მეფის ნაქონი ლარნაკი და სხვა უნიკალური ნივთები თბილისელი კოლექციონერის სახლიდან

თბილისში მცხოვრები მარინა გურგენიძე უნიკალური კოლექციის მფლობელია. მის კოლექციაში შედის დიდი მხატვრების ორიგინალური ნამუშევრები. მათ შორის ილია ჭავჭავაძის პირველი სიყვარულის, ნატო გაბუნიას პორტრეტი. აქვს პირველი კლასის ევროპელი მხატვრის შედევრიც, რომლის ვინაობის გამხელას ჯერჯერობით ერიდება. ამჯერად მარინა გურგენიძე კოლექციის იმ ნივთებზე გვესაუბრება, რომლებიც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. 
-  მაქვს ნიკოლოზ მეორის სახილე, რომლის სიმაღლე 33 სანტიმეტრი, დიამეტრიც კი 40 სანტიმეტრია. ნიკოლოზ მეორის სამეფო გვირგვინი რამდენიმე ადგილზე აქვს გამოსახული. უნიკალური, თეთრი და ძალიან ელეგანტური სახილეა... პეტერბურგში შევიძინე, სადაც მხოლოდ არისტოკრატების ნაქონი ნივთები ბარდებოდა.

მაღაზიაში სახილეს რომ ვიძენდი, იქ მითხრეს, რომ ნიკოლოზ მეორე თავად მიირთმევდა ამ სახილედანო... ანტიკვარების შეძენის სიყვარული ბავშვობიდან მქონდა და მთელი ცხოვრება ვიძენდი, თუ რამ სანტერესო შემხვდებოდა. თბილისში ადრე ბევრი იყო ანტიკვარების შეძენით გატაცებული და საოცარი ნოვთებიც ჰქონდათ, მაგრამ გაჭირვების წლებში უმეტესობამ ყველაფერი გაყიდა... სამწუხაროდ მე არასოდეს მქონია ფაბერჟე, მაგრამ ბევრს ჰქონდა. დღეს ფაბერჟე ძალიან ცოტაა შემორჩენილი...
-  თქვენს ვერცხლის შანდლებზე რას გვეტყოდით?
-  ვერცხლის შანდლები კილონახევარს იწონის. ასეთი შანდლები დიდ იშვიათობას წარმოადგეს. საქართველოში მაქვს შეძენილი ერთ-ერთი ოჯახიდან. რუსულია და თანამედროვე მდიდარმა რუსებმა დიდი ხანია შეძენა დაიწყეს, ამიტომაც რაც კი საქართველოში იყო შემოტანილი, ისევ რუსეთში გაიტანეს...

 

ჩემს კოლექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საათი, რომელზეც ახლა გიამბობთ: ნიკოლოზ მეორის კარზე მსახურობდა პაველ ბურე, რომელსაც საათების დამზადებას უკვეთავდნენ. საათი, რომელიც მე მაქვს ეტყობა ნიკოლოზ მეორემ ისეთი პიროვნებისთვის დაუკვეთა, რომელმაც დიდ ბრძოლებში გაიმარჯვა. მისი სახელი და გვარი საათს ზევიდან აწერია - ნიკიტა ალექსეევიჩ ბოგდანოვ.სახელს და გვარს გვერდით ახლავს ფოტო. ეს საათი დღეს შედევრია.
პაველ ბურეს შვილიშვილი ჰოკეისტია, მოსკოვში ცხოვრობს და როგორც მითხრეს, დაინტერესებულია პაპის დამზადებული საათები შეიძინოს. სამწუხაროდ, არ ვიცი როგორ მივაწოდო, თორემ სიამოვნებით გავუგზავნიდი ამ საათს.

ქალბატონი მარინას კოლექციაშია გიგო გაბაშვილისა და მისი მოწაფის, ვლადიმერ ცაგარელის 65 ნამუშევარი ინახება. ცაგარელმა 1923 წელს დახატა 'ბაგრატის ტაძარი", იმ პერიოდის ბაგრატის ტაძარზე ინფორმაცია არ მოიპოვება და ეს ნახატი, ფაქტობრივად, ისტორიული მტკიცებულებაა. ასევე აღმოჩენაა ნახატი "მაიაკოვსკის სახლი ბაღდათში", სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ეს სახლი არსად დაფიქსირებულა, გარდა ცაგარელის ნახატისა, ამიტომაც უნიკალურია. ცაგარელის ნამუშევრები არასოდეს გამოფენილა. კოლექციაშია ილია ჭავჭავაძის პირველი სიყვარულის – ნატო გაბუნიას პორტრეტიც, რომელიც, სავარაუდოდ, რუსი მხატვრის ნამუშევარია.

კოლექციაში განსაკუთრებულია გიორგი (ჟორა) ხალატოვის უნიკალური ნამუშევარი, რომელზეც ამბობენ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილია გამოსახული. ხალატოვი ეროვნებით ქურთი გახლდათ. მან დახატა, როგორ ხვდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილს გლეხები. ეს უნიკალური, ორმეტრიანი ნახატი უმაღლესი დონის ნამუშევარია...

მანანა გაბრიჭიძე

ვინ ყიდულობს საქართველოში ანტიკვარულ ნივთებს და როგორ უნდა მიხვდეთ, გაქვთ თუ არა სახლში ანტიკვარი

ირმა ნიორაძის ”ანტიკვარული” სახლი პეტერბურგში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები