როგორ ვაქციოთ მისაღები ოთახი უფრო მდიდრულად ფინანსური დანახარჯის გარეშე - 8 პრაქტიკული და მარტივი ხრიკი

სახლის სტილი და სიმყუდროვე ყოველთვის ფინანსებზე როდია დამოკიდებული. პროფესიონალი დიზაინერების რჩევების გათვალსიწინებით შემოგთავზებთ მარტივ და პრაქტიკულ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი სახლი უფრო მყუდროდ და მდიდრულად.

სქელი ფარდები ყოველთვის უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე თხელი

ფარდა ნებისმიერი ინტერიერის უმთავრესი ელემენტია, რომელიც შთაბეჭდილების ნახევარს ქმნის. თუ თქვენი ბიუჯეტი ვერ წვდება ძვირფას ტექსტილს, შეგიძლიათ არჩევანი თქვენთვის ხელმისაწვდომ ვარიანტზე შეაჩეროთ, თუმცა გირჩევთ უპირატესობა ერთტონიან მატერიას მიანიჭოთ, რომელიც, როგორც წესი, უფრო ეფექტური და მდიდრულია ხოლმე.

ნუ შეუშინდებით ხალიჩას

არ ღირს ამ ელემენტის იგნორირება. არ არის აუცილებელი ხალიჩა იყოს ძვირფასი. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს ისეთი ბიუჯეტური ხალიჩები, რომელიც ძნელად განსხვავდება ძვირად ღირებულისგან. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ფერი და ზომა და თქვენი ოთახი ნამდვილად მოიპოვებს საოცარ სიმყუდროვესა და ელეგანტურობას. გირჩევთ ხალიჩა იყოს მინიმალისტური, ზედმეტი ფიგურებისა და ელემენტების არეშე. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სადა გეომეტრიული ფიგურები.

ბალიშები ფარდის ფერში

ბალიშებისა და ფარდების შეხამებამ შესაძლოა ინტერიერი საერთოდ შეცვალოს როგორც კარგის, ისე ცუდისკენ. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც დადებით ეფექტზე ხართ ორენტირებული, დეკორატიული ბალიშების ფერი აუცილებლად უნდა ეხამებოდეს ფარდებისა და ხალიჩის ფერს. ყოველთვის ჯობს ბალიშები იყოს სადა, ერთ ფერში, მაგრამ თუ მაინცდამაინც მრავალფეროვნება გსურთ, ამ შემთხვევაშიც მინიმალიზმისკენ გირჩევთ გადახრას და მაქსიმალურად სადა პრინტის შერჩევას.

განახლებული რბილი ავეჯი

როგორც წესი, რბილი ავეჯი და პუფები ოთახის მთავარი აქცენტებია. სასურველია ის მაქსიმალურად მსუბუქი და დახვეწილი ფორმის იყოს. თუ არ გაქვთ იმის საშუალება, რომ შეიძინოთ ახალი რბილი ავეჯი, შეგიძლიათ განაახლოთ ძველი, გადააკრათ ახალი შალითები, რა თქმა უნდა, ფერის გათვალისწინებით, რომელიც აბსოლუტურად უნდა ეხამებოდეს ფარდებს, ხალიჩას, კედლებსა და სხვა აქსესუარებს.

ჟურნალის მაგიდა საკუთარი ხელით

ბოლო დროს ჟურნალის მაგიდა სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და იგი ოთახის მთავარ აქცენტად არის ქცეული. ყველაზე უბრალო მასალით, ბებიის სკივრით ან ძველი ხის პალეტებით საკუთარი ხელით შეგიძლიათ შექმნათ ორიგინალური ჟურნალის მაგიდა.

თვალი მიადევნეთ სიახლეებს და შეიძინეთ ინტერნეტით
დიზაინერული ლარნაკების და სხვადასხვა სახის აქსესუარების ძალიან იაფად შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით, მთავარია თვალი მიადევნოთ სიახლეებს და თქვენთვის სასურველი მოდელი ინტერნეტითაც შეგიძლიათ მოძებნოთ და შეიძინოთ. ასე 10-ჯერ იაფად მაინც იყიდით ლამაზ და ორგინალურ ნივთს.

დაამატეთ განათება


სინათლე, სტილი და სიმყუდროვე ერთ მთლიანს ქმნის. სიმყუდროვის გარეშე კი მდიდრული სახლი წარმოუდგენელია. აი, რატომ არის საჭირო დამატებითი განათება, მაგიდის სანათები. ორიგინალური სანათების გაკეთება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი. ინტერნეტში საამისოდ უამრავი მასალა არსებობს.

ნახატები

21-ე საუკუნეში ხელოვნებით ტკბობა მხოლოდ კოლექციონერების პრეროგატივა აღარ არის. სასურველი პროდუქციის შესაძენად საჭიროა მხოლოდ ნახატის შერჩევა და მისი ტილოზე დაბეჭდვის შეკვეთა. ნახატი შეგიძლიათ საკუთარი ხელითაც დახატოთ, ინტერნეტში ამის ვიდეოგაკვეთილებიც მრავლად არის. ნახატები ინტერიერს ძალიან ახალისებს და დამატებით ხიბლს სძენს.

კომენტარის დამატება