირი ყოველთვის აღნიშნავს ამ ბინის აურას, სიმშვიდეს და ამბობს, რომ თავადაც მიიღო თავისი წილი თერაპია - რაც ძალიან მახარებს.

- გქონდათ აქამდე დიზაინერული გამოცდილება? რა სტილზე შეაჩერეთ არჩევანი?
- დიზაინერული გამოცდილება არა, გარდა იმისა, რომ ყოველთვის მქონდა ჩემი პრიორიტეტებით მოწყობილი „ჩემი კუთხე“. სტილი ექლექტიკურია ალბათ, არ ვიცი, ბევრი დეტალით, ბვრი ისტორიით, სიმყუდროვით და სითბოთი, დიდი ვიტრაჟებით და მზის სხივებით.

- ყველაზე დიდი სირთულე რა იყო რემონტის დროს?
- ხელოსნებთან ურთიერთობა იყო კატასტროფა, პირდაპირი მნიშვნელობით. ჩემს ხელოსანს პირველივე კვირას გაუჩნდა შვილი, გარდაეცვალა სიდედრი, მოუვიდა ავარია, ჩამოუვიდა 7 წლის უნახავი ძმა და ა.შ. გადაჭარბების გარეშე ყოველ მეორე დღეს ვისმენდი მსგავს ტექსტებს, სანამ არ დავემშვიდობე და „ჟიული ბაბუ“ არ ვიპოვე, რომელიც დილის 6 საათზე მოდიოდა, მართალია, ნელა და არააკურატულად, მაგრამ მაინც გულმოდგინედ მუშაობდა.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა აპირებს რემონტს?
- დიზაინი გათვალონ წინასწარ, პროფესიონალური ხედვა ბევრ არასტანდარტულ გადაწყვეტილებას აპოვნინებთ, რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგია ხოლმე. ჩემთან არის დეტალები, რომლებიც ახლა აღმოვაჩინე, რომ სხვაგვარად უკეთესი იქნებოდა. და რაც მთავარია, აუცილებლად დარწმუნდნენ, რომ ხელოსანს ყველა ყოფითი პრობლემა მოგვარებული აქვს, რომ არ მუშაობს პარალელურად 7 ადგილას.

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს სახლში და თუ გაქვთ საყვარელი კუთხე?
- საყვარელი ადგილი აივანია, მეჩვიდმეტე სართულიდან მთელი თბილისი მოჩანს, მტკვრის პირას - ღრუბლებთან ახლოს, სივრცე, რომელსაც წინ არაფერი ეფარება, ჰორიზონტი.
მომწონს ფერები და ის, რომ ყველაფერი ადვილად ცვლადია, თითქოს განწყობის მიხედვით შემიძლია გადავაწყო ავეჯი - მარტივად. ჩემთვის სიმყუდროვე განწყობის ცვლასთან ერთად, მოქნილების შესაძლებლობაა, ჩემი ბინა იძლევა ამის საშუალებას და ძალიან მახარებს ეგ ამბავი.

- არის ეს ის, რაც გინდოდათ?
- ცალსახად დიახ, ყველაფერთან ერთად ბინაში მაქვს ჩემი პერსონალური სცენა. სახლში პატარა კიბეები და მოაჯირია, მეგობრებს ვეუბნები ხოლმე, რომ სცენა მოვიწყვე ჩემთვის და საჯარო გამოსვლებისთვის აქ ვემზადები. და - ბევრი მცენარე, ძალიან მიყვარს დიდ ფოთლებიანი ლამაზი ყვავილები, ბევრი მყავს.


- როგორც ფსიქოლოგი, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ და ფსიქოლოგიური კუთხით რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა ბინების მოწყობის დროს?
- სახლი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც გიხარია დღის ბოლოს დაბრუნება, მეგობრების მიღება, გაღვიძება, დაძინება. სადაც შენ ხარ შენ, სადაც ივსები რესურსით და ხარ მშვიდად. მნიშვნელოვანია, ბინა მოარგოთ თქვენს ინტერესებს და ნაკლებად გაითვალისწინოთ აღიარებული სტანდარტები, გამოიყენოთ ის ფერები, რომლებიც კონკრეტულად თქვენ და თქვენ ოჯახის წევრებს გსიამოვნებთ და არა ის, რაც ტრენდულია იმ მომენტში, როდესაც გიწევთ რემონტის გაკეთება. მნიშვნელოვანია ავეჯიც იყოს შერჩეული საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ან ისეთი, რომელიც დადებით მოგონებებს აღძრავს თქვენში. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს მომხრე ვარ ყველა უსარგებლო ნივთის გასხვისების, სახლშიც ვიცავ „საჰაერო ბუშტის“ პრინციპს, სადაც მხოლოდ ის ნივთებია, რომლებიც მართლა აუცლებელია, შესაბამისად რჩება სივრცე სიახლეებისთვის, სიხარულისთვის და დადებითი ცვლილებებისთვის.

კომენტარის დამატება