„ყველაფერს, რაც ბუნებრივია, მეტი სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს“ - ინტერიერის დიზაინერის რჩევები

ეკოლოგიური მასალები, ბუნებრივთან მიახლოებული დაუმუშავებელი ფაქტურები, ნატურალური ქსოვილი, გამწვანება, ბუნებრივ ფერთა პალიტრა - 2022 წლის ინტერიერის დიზაინის ის ტენდენციებია, რომლებიც კარგად ასახავს ადამიანის ბუნებასთან სიახლოვის სურვილს, რაც ორწლიანმა პანდემიურმა ცხოვრებამ განაპირობა. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა მარიამ ბაშელეიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ ნიშნით შეგვიძლია ვისაუბროთ თანამედროვე ინტერიერის ტენდენციებზე.

- რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას და რომელია უფრო მოთხოვნადი?

- ძალიან მიყვარს სტილების შერევა, რაც ყოველთვის საინტერესო ეფექტს იძლევა. უკვე წლებია, ტრენდულია და არ კარგავს აქტუალობას ინდუსტრიული სტილი, მეც მომწონს, მაგრამ როდესაც ინდუსტრიულ სტილს ვაკეთებ,
მცირე კლასიკური ელემენტიც შემაქვს და მაშინვე ათბობს სივრცეს. მიმაჩნია, რომ ინდუსტრიული სტილის ცალკეული ელემენტები ბიუჯეტურიც შეიძლება აღმოჩნდეს.ამჟამად აქტუალურია ჩარჩოებდან გასვლა. დავუშვათ, ინტერიერი ისე შეიძლება გაკეთდეს, რომ ელექტროგაყვანილობა სულაც არ ჩასვა კედელში, ელექტროქსელები ისეა შეფუთული, სრულიად უსაფრთხოა და ვიზუალური თვალსაზრისით საინტერესო ეფექტი აქვს; ან თუნდაც დენის ჩამრთველები, რომლებიც ადრე კედელში უნდა ყოფილიყო დამალული – ახლა პირიქით, შეიძლება ისეთი აქტუალურ ფერი მივცეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი შექმნას და დიზაინის ნაწილად იქცეს.


- როდესაც ინდუსტრიულ სტილზე საუბრობდით, ბიუჯეტს შეეხეთ, ინტერიერზე მუშაობის დროს რა შემთხვევაში შეიძლება თანხის დაზოგვა?

- რა თქმა უნდა, კოლოსალურ დანაზოგს ვერ მოგვცემს, მაგრამ თუნდაც ბეტონის ჭერი, რომელსაც, შეიძლება საინტერესო სტრუქტურა აღმოაჩნდეს, მცირე დამუშავების შემდეგ შეგვიძლია დავტოვოთ, ან კედელი, რომლის ფაქტურაც მოგვეწონება, ეს კი უკვე ერთგვარი დანაზოგია. გარდა ამისა, ჩვენს ბაზარზე არის იმის საშუალება, რომ რაღაც ბიუჯეტური მასალა გამოიყენო და ინტერიერში ისე შემოიტანო, ეფექტურად გამოიყურებოდეს. თუნდაც, კედლის ქაღალდი. მაგრამ არის რაღაცები, რაზეც არაფრით არ უნდა დაზოგო. მაგალითად, აბაზანის ან სამზარეულოს ფილები, სადაც ცვეთა მეტია, ან გაყვანილობა, ან კარები და კიდევ არაერთი დეტალია, რაზეც არ ღირს დაზოგვა. განათებას რაც შეეხება, საქართველოში უკვე არსებობს ისეთი ბრენდები, რომლებიც აქ აწარმოებენ და ძვირად ღირებულ უცხოურ ბრენდებთან მიმსგავსებულ სანათებს ქმნიან - ამაზეც შეიძლება დაზოგვა და თანაც ქართულ ბიზნესსაც ვეხმარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.



- რომელ მასალასა თუ ფაქტურას ანიჭებთ უპირატესობას?

- რასაკვირველია, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ მასალას ალტერნატივა არ აქვს. დიდი ფუფუნებაა ხის იატაკი, რომელსაც ხშირად ვხვდებით ძველ ბინებში, და მაქსიმალურად ვცდილობ მის შენარჩუნებას.ლამინატს ვიყენებ უფრო იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტურია პროექტი და ნაკლები გვინდა დავხარჯოთ. ხის იატაკსა და ლამინატს შორის შეგვიძლია დავასახელოთ კერამოგრანიტის შესანიშნავი ნაწარმი, რომელიც ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა. შედარებით ნატურალურია და ფასიც ნაკლები აქვს. ხშირად ვიყენებ კერამოგრანიტის ფილებს და არა მხოლოდ აბაზანაში ან სამზარეულოში, მთელ სახლში, რადგან მეტად გამძლეა და მუშა. წარმატებით ვიყენებ აგურს, რადგან საინტერესო სტრუქტურა და ფორმა აქვს.

- რამდენად მნიშვნელოვანია განათება სახლის ინტერიერში?

- უმნიშვნელოვანესია. თუ გახსოვთ, ძველ საბჭოურ სახლებში მუდმივად გვაკლდა განათება, მაშინ ამას არ ექცეოდა დიდი ყურადღება. დღეს სხვაგვარადაა. როგორც კი ოთახის ზონირებას ვახდენ, მაშინვე ვიწყებ განათების დაგეგმვას, რომ ის უშუალოდ იქ იყოს, სადაც საჭიროა და იმ ინტენსივობით, რომლითაც მოცემულ ზონაში ვისარგებლებთ. განათებით შეიძლება ძალიან მყუდრო, ინტიმური გარემოს შექმნა, თუ რაღაც დროს მეტი აქტიურობა გჭირდება, უფრო ინტენსიურ შუქს იყენებ და თითქოს მეტი ენერგია ჩნდება.



- დეკორატიულ ნივთებს თუ იყენებთ?

- დიახ, საკმაოდ ხშირად. ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა ინტერიერში ქანდაკების შეტანა, რომელსაც ესთეტიკური დატვირთვითაც იყენებენ და კონცეპტუალურადაც, რაც მეტად საინტერესოს ხდის სივრცეს. გარდა ამისა, ყველას გვაქვს მშობლების, ბებიების, ბაბუების ნაჩუქარი საყვარელი ნივთი ან სუვენირი, რომელიც რაღაც კონკრეტულს გვახსენებს, სწორედ ამგვარი ნივთები იქცევა ინტერიერის ნაწილად.

- რა შეცვალა პანდემიამ სახლის ინტერიერში?

- უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ადამიანები გაცილებით მეტ დროს ატარებენ სახლში, სწორედ ამიტომ, საცხოვრებელი კიდევ უფრო მოსახერხებელი და კომფორტული უნდა იყოს. ბევრმა დისტანციურად, შინ დაიწყო მუშაობა, რაც სამუშაო სივრცის აუცილებლობას წარმოქმნის. რადგან ადამიანები დიდ დროს ატარებენ სახლში, კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო უნდა იყოს ყველაფერი, თუნდაც ფერები. ინტერიერი არ უნდა იყოს მომაბეზრებელი და არც თამამი, რომ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. ბალანსიც მნიშვნელოვანია. აქტუალური გახდა გამწვანება. ყველაფერს, რაც ბუნებრივია, მეტი სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს. ზოგადად, მწვანე ისედაც გამშვიდებს, ჰარმონიული ფერია და ამიტომ უხდება აბსოლუტურად ყველა ინტერიერს, არ აქვს მნიშვნელობა, რა სტილზე ვსაუბრობთ.



- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მკითხველს, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ინტერიერზე მუშაობას?

- სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ფუფუნება, რომ დიზაინერი დაიქირავოს, ამ შემთხვევაში სხვისი ნამუშევრების ნახვას ვურჩევ, თუნდაც ინტერნეტში. სასურველია კონკრეტულად ჩამოყალიბდნენ სურვილებში, შემდგომ შეეცადონ მთელი სივრცის ერთიანად გადააზრებას და გადავიდნენ დეტალურ დაგეგმვაზე - სად რა უნდათ, რომ განათავსონ. თუკი ერთიანი რემონტის გაკეთების საშუალება არ აქვთ, ყოველთვის შეუძლიათ რაღაცის გაახლება საკუთარი ხელით. მაგალითად, ჩემთან სახლში, რაღაცის გადაკეთება გვინდოდა, კედლის ნგრევის დროს ისეთი ლამაზი აგური გამოჩნდა, დავტოვეთ და ეფექტური გამოვიდა. ყველას აქვს შინ რაღაც კარადები, რომელიც ჩაშენებულია, შეიძლება, ეს კარადები გაახლდეს, ფუნქციური მნიშვნელობა დარჩეს, თუმცა შეიღებოს და ახალი სახე მიეცეს. ინტერიერზე მუშაობა ძალიან ცოცხალი პროცესია და ამ პროცესში, ყოველთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩენების გაკეთება.

თეა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები