10 ტაბუ პატარა ოთახისთვის – რა არ უნდა გააკეთოთ!

პატარა ზომის ოთახში ყველა ნივთს გარკვეული ფუნქცია და დატვირთვა უნდა მივანიჭოთ. დაიმახსოვრეთ, ზედმეტი ნივთი ან თუნდაც აქსესუარი პატარა სივრცეს კიდევ უფრო დააპატარავებს. შევეცდებით დაგეხმაროთ და შემოგთავაზებთ იმ ნივთების სიას, რომლებზეც აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ, თუ გვინდა რომ ოთახი უფრო დიდი გამოჩნდეს. ფოტოებზე ხელმარცხნივ არის ის, როგორიც უნდა იყოს ინტერიერი და მარჯვნივ ის, როგორიც არ უნდა იყოს. 

1. დიდი ზომის ჭაღი
დიდი ზომის კლასიკური დიზაინის ლამაზი ჭაღი ოთახს ამშვენებს, გეთანხმებით, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ოთახი მცირე ზომის არის. უნდა იცოდეთ, რომ დიდი ზომის ჭაღი უბრალოდ

ჭამს თქვენს ძვირფას სივრცეს. გამოიყენეთ ისეთი სანათი, რომლიც მთელ პერიმეტრზე იქნება შერწყმული ჭერთან (ფოტოზე მაცხნივ). ეს თქვენს ოთახს უფრო ფართეს და კომფორტულს გამოაჩენს.


2. მუქი ფერები
უარი თქვით მუქ ფერებზე, ის სივრცეს შთანთქავს. მუქ ფერებში გადაწყვეტილი ოთახი მძიმედ და არაკომფორტულად გამოიყურება. აქცენტი პასტელის და ღია ფერებზე გააკეთეთ. რაც შეეხება ავეჯს, ეცადეთ ის ღია, რძისფერ ტონებში შეარჩიოთ. ინტერიერის გაღიავება აქსესუარების ხარჯზეც შეიძლება, ეცადეთ შეცვალოთ ფარდები და ნოხი, მიმოფანტოთ ღია ფერის დეკორატიული ბალიშები.


3. მრავალდონიანი ჭერი
მრავალდონიანი ჭერი ლამაზად და მორგებულად გამოიყურება დიდ ოთახში, რაც შეეხება პატარა ოთახს, ამ შემთხვევაში მრავალდონიანი ჭერი აბსოლუტურად არ გამოგადგებათ. აქცენტი სწორ ჭერზე გააკეთეთ. ეს შეიძლება იყოს იდეალურად გასწორებული ზედაპირი ან შეკიდული კონსტრუქცია. პირველ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ იდელურ კლასიკურ გარემოს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ძალიან კარგ განათებას.


4. მასიური ავეჯი
ალბათ არავინ შეგვედავება იმაში, რომ მასიური ინგლისური სამეული და ანტიკვარული კომოდი ძალიან ეფექტურია დიდი ზომის ოთახში. რაც შეეხება მცირე გაბარიტების ფართობს, ამ შემთხვევაში დიდი ზომის ავეჯი უბრალოდ შეუსაბამო იქნება ინტერიერთან. მით უმეტეს, ”კედელი” (ე.წ. სტენკა) და ტყავის დიდი სამეული. შეგიძლიათ, გამოიყენიოთ მსუბუქი კონსტრუქციის სკამები და შუშის ჟურნალის მაგიდა. გამოიყენეთ ავეჯი, რომელიც ჩამონტაჟებული იქნება კედლებში, სარკეები - ამ შემთხვევაში თქვენი კვადრატები კიდევ უფრო გაიზრდება.


5. ტიხრები
კარგად დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ ცხოვრობთ ერთოთახიან ბინაში, უარი თქვით ტიხრებზე. პატარა ოთახისთვის იდეალური ვარიანტია სტუდიოს სტილი. ასე ოთახი ბევრად ფართო გამოჩნდება და სიმყუდროვესაც შეიძენს.
თუ ადგილის გამოყოფა აუცილებელია, გასაქანი მიეცით ფანტაზიას, მაგალითად, საწერი მაგიდის დასადგმელად საკმარისია ფანჯარასთან პატარა საფეხურის გაკეთება და მაგიდის იქ მოთავსება, ეს ადგილი თან გამოყოფილი იქნება ერთიანი სივრციდან და არც ტიხრები მოგხვდებათ თვალში. თუ ერთი ოთახის ორი ბავშვისთვის მოწყობა გინდათ, თან ერთი ბიჭია და მეორე გოგონა, საკმარისია ორი კედელი სხვადასხვაფრად შეღებოთ.


6. მასიური კარები
უარი თქვით მუქი ფერის კარებზე. უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის ტონებს. შეგიძლიათ შეარჩიოთ მინის კარი, ეს ძალიან მოუხდება მცირე ზომის ფართობს, უფრო მეტ სინათლეს და სინაზეს შემატებს მას.
ასევე შესაძლებელია საერთოდ უარი თქვათ კარებზე, მის ნაცვლად კი თაღი გააკათოთ. მოკლედ, ეს უკვე გემოვნების საკითხია.


7. დიდი ზომის ნახატი და ჩუქურთმები
კედელზე დიდი ზომის ნახატი კარგი დიზაინერული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სივრცე იძლევა ამის საშუალებას. თუ თქვენი ოთახი მცირე ზომის არის აქცენტი ისევ სისადავეზე უნდა გაკეთდეს. თუ მაინცდამაინც ნახატი და ჩუქურთმები გნებავთ ოთახში, გირჩევთ ის ოთახის მხოლოდ ერთ კედელზე განათავსოთ, მაგალითად, საწოლის თავთან, სამეული კი სადა შეარჩიოთ.


8. სამ ფერზე მეტის გამოყენება
ფრთხილად იყავით ფერთა გამის შერჩევის დროს. ეცადეთ, სამ ფერზე მეტი არ გამოიყენოთ (სამი ფერი თავისი ტონალობებით - ეს ცნობილი სამი ფერის პრინციპია, რომელიც ინტერიერში არ უნდა დაირღვას). ეცადეთ, კონტრასტი რაც შეიძლება მინიმალური იყოს. აქცენტი ნეიტრალურ ფერებზე გააკეთეთ.


9. აქსესუარების სიმრავლე
ეს ის არის, რასაც საბოლოოდ უნდა დაემშვიდობოს ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ერთოთახიან ან პატარა ბინაში. ამ დროს უნდა იფიქროთ მხოლოდ იმაზე, როგორ შეიძლება გააფართოოთ თქვენი სივრცე.


10. სქელი ფარდები
სქელი ფარდების ადგილი პატარა ბინაში არ არის. სქელი ფარდები კიდევ ერთი კედლის შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს კი თქვენ არ გაწყობთ. გირჩევთ გამოიყენოთ ფანჯარაზე წული ან ღია ფერდის ჟალუზები. ეს ოთახს მეტ სინათლეს შესძენს.

კომენტარები

თქვენი ერთგული მკითხ 2015-11-18 23:30
ჟურნალის მომდევნო ნომერში ველი სტატიებს სახლის დიზაინის სხვადასხვა სტილზე.
adamiani 2015-11-17 16:51
!!!!!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები